The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



დიმიტრი იოსების ძე ჯანაშვილი

დიმიტრი იოსების ძე ჯანაშვილი
დაბადების თარიღი:15 დეკემბერი, 1840
გარდაცვ. თარიღი:7 ოქტომბერი, 1905  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საინგილო, სოფელი კახის ეკლესიის ეზო
კატეგორია:პედაგოგი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

   დიმიტრი ჯანაშვილი დაიბადა 1840 წლის 15 დეკემბერს საინგილოში, სოფელ კახში. ოჯახის ხელმოკლეობის გამო, პატარა დიმიტრის აღზრდა–განათლება მისმა ბიძამ – გიორგი ჯანაშვილმა (პროფესორ მოსე ჯანაშვილის მამა) ითავა, რომელმაც იგი ჯერ სამხედრო სასწავლებელში მიაბარა, ხოლო შემდეგ თბილისის სასულიერო სასწავლებელში გადაიყვანა.

   1865 წელს, სემინარიის დამთავრებისთანავე, დიმიტრი ჯანაშვილმა მშობლიურ საინგილოს მიაშურა და სოფელ ყორღანში სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდების სწავლა–აღზრდის საქმეს. საინგილოს სოფლებში აარსებდა დაწყებით სკოლებს და თავად ხელმძღვანელობდა მათ. იგი ნაყოფიერ პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა და ყოველნაირად ცდილობდა ინგილო ქართველების გაქრისტიანებას, განათლებასა და ქართველებთან დაახლოებას, რათა არ დაეკარგათ თავიანთი ეროვნება, მოლების ზეგავლენით არ გადაგვარებულიყვნენ და მტკიცედ დაეცვათ ქართული ენა და თავიანთი ქართველობა.

  1870 წელს დიმიტრი ჯანაშვილი ზაქათალის სამაზრო სკოლის მასწავლებლად იწყებს მუშაობას. მიუხედავად მოსახლეობის დიდი სიყვარულისა და ავტორიტეტისა თათრის მოლები მის მიმართ მტრულად იყვნენ განწყობილი და ყველანაირად ავიწროებდნენ. ილია ჭავჭავაძისა და სერგეი მესხის რჩევითა და დახმარებით დიმიტრი თავს ანებებს ზაქათალის სამაზრო სკოლაში მოღვაწეობას და გაბრიელ ეპისკოპოსისა და გერასიმე კალანდარიშვილის მიწვევით 1873 წლიდან ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად იწყებს მუშაობას.

   1878 წელს დიმიტრი ჯანაშვილი მიემგზავრება მოსკოვში და სწავლას აგრძელებს სასულიერო აკადემიაში. ამ დროისთვის მას გამოქვეყნებული ჰქონდა სახელმძღვანელოები: "ძველი აღთქმის საღმთო ისტორია", "ქართული გრამატიკა" და მრავალი საგაზეთო სტატია. მოსკოვში ცხოვრების პერიოდს ეკუთვნის მისი ნაშრომი – "დედაკაცი ქართველთ ისტორიულ ცხოვრებაში".

   1881 წელს დიმიტრი სამშობლოში ბრუნდება. იგი მაშინვე ინიშნება მასწავლებლად ჯერ თბილისის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ კი თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელში.

   ილია ჭავჭავაძის შუამდგომლობით დიმიტრი ჯანაშვილს ირჩევენ "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" გამგეობის წევრად და ამ დროიდან იწყება მისი უფრო ინტენსიური საზოგადოებრივი და შემოქმედებითი მოღვაწეობა. 

   დიმიტრი ჯანაშვილის კალამს ეკუთვნის უამრავი ისტორიული და ეთნოგრაფიული წერილი და ნარკვევი, კრიტიკული სტატია, მეცნიერული გამოკვლევა, სახელმძღვანელო წიგნი და რეცენზია, რომლებიც სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ და რუსულ პერიოდულ პრესაში.

   განსაკუთრებით აღსანიშნავია დიმიტრი ჯანაშვილის მოღვაწეობა საბავშვო ჟურნალ "ნობათში", სადაც იგი ათავსებდა კარგი ქართულით დაწერილ ისტორიული ხასიათის საბავშვო მოთხრობა–ნარკვევებს ფარნაოზ პირველზე, ვახტანგ გორგასალზე, თამარ მეფეზე, წმინდა ნინოზე, სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებზე და სხვა, რომლებსაც მოზარდი თაობა თავის დროზე ცხოველი ინტერესით კითხულობდა.

   ღვაწლმოსილი პედაგოგი, ჩვენი წარსულის შესანიშნავი მკვლევარი და საზოგადო მოღვაწე დიმიტრი ჯანაშვილი გარდაიცვალა 1905 წლის 7 ოქტომბერს. იგი დაკრძალულია საინგილოში, სოფელ კახის ეკლესიის ეზოში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1881-1899)

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    მისამართი:თბილისი, სათავადაზნაურო სკოლა

გააზიარე: