The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



არჩილ გულბაათის ძე ჭავჭავაძე (თავადი)

არჩილ გულბაათის ძე ჭავჭავაძე
დაბადების თარიღი:13 მარტი, 1841
გარდაცვ. თარიღი:10 ივლისი, 1902  (61 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:წინანდალი, ჭავჭავაძეთა საგვარეულო სასაფლაო
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

    არჩილ ჭავჭავაძე დაიბადა 1841 წელს კახეთში, სოფელ წინანდალში გულბაათ ჭავჭავაძისა და თამარ ჩოლოყაშვილის ოჯახში.

   არჩილ ჭავჭავაძემ სამხედრო სამსახური პროპორშჩიკის ჩინით დაიწყო. 1862 წელს ტვერის დრაგუნთა პოლკში ჩაირიცხა და 21 წლის ახალგაზრდამ თავისი გამჭრიახი გონებითა და სიმამაცით პირველივე დღიდან მიიპყრო მეთაურთა ყურადღება.

   1862-1864 წლებში არჩილ ჭავჭავაძე დასავლეთ კავკასიაში კავკასიის ომების ოპერაციებში მონაწილეობდა ტვერის 43-ე დრაგუნთა პოლკისა და კავკასიის მე-12 სახაზო ათასეულის შემადგენლობაში. აქედან იწყება მისი საბრძოლო-სამეთაურო აღმასვლა. 1876 წელს მაიორის ჩინი მიიღო და 1877 წელს ახალჩამოყალიბებულ დაღესტნის ცხენოსანთა ბრიგადის მე-3 პოლკის მეთაურად დაინიშნა. მონაწილეობდა 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში. 1877 წელს განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ავლარის მთასთან გამართულ ბრძოლაში, ყარსის აღებაში და არზრუმთან ბრძოლებში.

    რუსეთის არმიის სარდლობა ცდილობდა თურქეთის ომში კავკასიის ხალხთა შვილებიც ჩაება. ამ მიზნით ხელი მიჰყო ე.წ. მილიციის ნაწილების ჩამოყალიბებას. კერძოდ, დაღესტანში გაფორმდა ამგვარი ცხენოსანთა პოლკი, რომლის მეთაურადაც დაინიშნა ტვერის დრაგუნთა პოლკის ესკადრონის ყოფილი მეთაური მაიორი არჩილ ჭავჭავაძე. იგი ამ პოლკის ჩამოყალიბებას, წვრთნასა და საბრძოლო მომზადებას თავად ხელმძღვანელობდა. დაღესტნელთა პოლკი, არმიის სხვა ნაწილებთან ერთად, აქტიურად ჩაება თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში.

    1879 წელს მაიორი არჩილ ჭავჭავაძე იმიერკასპირეთში რუსეთის არმიის ახალთექის ექსპედიციაში მონაწილეობდა. ყარსის აღებისას გააფთრებულ ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისათვის მას პოდპოლკოვნიკის წოდება მიენიჭა და წმინდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. მისი პოლკიც წმინდა გიორგის დროშით დააჯილდოვეს.

    1883 წელს არჩილ ჭავჭავაძეს პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა. 1888 წელს არჩილ ჭავჭავაძის პოლკი კახეთში იდგა. როცა მეფე ალექსანდრე მესამე საქართველოში ჩამოვიდა, პოლკი მეფეს მოაცილებდა. წინანდალში ერთ-ერთ სახალხო ზეიმზე დედოფლის ყურადღება მიიპყრო ჭავჭავაძის წითელმა ყაბალახმა. გრაფმა შერემეტიევმა არჩილს სთხოვა, დედოფლისათვის გადაეცა იგი. უკანასკნელმა დაიხურა და სამახსოვროდ თან წაიღო.

   1889-1896 წლებში იგი დრაგუნთა სევერსკის ლეგიონის მეთაურად დანიშნეს, ხოლო 1896-1902 წლებში - კავალერიის ბრიგადის მეთაურად. 1896 წელს არჩილ ჭავჭავაძეს გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭეს. ამ პერიოდში იგი, როგორც დელეგაციის წევრი,  კოპენჰაგენში დანიის მეფის ქორწინების 50 წლისთავის მისალოცად გაიგზავნა.

   1902 წელს გენერალ-მაიორი არჩილ ჭავჭავაძე კავკასიის კავალერიის მე–9 დივიზიის ბრიგადის მეთაურად დაინიშნა.

   არჩილ ჭავჭავაძის მეუღლე გახლდათ მარიამ (მართა) ზაქარიას ასული მელიქიშვილი. მათ ჰყავდათ ოთხი შვილი: ზაქარია,  პანტელეიმონი, თამარი და სოფიო.

   არჩილ ჭავჭავაძე გარდაიცვალა 1902 წლის 27 ივნისს თბილისში და დაკრძალულია წინანდალში, საგვარეულო სასაფლაოზე. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1884-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თემირხან–შურა

გააზიარე: