The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილი

ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილი
დაბადების თარიღი:18 აგვისტო, 1875
გარდაცვ. თარიღი:21 იანვარი, 1973  (97 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, ვაკის სასაფლაო
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    ალექსანდრე ჯავახიშვილი დაიბადა 1875 წლის 5 აგვისტოს (ძვ. სტ.) ქალაქ გორში. 1880 წლიდან ჯავახიშვილების ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა და პატარა ალექსანდრე სასწავლებლად  მშობლებმა თბილისის სათავადაზნაურო ვაჟთა გიმნაზიაში მიაბარეს. ეს იყო საქართველოში ერთადერთი სასწავლებელი, სადაც სწავლა მშობლიურ ენაზე მიმდინარეობდა. 1887 წლიდან ალექსანდრემ სწავლა გააგრძელა თბილისის ვაჟთა მეორე კლასიკურ გიმნაზიაში, რომელიც მან ოქროს მედალზე დაამთავრა.

    1895 წელს ალექსანდრე ჯავახიშვილი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე ჩაირიცხა, რომელიც 1900 წელს წარჩინებით დაამთავრა და სამეცნიერო მოღვაწეობისთვის მოსამზადებლად უნივერსიტეტში ასისტენტად დატოვეს.

    1915-1916 წლებში ალექსანდრე, გეოგრაფიასა და ანთროპოლოგიაში სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების შემდეგ, ხარკოვის უნივერსიტეტში ანთროპოლოგიის კურსს კითხულობდა.

    ალექსანდრე ჯავახიშვილმა, ჯერ კიდევ ახალგაზრდამ, ფეხით შემოიარა საქართველოს თითქმის ყველა კუთხე და ანთროპოლოგიური მასალები შეაგროვა. ამ მასალების კვლევის შედეგები მან გამოაქვეყნა ფუნდამენტურ ნაშრომში „საქართველოს ანთროპოლოგია“, რომელიც 2 ტომად რუსულ ენაზე დაიბეჭდა. ამ ნაშრომისთვის რუსეთის ბუნებისმეტყველების, ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის სამეცნიერო საზოგადოებამ განსაკუთრებული ჯილდო მიანიჭა, როგორც კავკასიის ანთროპოლოგიაში ძვირფასი შენაძენის შემქმნელს.

    1917 წელს ალექსანდრე ჯავახიშვილი საქართველოში ბრუნდება. მას შეეხმიანა პეტრე მელიქიშვილი, რომელიც იმჟამად პოლიტრექნიკური ინსტიტუტის ქიმიის კათედრაზე მუშაობდა და კათედრის მუშაობაში დახმარება სთხოვა. მართლაც, 1918-1919 წლებში ჯავახიშვილი ამ ინსტიტუტის დოცენტია, შემდეგ პროფესორი და სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტის გეოგრაფიის კათედრას ხელმძღვანელობს. თუმცა, როგორც თავად იხსენებდა, მას ქართული უნივერსიტეტის დაარსება უფრო აინტერესებდა.

    ალექსანდრე ჯავახიშვილი პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსებაში აქტიურად ერთვება. 1920 წლის 30 ივნისს უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით სამათემატიკო და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე საზოგადო გეოგრაფიისა და ანთროპოლოგიის კათედრა დაარსდა, რომლის გამგედ არჩეული იქნა პროფესორი ალექსანდრე ჯავახიშვილი. მას შემდეგ უნივერსიტეტში 53-წლიანი მოღვაწეობის პერიოდში, ალექსანდრე  ჯავახიშვილმა დააარსა არაერთი გეოგრაფიული კათედრა, სამეცნიერო და სასწავლო კაბინეტი, გეოგრაფიის მუზეუმი და ბიბლიოთეკა. მისივე ხელმძღვანელობით ბათუმში, გორში, ქუთაისსა და ბაქოში გაიხსნა პედაგოგიური ინსტიტუტების გეოგრაფიის ფაკულტეტები და კათედრები.

    ალექსანდრე ჯავახიშვილი უნივერსიტეტში წლების განმავლობაში სხვადასხვა საგანს კითხულობდა. მას ეკუთვნის 400-მდე ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომი. დიდია მისი ღვაწლი საქართველოში კარტოგრაფიული მეცნიერების განვითარებაში. მან შექმნა საქართველოსა და კავკასიის სხვადასხვა მასშტაბის არაერთი სამეცნიერო და სასწავლო რუკა. 1964 წელს იგი მონაწილეობდა საქართველოს პირველი ეროვნული ატლასის შედგენა-გამოცემაში, რისთვისაც მას, 1971 წელს,  სხვა მეცნიერებთან ერთად საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

    ალექსანდრე ჯავახიშვილმა 1933 წელს დააარსა გეოგრაფიის ინსტიტუტი, რომლის დირექტორიც თავად გახლდათ 1962 წლამდე.  იგი იყო საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი სამეცნიერო თავმჯდომარე, ხოლო 1970 წლიდან - საპატიო პრეზიდენტი. ამ საზოგადოებამ უდიდესი როლი შეასრულა საქართველოში გეოგრაფიული მეცნიერების პოპულარიზაციის საქმეში. 

    1944 წელს ჯავახიშვილი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად აირჩიეს, ხოლო 1955 წელს საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო წევრად.

    ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებას და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის ბიბლიოითეკას.

    ღვაწლმოსილი მეცნიერი გარდაიცვალა 1973 წლის 21 იანვარს.

    ალექსანდრე ჯავახიშვილი იყო პიროვნება, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ქართული მეცნიერების აღმავლობის დიდსა და კეთილშობილურ საქმეს შეალია.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ერთ-ერთი დამფუძნებელი
  • საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული საზოგადოება, საპატიო წევრი (1955-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1944-)
  • საქართველოს სსრ გეოგრაფიული საზოგადოება, დამფუძნებელი (1924-)
  • სსრკ გეოგრაფიული საზოგადოება, პრეზიდენტი (1940-1970)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1907-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
    საქართველოს პირველი ეროვნული ატლასის შედგენა-გამოცემა
  • 1955 - სამკერდე ნიშანი "სახალხო განათლების წარჩინებული"
  • 1941 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: