The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ამბროსი ხელაია (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)

ამბროსი ხელაია
Legal name:ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია
Other name:ამბერი  (Pseudonym)
Date of birth:7 September, 1861
Date of death:29 March, 1927  (at 65 years)
Burial location:თბილისი, სიონის საკათედრო ტაძარი
Category:Scientist, Religious leader

Biography

       უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ხელაია) დაიბადა 1861 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ მარტვილში, ილორის ეკლესიის მღვდელ ზოსიმე ხელაიას ოჯახში. დაწყებითი განათლება სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მიიღო, შემდეგ სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამ პერიოდში დაოჯახდა, 1887 წელს სოხუმის ეპისკოპოსმა მღვდლად აკურთხა. მსახურობდა სოჭში, სოხუმში, ახალ ათონსა და ლიხნში.  იყო აგრეთვე სოხუმის, ახალი ათონისა და ლიხნის საეკლესიო-სამრევლო სკოლების ზედამხედველი და ქართული ენის მასწავლებელი. ებრძოდა ცარიზმის რუსიფიკატორულ და შოვინისტურ პოლიტიკას აფხაზეთში, პრესაში ილაშქრებდა იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც აფხაზებს ქართველთა სიძულვილს უნერგავდნენ და დევნიდნენ ქართულ ენას.

     მღვდელი ამბროსი 1896 წელს დაქვრივდა. მისი მეუღლე კესარია მერჩულე, მშობიარობას გადაყვა, მამა ამბროსის დარჩა სამი შვილი, რომლებიც გვერდიდან არ მოუშორებია. თან ჰყავდა ყაზანში სწავლისას და გადასახლების დროსაც კი. 1897 წელს, 36 წლის ასაკში, მამა ამბროსი ყაზანის სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხა. მისმა საკანდიდატო დისერტაციამ "ქრისტიანობის ბრძოლა ისლამთან საქართველოში", ისეთი ყურადღება დაიმსახურა, რომ პროფესორმა სთხოვა, შეევსო ზოგიერთი თავი და მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად წარედგინა. ამბროსი ხელაია იქვე, ყაზანში აღიკვეცა ბერად და 1902 წელს არქიმანდრიტის ხარისხშიც აიყვანეს. მალე საქართველოში დაბრუნდა და ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.   

     არქიმანდრიტმა ამბროსიმ დიდად იღვაწა ჭელიშის მონასტრის აღორძინებისთვის. აქ აღმოაჩინა "მოქცევაჲ ქართლისაჲს" ე.წ. ჭელიშური ხელნაწერი, აგრეთვე წმიდა სახარება, შემდგომში "ჭელიშის ოთხთავის" სახელით ცნობილი. აი, ერთი იმდროინდელი ჩანაწერი: "მამა ამბროსი წელიწადი არ არის, რაც აქ წინამძღვრად გამოამწესეს, მაგრამ ღვთისა და კაცის მოყვარე ადამიანისთვის ეს დროც საკმაო ყოფილა, რომ წრფელი გულით შეეყვარებინა ხალხს. "ღვთის ენა-პირი ასხიაო.... ჯერ მაგისთანა არავინ მოსულა და არც მაგ დალოცვილისთანა ქადაგება გაგვიგონიაო" – ამბობდნენ იქაურები.

      1904 წელს არქიმანდრიტი ამბროსი თბილისში სინოდური კანტორის წევრად და ფერისცვალების მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. იგი იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის, რის გამოც 1905 წელს რუსეთში გადაასახლეს, 1908 წელს - ახალი ბრალდება წაუყენეს, თითქოს ეგზარქოს ნიკონის სიკვდილში მიეღოს მონაწილეობა. 1911 წელს გაამართლეს, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლის უფლება მაინც არ მისცეს.  საქართველოში იგი მხოლოდ 1917 წლის აგვისტოში დაბრუნდა.

      არქიმანდრიტი ამბროსი კენჭს იყრიდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ ადგილობრივ კრებაზე  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად, თუმცა მალევე მოხსნა თავისი კანდიდატურა. 1917 წლის 17 სექტემბერს იგი აიყვანეს მიტროპოლიტის ხარისხში და იყო ჯერ ჭყონდიდის, შემდეგ აფხაზეთისა და სოხუმის მიტროპოლიტი. 1921 წლის მესამე საეკლესიო კრებაზე არჩეულ იქნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად, ხოლო ინთრონიზაცია 1921 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობა დღეს ჩატარდა.

    ამბროსი ხელაია ეწეოდა მეცნიერულ მუშაობას. იგი იკვლევდა ქართულ ისტორიულ ძეგლებს. პეტერბურგის "უწყებებში" და ქართულ პერიოდულ პრესაში "ამბერი"-ს ფსევდონიმით აქვეყნებდა წერილებს საქართველოს პოლიტიკური, კულტურული და საეკლესიო წარსულის და მიმდინარე ვითარების შესახებ. საყურადღებოა მისი "მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში", რომელიც ჟურნალებში "განთიადი" და "ცხოვრება" დაიბეჭდა. აღმოაჩინა "მოქცევაჲ ქართლისაჲს" ჭელიშური ვარიანტი, რომლის შესახებ მოხსენება წაიკითხა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების სხდომაზე. იგი ამ საზოგადოების საპატიო წევრი ბრძანდებოდა.  1906 წლიდან არქიმანდრიტი ამბროსი "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი იყო და აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოების მუშაობაში.

     საქართველოს გასაბჭოებიდან ძალიან მოკლე დროში ეკლესიის დევნის, ქართული ენის უფლებების შეზღუდვისა და ისტორიული მიწების სხვათა განკარგულებაში გადაცემის გამო პატრიარქი დოკუმენტებს აგზავნის ხელისუფლების სხვადასხვა ინსტანციაში, მაგრამ უშედეგოდ. 1922 წელს იგი მოწოდებას აგზავნის გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე. "ერს უგმობენ და ართმევენ მშობლიურ ენას, უბილწავენ ეროვნულ კულტურას, დასასრულს, მას უბღალავენ წმიდათაწმიდას, სარწმუნოებრივ გრძნობას" - ამბობდა კათოლიკოსი მემორანდუმში და ქართველი ერის სახელით საქართველოდან წითელი ჯარის გაყვანასა და რეფერენდუმის მოწყობას ითხოვდა. რასაკვირველია, პატრიარქის მიმართვა პოლიტიკური რეაგირების გარეშე დარჩა და შესაბამისად გაძლიერდა მისი დევნა.  1922 წელს კათოლიკოს-პატრიარქი და საკათალიკოსო საბჭოს 9 წევრს დააპატიმრეს. არცერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობდა. კათოლიკოს-პატრიარქის განაჩენი სიკვდილით დასჯას ითვალიწინებდა, მაგრამ მხცოვანი ასაკის გამო მიუსაჯეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა სასტიკი იზოლაციით და მთელი ქონების კონფისკაციით. ციხეში ყოფნისას მის შვილებს რამდენჯერმე მიეცათ მამის მონახულების საშუალება. ისინი იგონებდნენ, რომ კათოლიკოსი მათ ყოველთვის მხნედ და მშვიდად ხვდებოდა, თითქოს არაფერი აწუხებდა. თუ რამდენად მძიმე იყო პატიმრობის პერიოდი, იქიდანაც ჩანს, რომ მას მოსთხოვეს, თავისი ნებით გადამდგარიყო პატრიარქობიდან, რაზედ უარი თქვა.

     1924 წლის დამლევამდე იმყოფებოდა იგი მეტეხის ციხეში. 1924 წლის ბოლოს გამოცემული ამინისტიით კათოლიკოსს სასჯელი მოუხსნეს და გაანთავისუფლეს. მას ეკუთვნის პატიმრობის დროს წარმოთქმული ცნობილი სიტყვები: "ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალებო!"

     კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის პირადი არქივი, რომელიც მის ქადაგებებს, მიმოწერასა და შემოქმედებით საქმიანობას ასახავს, დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდში.

     კათოლიკოს–პატრიარქი გარდაიცვალა 1927 წლის 29 მარტს და განისვენებს თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში.

     1995 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა წმინდა მღვდელმთავარ ამბროსი აღმსარებლის სახელით.

Member of Organizations

  • საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, საზოგადოების საპატიო წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1906-1908)

Share: