The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



პიმენ კონსტანტინეს ძე მიქელაძე

პიმენ კონსტანტინეს ძე მიქელაძე
ოფიციალური სახელი:პიპინია კონსტანტინეს ძე მიქელაძე
დაბადების თარიღი:1869
გარდაცვ. თარიღი:1955  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    პიმენ მიქელაძე  დაიბადა 1869 წელს ქუთაისში, კონსტანტინე მიქელაძისა და ეკატერინე ლორთქიფანიძის ოჯახში.  მიუხედავად იმისა, რომ მას უმაღლესი განათლება არ მიუღია, უზომოდ ნაკითხი და განსწავლული პიროვნება გახლდათ. ქალაქში, სადაც არავის არ უნდა უკვირდეს კარგი თამადა, ენამოსწრებულობისა და გონებამახვილობის წყალობით, პიპინია მაინც ყველასათვის საყვარელი და გამორჩეული სუფრის ხელმძღვანელი და სიტყვის მთქმელი იყო. პიპინიას  ფოტოარქივისა და ჩანაწერების დიდი ნაწილი სოხუმში დარჩა, ვინაიდან ომის შემდეგ მისი დაბრუნება ვერ მოხერხდა. ეს სამწუხარო ფაქტია, რადგან ამ გამორჩეულ ადამიანს ურთიერთობა ჰქონდა ქართული ინტელიგენციის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლებთან, როგორებიც იყვნენ: პაოლო იაშვილი, გალაკტიონ ტაბიძე, აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, კირილე ლორთქიფანიძე, შალვა დადიანი, გიორგი ლეონიძე და მრავალი სხვა.

    პიპინია გამოირჩეოდა მუსიკალური ნიჭითა და მჭერმეტყველებით, რომელთა წყალობითაც საკმაოდ სახელგანთქმული გახდა. სავსებით ახალგაზრდა ყმაწვილი პიპინია (26-27 წლის) ილია ჭავჭავაძემ ილიაობაზე თამადად საგურამოში მიიწვია.  ალბათ, საინტერესოა, უდიდესმა მოღვაწემ ქუთაისის კოლორიტული პიროვნების შესახებ საიდან გაიგო: 1896 წელს იმერეთის მთავარეპისკოპოსი, გაბრიელ ქიქოძე გარდაიცვალა. ანდერძის მიხედვით, ის გელათის ეზოში უნდა დაეკრძალათ, მაგრამ დიდთოვლობის გამო ეს ცერემონია გადაიდო. ამბობდნენ, საქართველოს გამორჩეულმა ინტელიგენციამ ქუთაისში მოეყარა თავი, რომელთა შორის ილიაც იყო.   ილია კი მიიწვიეს, ყველგან თამადად პიპინია დაუხვდა. ილიამ  ქუთაისის ინტელიგენციის მიერ გამართულ დიდ ვახშამზე ჭაბუკს სთხოვა, რომ მომავალ ილიაობაზე ის უნდა ყოფილიყო სუფრის ხელმძღვანელი. პიპინია შეცბუნებულა, რადგან იცოდა, რომ საგურამოში გრიგოლ ორბელიანი და რაფიელ ერისთავი უძღვებოდნენ სუფრას და მათთან თავის გამოჩენას დიდი გამბედაობა სჭირდებოდა. საბოლოოდ, ილიამ დაითანხმა პიპინია.  რამდენიმე რჩეულ მეგობართან ერთად თეთრ ჩოხაში გამოწყობილი ახალგაზრდა საგურამოს გაემგზავრა, სადაც მასპინძელს უდიდესი სიხარულითა და პატივისცემით მიუღია. ახალბედა თამადა ღელავდა, რადგან ეზოში უამრავი ადამიანი ირეოდა და დაინტერესდა, თუ რამდენი კაცისთვის უნდა ეთამადა. ილიამ ასე, ათას ხუთასი-ათას ექვსასიო, მაგრამ, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, იქ ორიათასამდე კაცი მობრძანებულა. ილიასაც არ დაუშალა გონებამახვილობამ და ღიმილით უპასუხა: ,,ჩემო პიპინია, თაფლი იყოს, თორემ ბუზი თეირანიდანაც კი ჩამოვაო“. 

    პიპინია ყურადღებიანი და ერთგული მეუღლე, მოსიყვარულე და ალერსიანი მამა ყოფილა.  ბოლოს მან ოთხმოცდაოთხი წლის ასაკში იროდიონ ერემეიშვილის ქორწილში ითამადა, ხოლო ორი წლის შემდეგ, 1955 წელს ოთხმოცდაექვსი წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ამ ქვეყნიდან წასვლამ ყველას გული დასწყვიტა. ინტელიგენციის წარმომადგენლებმა ოჯახს სამძიმრის წერილები გაუგზავნეს. მათ შორის იყო შალვა დადიანისა და გალაკტიონის წერილები, რომელთა ბედიც დღემდე გაურკვეველია.
    "განა მართლა ასე არ უძლებს დრო-ჟამის ნაცარს პიპინია მიქელაძის ჯავარიანი სიტყვა?"

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1913-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: