The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



სილოვან თომას ძე ხუნდაძე

სილოვან თომას ძე ხუნდაძე
დაბადების თარიღი:16 აპრილი, 1860
გარდაცვ. თარიღი:12 მაისი, 1928  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქუთაისი, "მწვანეყვავილას" პანთეონი
კატეგორია:კრიტიკოსი, პედაგოგი, პოეტი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

    სილოვან ხუნდაძე დაიბადა 1860 წლის 16 აპრილს (ძვ.სტ. 3 აპრილი) ოზურგეთის მაზრის სოფელ კალაგონში. დაწყებითი განათლების მისაღებად მშობლებმა მარტვილის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, საიდანაც მალევე ოზურგეთის "სამხედრო მოსწავლეთა პანსიონში" გადაიყვანეს. 1871 წელს ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ჩააბარა, რომლის დამთავრებისთანავე, 1880 წელს, ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სილოვანს ფილოლოგიური განათლება იზიდავდა და მალევე პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტზე გადავიდა სასწავლებლად. 

    1884 წელს უნივერსიტეტი კანდიდატის ხარისხის დიპლომით დაამთავრა და საქართველოში დაბრუნდა. იმავე წელს სილოვან ხუნდაძე ძველი სენაკის ქართულ სკოლაში მასწავლებლად დაინიშნა, ხოლო მალევე ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში გადაიყვანეს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1888 წელს იგი დაინიშნა ქართული სათავადაზნაურო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად. ამის შემდეგ მთელი მისი ცხოვრება ქუთაისთან იყო დაკავშირებული. 80–იანი წლების დამდეგს  არჩეული იქნა "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილ წევრად.

    1900 წელს ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორის იოსებ ოცხელისა და სილოვან ხუნდაძის თაოსნობითა და "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" გამგეობის თანადგომით შესაძლებელი გახდა სკოლის ბაზაზე ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის დაფუძნება. თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიასთან ერთად ეს სასწავლებელი წარმოადგენდა საქართველოში საშუალო განათლების უმნიშვნელოვანეს კერას. გიმნაზიის პირველ დირექტორად დაინიშნა იოსებ ოცხელი, ხოლო ინსპექტორად სილოვან ხუნდაძე. იგი დიდხანს ასრულებდა გიმნაზიის ინსპექტორის, ხოლო 1919 წლიდან, იოსებ ოცხელის გარდაცვალების შემდეგ, დირექტორის მოვალეობასაც.

    1907 წელს სილოვან ხუნდაძე საისტორიო–საეთნოგრაფიო საზოგადოების დამფუძნებელ წევრად აირჩიეს, ხოლო 1913 წელს მან ამ საზოგადოების ქუთაისის განყოფილება დააფუძნა.

    1910 წელს ისევ სილოვან ხუნდაძისა და იოსებ ოცხელის თაოსნობით დაარსდა გამომცემლობა "მერანი, რომელმაც არაერთი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო გამოსცა. 1916 წლიდან იგი გახლდათ დასავლეთ საქართველოს მასწავლებელთ კავშირის ერთ–ერთი მფუძემდებელი.

    1917 წლის 17 მაისს ქუთაისში, ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაში შედგა სხდომა, რომელმაც განიხილა თბილისში ქართული უნივერსიტეტის დაფუძნების საორგანიზაციო საკითხები. კრების მონაწილეთა შორის იყო სილოვან ხუნდაძეც. სხდომაზე შეიქმნა "თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება".

    სილოვან ხუნდაძე პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად ენათმეცნიერულ და ლიტერატურულ საკითხებზე კვლევით მუშაობასაც ეწეოდა. მეტად დიდია მისი დამსახურება ქართული გრამატიკის დამუშავების საქმეში. იგი სამართლიანად ითვლება ქართული სალიტერატურო ქართული ენის კანონებისა და ნორმების ერთ-ერთ პირველ დამდგენელად. სილოვან ხუნდაძე ავტორია მრავალრიცხოვანი ნაშრომებისა ქართული ენის გრამატიკის საკითხებზე: "ქართული ზმნები", "სალიტერატურო ქართული", "ქართული გრამატიკა", "ქართული გრამატიკა პირველდაწყებით სკოლებისათვის", "ქართული მართლწერა"და სხვ. საყურადღებოა მისი მონოგრაფიული ხასიათის გამოკვლევები: "ნიკოლოზ ბარათაშვილი", "გრიგოლ ორბელიანი", "ვახტანგ ორბელიანი", "აკაკი წერეთელი", "ილია ჭავჭავაძე", "შოთა რუსთაველი" და სხვ. გამოცემული აქვს ნარკვევების, პოემებისა და მოთხრობების რამდენიმე კრებული. მან თავისი ნიჭი და უნარი პოეზიაშიც სცადა. იგი აკაკის მიმდევართა თაობას ეკუთვნოდა და მისი ლექსების მრავალი კრებულია გამოცემული. მუდმივად თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ გამოცემებთან: "დროებაში", "ივერიაში", "კვალში", "ცნობის ფურცელში", "შრომაში", "განათლებაში" და ა.შ.

     სილოვან ხუნდაძეს ქართული ახალგაზრდობის არა ერთი და ორი თაობა ჰყავს აღზრდილი. იგი აქტიურად იყო ჩაბმული ყველა კულტურულ-საგანმანათლებლო წამოწყებაში: "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ქუთაისის განყოფილებაში, წიგნის გამომცემლობაში, ბიბლიოთეკების დაარსებაში და ქართული ჟურნალ-გაზეთების გამოცემაში. 

    სილოვან ხუნდაძე ეროვნულ–განმანთავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწეც იყო. 1892–1893 წლებში იგი აქტიურად უჭერდა მხარს "საქართველოს თავისუფლების ლიგას", ხოლო 1900 წლიდან (დღიდან დაარსებისა) შედიოდა საქართველოს სოციალ–ფედერალისტთა პარტიაში და იყო ამ პარტიის ქუთაისის განყოფილების ერთ–ერთი ხელმძღვანელი. 1921 წლის თებერვლიდან, საქართველოს ანექსიის შემდეგ მხარს უჭერდა საქართველოს ანტისაბჭოთა მთავრობას.

    ღვაწლმოსილი პედაგოგი გარდაიცვალა 1928  წლის 12 მაისს და მისი ანდერძის თანახმად დაკრძალეს ქუთაისში, საფიჩხიას სასაფლაოზე. მოგვიანებით, 1956 წელს "მწვანეყვავილას" პანთეონში გადაასვენეს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამხმარებელი წევრი ქუთაისში (1886-1902)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1886-1918)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1909-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის წევრი (1912-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: