The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი

არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი
სხვა სახელი:გ. ბარველი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:12 მარტი, 1885
გარდაცვ. თარიღი:1937  (51 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია (დახვრეტილი)
კატეგორია:დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   არჩილ ჯაჯანაშვილი დაიბადა 1885 წლის 12 მარტს თბილისში, ცნობილი პედაგოგის, რაჟდენ ჯაჯანაშვილის ოჯახში. თბილისის ქართული გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ სტიპენდიით, სწავლა გააგრძელა და 1911 წელს ოდესის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის ფილოსოფიის განყოფილებაზე ჩააბარა.

   არჩილ ჯაჯანაშვილმა, ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლის პერიოდში დაიწყო წერა მოწაფეთა სავარჯიშო „დღიურ“-სა და ხელნაწერ ჟურნალებში. პირველი წერილი – „ცოტა რამ თეატრის შესახებ“ 1903 წელს გრიგოლ ყიფშიძის რედაქტორობის დროს დაბეჭდა გაზეთ „ივერიაში“. ჯაჯანაშვილი მწერლობის გარდა, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაშიაც მონაწილეობდა. 1906–1911 წლებში უნივერსიტეტში სტუდენტთა პოლიტიკურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის ციხეშიც იჯდა. საქართველოში დაბრუნების შემდგომ აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან.

    1911–1918 წლებში სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ორგანოს, „სახალხო გაზეთს“ ხელმძღვანელობდა. რედაქტორობდა აგრეთვე გაზეთ „დროშას“ და თანამშრომლობდა „ერობაში“, „კავკასიის ქალაქსა“ და სხვა გამოცემებში. აქვეყნებდა პიესებსა და მოთხრობებს და პუბლიცისტურ წერილებს სახელოვნებო, სათეატრო, სამწერლო, პოლიტიკურ, ეკონომიურ და სხვა საჭირბოროტო საკითხთა შესახებ. ხშირად ეხებოდა ერთა ურთიერთობისა და ქართველი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხს.

    1911 წლიდან არჩილ ჯაჯანაშვილი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრი, ხოლო 1913 წელს გამგეობის წევრად აირჩიეს, მაგრამ იმავე წელს კვლავ დააპატიმრეს და სხვებთან ერთად მეტეხის ციხეში ჩასვეს.

    1914 წელს „სრულიად საქართველოს სცენის მოღვაწეთა პირველ ყრილობაზე“ მონაწილეობდა და საგანგებო მოხსენებაც წაიკითხა „სოფლის თეატრის შესახებ“, რომლის გამოც ყრილობამ სურვილი გამოსთქვა, რომ „ხელი შეუწყონ პროვინციასა და სოფლად თეატრის საქმის განვითარებას. საჭიროა შემუშავდეს შესაფერი ტიპი მოძრავი თეატრისა... ხელი შეუწყონ შესაფერ ბინის შექმნას... ქართული თეატრი იმ პროვინციებშიაც განვითარდეს, სადაც ქართველი მაჰმადიანები მოსახლეობენ’-ო.

    ჯაჯანაშვილის თვლიდა, რომ საქართველო უნდა იყოს ყველა იმისათვის, ვინც საქართველოში ცხოვრობს და სწამს მისი მომავალი. ქართველი ხალხის ბედნიერება მხოლოდ მაშინ იქნება უზრუნველყოფილი, როდესაც საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნება დარწმუნებული იქნება, რომ იგი საქართველოს მტრად კი არა, საქართველოს სრულუფლებიან წევრად არის აღიარებული. ამას შეიძლება მივაღწიოთ მხოლოდ ფართო დემოკრატიულ და სოციალურ მუშაობით... უცხო, გარედან შემოცვივნულმა ელემენტებმა არ უნდა ჩაიგდონ ხელში საქართველოს მიწა-წყალი და საჭიროა საერთო ეკონომიკური აღორძინება. პირველი და უმთავრესი საშუალება ერის თავის დაცვისა არის პოლიტიკური გარანტია... ჩვენი ხალხის თვითარსებობის განსამტკიცებელი საშუალება, სხვათა შორის, მიწა-წყლის შენარჩუნება და ეროვნული თვითცნობიერებაა... ყოველის ღონისძიებით უნდა ვეცადოთ, რომ მიწა ქართველ მშრომელ ხალხს ხელიდან არ გამოეცალოს და უცხოელების ხელში არ გადავიდეს... ტერიტორიის დაცვა – ჩვენი ეროვნული სიცოცხლის დაცვას ნიშნავსო.

    არჩილ ჯაჯანაშვილმა შეადგინა არჩილ ჯორჯაძის თხზულებათა მე-6 ტომი. 

    1917 წელს  სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის კვოტით საქართველოს ეროვნულ საბჭოში შეიყვანეს, სადაც აქტიურად მონაწილეობდა საკანონმდებლო საქმიანობაში. იყო პარლამენტში ეროვნულ უმცირესობათა ენის ხმარების შესახებ კანონის ავტორი.  

    არჩილ ჯაჯანაშვილი შეეწირა 1937 წლის რეპრესიებს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეროვნული საბჭოს წევრი (1917-)
  • სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, გამგეობის წევრი (1913-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1911-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: