The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ალექსანდრე სოლომონის ძე ხახანაშვილი

ალექსანდრე სოლომონის ძე ხახანაშვილი
სხვა სახელი:ს. პავლიაშვილი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:3 იანვარი, 1864
გარდაცვ. თარიღი:7 აგვისტო, 1912  (48 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
კატეგორია:არქეოლოგი, ისტორიკოსი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

     ალექსანდრე ხახანაშვილი დაიბადა 1864 წელს გორში სასულიერო პირის სოლომონ ხახანაშვილის ოჯახში.  1884 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის გიმნაზია და სახელმწიფო ხარჯზე  სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ–ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, სადაც იმთავითვე მიიქცია პროფესორ–მასწავლებელთა ყურადღება და 1888 წელს, კანდიდატის ხარისხით, უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, იქვე დატოვეს პროფესორობისთვის მოსამზადებლად.

     1889 წლიდან ხახანაშვილი ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში   პრივატ–დოცენტის ხარისხში ქართულ ენასა და ლიტერატურაში ლექციებს კითხულობდა, ხოლო 1900 წლიდან მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტში მოღვაწეობდა.

      1894 წლიდან ალექსანდრე ხახანაშვილი იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრი და მან მთელი თავისი ქონება, 40 ათას მანეთზე მეტი, შესწირა ამ საზოგადოებას. ხახანაშვილი იყო სხვადასხვა სამეცნიერო საზოგადოების წევრი: "მოსკოვის საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების" ჯერ წევრ–კორესპონდენტი, ხოლო შემდეგ ნამდვილი წევრი, "რუსეთის ისტორიისა და სიძველეების მოყვარულთა საიმპერატორო საზოგადოების" წევრი, "საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების" ნამდვილი წევრი და "რუსული სიტყვიერების მოყვარულთა საზოგადოების" წევრი. მონაწილეობდა ორიენტალისტთა საერთასორისო კონგრესების მუშაობაში ჟენევასა და პარიზში.

    1911 წელს მისი ინიციატივითა და მატერიალური დახმარებით, მოსკოვში ჩამოყალიბდა "ქართული მეცნიერების, ხელოვნებისა და ლიტერატურის შემსწავლელი საზოგადოება". ალექსანდრე ხახანაშვილი იკვლევდა ძველი და შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიას, მის სოციალურ–ეკონომიკურ პრობლემებს. ქართულ ფეოდალიზმს სწავლობდა რუსულ და ევროპულ ფეოდალიზმთან მიმართებაში. ის გამოსცემდა და თარგმნიდა უცხო ენებზე ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლებს.

    1900 წელს პარიზის საერთაშორისო გამოფენის გახსნასთან დაკავშირებით ფრანგულ ენაზე გამოქვეყნდა ალექსანდრე ხახანაშვილის "საქართველოს ისტორია". ქართულ დიპლომატიკაში განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი კრებულები: "გურჯები" და "ქართული სათავადაზნაურო აქტები და საგვარეულო ნუსხები".

      ალექსანდრე ხახანაშვილმა შექმნა ქართული ლიტერატურის ისტორიის პირველი სისტემური კურსი (უძველესი დროიდან XIX საუკუნის ჩათვლით) ნაშრომით "Очерки по истории грузинской словестности", რომელიც  4 ტომად დაიბეჭდა და  რითაც ქართული მწერლობის მონაპოვარი მსოფლიო სარბიელზე გაიტანა. მოამზადა და დაბეჭდა “ქართული სიტყვიერების ისტორია” რუსულ ენაზე. დიდია მისი წვლილი ქართული ხალხური სიტყვიერების კვლევა–ძიებისა და გამოცემის საქმეში. ქართულ სიძველეთა შესწავლისა და თავმოყრის მიზნით მან ბევრი იმოგზაურა როგორც საქართველოში, ასევე იტალიაში, ინგლისსა და საფრანგეთში. მისი ინიციატივით გამოქვეყნდა ქართული ზღაპრები ორ წიგნად, მან პირველმა გამოსცა "შუშანიკის წამება" ("Материалы по грузинской агиологии", Москва, 1910 г.),  „ბალავარიანი“, "ბაგრატ ტავრომენელის ცხოვრება", "ნიკოდომოსის აპოკრიფული სახარება",  ეფთვიმე ათონელის "მცირე რჯულის კანონი", იოანე მმარხველის კანონები და სხვა.

      ალექსანდრე ხახანაშვილს ქართულ, რუსულ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე გამოცემული აქვს 80–მდე ნაშრომი საქართველოს ისტორიის, ლიტერატურისა და ეთნოგრაფიის საკითხებზე.

    ალექსანდრე ხახანაშვილს განსაკუთრებით დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართულ ხელნაწერთა მოპოვებისა და შესწავლის საქმეში. 1902 წელს მეცნიერმა იმოგზაურა ათონზე და იქ დაცული ბიბლიის ხელნაწერის შესახებ მოხსენება წაიკითხა  1903 წელს ხარკოვში არქეოლოგთა XII ყრილობაზე, რომელიც იმავე წელს დაიბეჭდა “საღვთისმეტყველო მოამბე”-ში. ხახანაშვილის აღწერილია  ბრიტანეთის მუზეუმში დაცული ქართული ხელნაწერები.  

     ალექსანდრე ხახანაშვილმა სვანეთში, სოფელ იფარში ნახა ცნობილი ჰაემეტი პალიმფსესტი, რომლის მოკლე აღწერილობა მოსკოვში 1904 წელს გამოაქვეყნა. მის სახელთანაა დაკავშირებული აგრეთვე ხანმეტი "მრავალთავი". მას დამსახურება მიუძღვის ადიშის ოთხთავის ფოტოტიპიური გამოცემის მომზადებაშიც, რომელიც განახორციელა მოსკოვის საარქეოლოგიო საზოგადოებამ. გამოცემის ხელმძღვანელობა თავდაპირველად ევალებოდა ალექსანდრე ხახანაშვილს, მაგრამ იგი ნაადრევად გარდაიცვალა და წამოწყებული საქმე 1916 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა დაამთავრა. ალექსანდრე ხახანაშვილი გარდაიცვალა 1912 წელს და დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

     1967 წლის 25 მაისიდან მეცნიერის პირადი არქივი, რომელიც 882 საარქივი საქმეს შეიცავს,  დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1894-1907)

გააზიარე: