The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ექვთიმე ივანეს ძე ხელაძე

ექვთიმე ივანეს ძე ხელაძე
დაბადების თარიღი:1846
გარდაცვ. თარიღი:22 დეკემბერი, 1905  (59 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, წმინდა ნინოს სახელობის კუკიის სასაფლაო
კატეგორია:გამომცემელი, მესტამბე

ბიოგრაფია

   ექვთიმე ხელაძე დაიბადა 1846 წელს გურიის სოფელ მამათში მღვდლის, ივანე ხელაძის ოჯახში. 13 წლის ასაკში ექვთიმე ჯუმათის მონასტერში მიაბარეს, სადაც ქართული საეკლესიო წიგნების კითხვას სწავლობდა.

    1859 წელს მონასტრის სკოლიდამ ოზურგეთის ორკლასიან სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, რომელიც 1863 წელს დაამთავრა და ქუთაისის ოთხკლასიან სასწავლებელში გააგრძელა სწავლა, სადაც ზედამხედველი გახლდათ ღვაწლმოსილი საზოგადო მოღვაწე გერასიმე კალანდარაშვილი, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ექვთიმეს შემდეგ ცხოვრებაზე. გარდა სასწავლო პროგრამისა გერასიმე ბავშვებს ქართულ ჟურნალ-გაზეთებს და მათი ბეჭდვის ისტორიასაც უხსნიდა და ექვთიმეს ბეჭდვის სიყვარული სკოლის ასაკიდანვე  ჩაუნერგა.

    1866 წელს ექვთიმემ სკოლის დამთავრების მოწმობა აიღო და თბილისში გამოემგზავრა, რათა რომელიმე სტამბაში შეგირდად მისულიყო და მართლაც, 1866 წელს ასოთამწყობად დაიწყო მუშაობა „ცისკრის“ სტამბაში, სადაც რედაქტორი გახლდათ ივანე კერესელიძე. ქართული კითხვის კარგად მცოდნე ექვთიმემ სტამბის საქმეს მალე აუღო ალღო. იგი ნომერს აწყობდა კიდეც და ბეჭდავდა კიდევ, ხანდახან დამტარებლადაც მუშაობდა. ივანე კერესელიძე მას ბოლომდე ენდობოდა. იმ პერიოდში ქართველ მკითხველთა საზოგადოება მეტად მცირე იყო და ნელ-ნელა „ცისკარსაც“ გამოცემის განსაცდელი დაუდგა.

    1870 წლიდან ექვთიმე იძულებული გახდა სტეფანე მელიქიშვილის და ამხანაგობის სტამბაში გადასულიყო სამუშაოდ, სადაც გაზეთი „დროება“ ეწყობოდა. „დროების" თანამშრომლები იყვნენ იმ დროის გამოჩენილი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები. ექვთიმე სტამბაში აკეთებდა ყველაფერს. ყველა გამოცემას იგი აწყობდა და თან სასტამბო საქმესაც ანვითარებდა. ექვთიმეს ყველა აფასებდა და პატივს სცემდა. ამ პერიოდში მელიქიშვილის სტამბაში დაიწყეს გაბრიელ ეპისკოპოსის „ქადაგებების“ ბეჭდვა, რომელიც ექვთიმემ ააწყო და ამასთან სხვა ბევრი ქართული თუ სომხური წიგნები. მაშინ ქართულ-სომხური წიგნები ერთ სტამბაში იბეჭდებოდა.

   ივანე კერესელიძე უსახსრობის გამო თავის სტამბას ვერ ამუშავებდა. ექვთიმეს ახსოვდა კერესელიძის ამაგი და მუდამ ფიქრობდა არ დახურულიყო ერთადერთი ქართული ჟურნალი. 

   1872 წელს ექვთიმე ხელაძემ ივანე კერესელიძისგან ერთი ძველი დაზგა და სხვა სასტამბო იარაღიც შეიძინა და შეძენილი ინვენტარით თბილისში, „იარმუკის“ ტერიტორიაზე ახალი, საკუთარი სტამბა გახსნა. სტამბაში რედაქტორი იყო პეტრე უმიკაშვილი. ასოთამწყობებად სხვადასხვა დროს მუშაობდნენ ვლასა მგელაძე და ლადო კეცხოველი.

   ქართული საზოგადოება სიხარულით შეხვდა ახალი სტამბის გახსნას, რადგან სტეფანე მელიქიშვილის სტამბა ქართულ საბეჭდ საქმეებს ვეღარ აუდიოდა და სხვა სტამბა კი არ არსებობდა. თუმცა პატარა იყო ექვთიმე ხელაძის სტამბა, მაგრამ საკუთარი სტამბის შეძენის მეოხებით ექვთიმემ საფუძველი ჩაუყარა სასტამბო საქმის განვითარებას. მან გურიიდან გურული ბიჭები ცამოიყვანა და სტამბაში შეგირდად დააწყებინა მუშაობა. სამი წლის განმავლობაში სტამბა გურულის წერა-კითხვის მცოდნე შაგირდებით გაავსო და მათ ერთგულათ დააწყებინა ხელობის შესწავლა. მისმა ბევრმა მოწაფემ  ამ საქმეში თავიც ისახელა.

   ექვთიმე ხელაძის სტამბაში იბეჭდებოდა: „ივერია“, „კვალი“, „წყარო“, „ჯეჯილი“ და „ცისკარი“. ამ სტამბაში დაიბეჭდა ანტონ I კათოლიკოსის  „მზამეტყველება“ და „ქართული გრამატიკა“, დავით გურამიშვილის „დავითიანი“, ბარბარე ჯორჯაძის “სრული სამზარეულო“, ილიას, აკაკის, იაკობ გოგებაშვილის და სხვა მწერლების ნაშრომები. 1875 წელს, დიმიტრი ბაქრაძესთან ერთად, პირველმა გამოსცა დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხე“.

     ექვთიმე ხელაძემ, წიგნების გამოცემის გარდა, საქართველოს დაბასა და სოფლებში პირველმა დაიწყო სიარული წიგნების გასავრცელებლად. თბილისიდან გურიაში საერო ბაზრობებზე ქართული წიგნები მიჰქონდა და ჰყიდდა. შორეულ რეგიონებში ქართულ წიგნებს ხშირად მუქთადაც არიგებდა და  სამკითხველოებს და სკოლებსაც მრავლად ამარაგებდა. გურიასა და იმერეთის გარდა, ექვთიმემ ქართული წიგნების ტარება თბილისის ახლო-მახლო სოფლებშიც დაიწყო და თუკი სადმე დღეობა ტარდებოდ, არსად არ აკლდებოდა. მალე მას სხვებმაც აუბეს მხარი და მთელს საქართველოში მომრავლდნენ მბეჭდავ-გამავრცელებლები.

   1879 წელს ექვთიმემ ახალი, მსწრაფლ-მბეჭდავი მანქანა შეიძინა, რამაც ხელი შეუწყო მის სტამბაში ყველა ქართული გამოცემის შემოკრებამ. არ დარჩა თითქმის არცერთი ქართული გამოცემა, რომ იგი ხელაძის სტამბაში არ დასტამბულიყო. სტამბა ხშირად ისე იყო დატვირთული, რომ მბეჭდავი მანქანა დღე და ღამე მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ 1875 წლამდე ყველა საეკკლესიო საბუთების ბლანკები და საეკლესიო ხუცური წიგნები რუსეთში იბეჭდებოდა და ექვთიმე ხელაძის მეცადინეობით თბილისში იქნა გადმოტანილი.

   1885 წლიდან ექვთიმე ხელაძე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი და საზოგადოების გამოცემათა შემოქმედი.

   ექვთიმე, გარდა საგამომცემლო საქმისა, სხვადასხვა საზოგადოებრივ საქმიანობებშიც იღებდა მონაწილეობას. 1890 წელს იგი ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეკლესიის მნათედ იქნა არჩეული და 10 წლის განმავლობაში მუდმივად ირჩევდნენ.

   1890 წელს ექვთიმემ სტამბა გახსნა თელავში, ხოლო 1892 წელს სიღნაღში. მან  თავისი მუყაითი შრომითა და სასტამბო საქმის წარმოებით ქართული ბეჭდვის საქმეს თვალსაჩინო ამაგი დასდო.

   1896 წელს მთავრობის განკარგულებით 8 თვით შეჩერებულ იქნა ერთადერთი ქართული დღიური გაზეთი „ივერია“. ამ ამბავმა ბევრი ქართველი შეაწუხა, მთელი ერი უგაზეთოდ დარჩა. ექვთიმემ მთავრობას ყოველდღიური ქართული გაზეთის „წყაროს" გამოცემის ნებართვა სთხოვა. ამ საქმისათვის იგი პეტერბურგშიც წავიდა და ნების აღებას ცდილობდა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა და მალე ვალერიან გუნიას „ცნობის ფურცლის“ გამოცემის ნებართვა მოუვიდა, რის გამოც ექვთიმემ თავის განძრახვაზე ხელი აიღო.  

   1902 წელს, თბილისში, ქართულმა საზოგადოებამ ხელაძის სტამბის 30 წლის იუბილე იზეიმა. ვერაზე, „ედემის“ ბაღში, არაჩვეულებრივი ნადიმი გადაიხადეს, სადაც თავმოყრილი იყო ქართული საზოგადოების საუკეთესო ნაწილი. იუბილარმა მრავალი მოსალოცავი დეპეშა და წერილი მიიღო.

   1905 წლის რუსეთის რევოლუციის დროს ხელაძის სტამბა კაზაკებმა დაარბიეს, შენობას ცეცხლი წაუკიდეს, ხოლო თავად გამომცემელი შენობის კარებთან მოკლეს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1885-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი, საპიორნაიას ქუჩა

გააზიარე: