The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



დუტუ მეგრელი

დუტუ მეგრელი
ოფიციალური სახელი:დიმიტრი თომას ძე ხოშტარია
სხვა სახელი:ოტია  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:26 ოქტომბერი, 1867
გარდაცვ. თარიღი:13 მარტი, 1938  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
კატეგორია:მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   დუტუ მეგრელი დაიბადა 1867 წელს სენაკის მაზრის სოფელ სუჯუნაში დიაკვნის, თომა ხოშტარიას ოჯახში. მამა ადრე გარდაეცვალა და დედა იძულებული გახდა პატარა დიმიტრისთან ერთად, დავით აბაშიძის ოჯახში, ძიძად წასულიყო. მალე, ხელმოკლეობის გამო, ოჯახი იძულებული იყო სოფლიდან ქუთაისში გადასახლებულიყო და  თავი შეაფარეს ნიკო დადიანს, სადაც მომავალ პოეტს მშობლიური ენისა და მწერლობის სიყვარული შთაუნერგეს. ნიკო დადიანისვე დახმარებით დიმიტრი ქუთაისის გიმნაზიაში სახელმწიფო ხარჯზე მიიღეს.

    ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ დიმიტრიმ, ასევე სახელმწიფო ხარჯზე, სწავლა განაგრძო ნოვოროსიის (ოდესის)  უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად, იგი მძიმე ეკონომიურ პირობებში ცხოვრობდა. დუტუ მეგრელმა ლექსების წერა ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლის დროს დაიწყო. მისი პირველი ლექსი „ნეტავ ვიცოდე“, 1886 წელს სალიტერატურო და სამხატვრო გაზეთ „თეტრში“ გამოქვეყნდა. ამას მოჰყვა სხვა ლექსები და მოთხრობები. ამის პარალელურად,  მწერალმა  პუბლიცისტური და თეორიულ-ლიტერატურული ხასიათის წერილები გამოაქვეყნა, შექმნა დრამატული პოემები და პიესები.

   1892 წელს გამოქვეყნდა დუტუ მეგრელის პირველი წიგნი „სურათები ჩვენი ცხოვრებიდან“, ხოლო 1893 წელს დაიბეჭდა მისი ლექსების პირველი კრებული „ცრემლები“, რომელიც სალიტერატურო კრიტიკამ და მკითხველმა გულთბილად მიიღო.

   1893 წელს დიმიტრიმ დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტი და სამშობლოში დაბრუნდა. უმუშევრობის გამო, იძულებული იყო გადასახადთა ინსპექტორად და საგუბერნიო საგლეხო საქმეთა საკრებულოს წევრად ემსახურა ყარსის ოლქსა და ერევნისა და განჯის გუბერნიებში. აზერბაიჯანსა და სომხეთში დიმიტრი ხოშტარია მშრომელი მოსახლეობის ინტერესებს იცავდა მთავრობის მოხელეებისგან, რის გამოც მას სამსახურიდან დათხოვნითაც დაემუქრნენ.

   1917 წლიდან დიმიტრი საბოლოოდ გადმოდის თბილისში, სადაც მე-5 კლასის საგანგებო საქმეთა მოხელედ იწყებს მუშაობას ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის სამმართველოში. ამის შემდეგ საქართველოს დამფუძნებელი კრების საქმეთა სამმართველოში და თბილისის ოლქის სასამართლოს წევრად მუშაობდა, მაგრამ მისი მრავალრიცხოვანი ოჯახი კვლავ მძიმე ეკონომიურ მდგომარეობას განიცდიდა.

    საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის პერიოდში ხანდაზმული პოეტი საფინანსო კომისარიატში მუშაობდა ჯერ განსაკუთრებული საგადასახადო საბჭოს წევრად, ხოლო შემდეგ გადაყვანილი იქნა უფროს რევიზორ-ინსტრუქტორად.

   დუტუ მეგრელის ცნობილი ლექსი „მე პატარა ქართველი ვარ“ (1902 წ.) და მოთხრობა „ქინაქინა“ შესულია იაკობ გოგებაშვილის „დედა ენაში“ და „ბუნების კარში“.

   დუტუ მეგრელი გარდაიცვალა 1938 წელს თბილისში და დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე, ხოლო 1968 წელს, მეუღლესთან, ანასტასია ერისთავ-ხოშტარიასთან ერთად, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ერევნის განყოფილების წევრი (1914-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1899-)

გააზიარე: