The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე (თავადი)

ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე
Date of birth:8 November, 1837
Date of death:12 September, 1907  (at 69 years)
Burial location:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი
Category:Writer, Poet, Publicist

Biography

      ილია ჭავჭავაძე დაიბადა 1837 წლის 8 ნოემბერს (ძვ. სტ. 27 ოქტომბერს) სოფ ყვარელში, გადამდგარი ოფიცრის, თავად გრიგოლ ჭავჭავაძისა და მარიამ ბებურიშვილის ოჯახში.

   1848 წელს გრიგოლ ჭავჭავაძემ ილია მაშინდელ ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო, რაევსკის კერძო პანსიონში მიაბარა. 1851 წელს სწავლის გასაგრძელებლად იგი თბილისის გიმნაზიის მეოთხე კლასში შევიდა.

   1857 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში გაემგზავრა და მისაღები გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. არსებობს ნიკო ნიკოლაძისმოგონებანი, რომელიც მოგვიანებით ჩავიდა პეტერბურგში. ილია პეტერბურგის ქართველი სტუდენტობის მიერ, აღიარებულ ხელმძღვანელად ითვლებოდა.

    კოტე აფხაზის გადმოცემით უნივერსიტეტში ილიას განსაკუთრებით პოლიტიკური და ეკონომიური სამეცნიერო საგნები აინტერესებდა. მისი სტუდენტობის ხანა პეტერბურგში დაემთხვა რევოლუციებისა და ეროვნულ–განმანთავისუფლებელი ომების, მათი მუდმივი გამოძახილის პერიოდს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.

   ილიას დროს, პეტერბურგის უნივერსიტეტში მის გარშემო შემოკრებილი ქართველი სტუდენტობა, წარმოადგენდა იმ ბირთვს, რომელმაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ შეადგინა „პირველი დასი“. ილიას დროს შეიქმნა რუსეთში ქართველი სტუდენტობის „თერგდალეულთა“ ტრადიციები.

   სტუდენტობის 4 წელი უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ილიას როგორც პიროვნებისა და მოქალაქის, მოაზროვნისა და მწერლის ფორმირებისა და სრულყოფისათვის, მისი პროგრესული სოციალურ-ფილოსოფიური და ესთეტიკური მრწამსის შემუშავებისათვის. იგი იმთავითვე ინტენსიურად და საფუძვლიანად სწავლობდა საქართველოს ისტორიასა და ქართულ მწერლობას. რუსულ და ევროპელ მწერალთა და მეცნიერთა მემკვიდრეობას, გატაცებით დაეწაფა რუსი რევოლუციონერ დემოკრატების — ბელინსკის, გერცენის, დობროლიუბოვისა და ჩერნიშევსკის ნააზრევს, რაც დაუკავშირა საკუთარი ხალხის პროგრესისათვის ბრძოლის მიზნებსა და ამოცანებს.

   1861 წელს ილია ჭავჭავაძე რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა.

   1863 წელს დააფუძნა ჟურნალი „საქართველოს მოამბე“, რომელიც მიუხედავად უმძიმესი საცენზური პირობებისა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჭეშმარიტ მედროშედ იქცა.

   1863  წელს ილია დაქორწინდა ოლღა გურამიშვილზე.

   1864  წლიდან მუშაობდა ჯერ ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის საგანგებო მინდობილობათა მოხელედ, შემდეგ საქართველოში საგლეხო რეფორმის გატარებასთან დაკავშირებით მომრიგებელ შუამავლად აღმოსავლეთ საქართველოში. 1868–1873 წლებში დუშეთის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ.

  1873 წლიდან თბილისში დამკვიდრებული ილია ჭავჭავაძე აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ საქმიანობაში, რომელსაც ბოლო წლებში რამდენადმე ჩამოცილებული იყო. 1875 წელს აირჩიეს თავმჯდომარედ სათავადაზნაურო საადგილ-მამულო ბანკისა, რომელიც ჭავჭავაძის მოღვაწეობის შედეგად ფაქტობრივად ქართულ ეროვნულ ბანკად იქცა და უდიდეს ფინანსურ დახმარებას უწევდა ყველა ძირითად კულტურულ თუ საგანმანათლებლო დაწესებულებას საქართველოში. 

  1877 წელს მან დააარსა პროგრესული პერიოდული გამოცემა — „ივერია“, რომელიც სამი ათეული წლის მანძილზე საქართველოს ეროვნული, სულიერი და ინტელექტუალური ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი ცენტრი იყო.

  1881  წლიდან ილია ჭავჭავაძე იყო მისივე ინიციატივით დაარსებული ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე.

  1879 წლიდან "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სულისჩამდგმელი. იყო საზოგადოების დაარსებისა და ორგანიზების ხელმძღვანელი, 1879–1885 წლებში გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, 1885 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე საზოგადოების  უცვლელი თავმჯდომარე, 1896 წლიდან საზოგადოების საპატიო წევრი. მეუღლესთან – ოლღა გურამიშვილთან ერთად მონაწილეობას იღებდა საზოგადოების მიერ მოწყობილ თითქმის ყველა ღონისძიებაში. სამეგრელოდან პირადად ჩამოიტანა ნიკო დადიანის მიერ საზოგადოებისათვის გადაცემული უძვირფასესი ბიბლიოთეკა. საზოგადოების ბიბლიოთეკას სიცოცხლეში რამდენჯერმე შესწირა უძვირფასესი წიგნები და ხელნაწერები. სიკვდილის შმდეგ ქშწკგ საზოგადოებას ანდერძით ბიბლიოთეკა და და ქონება დაუტოვა. საზოგადოებამ 1909 წელს ილიასეულ საგურამოს სახლში სკოლა გახსნა. საზოგადოების ბიბლიოთეკა–მუზეუმის ცალკე ოთახში ინახებოდა ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკა და არქივი. მისი ავტორობით საზოგადოებამ 33 გამოცემა დაბეჭდა (ყველა მისი გარდაცვალების შემდეგ).

   1905 წელს ილიამ შეადგინა პროგრამა, რომლის საფუძველზე 1917 წელს დაარსდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. ამ ორგანიზაციის დაფუძნების სულისჩამდგმელი იყო ილია ჭავჭავაძის დისშვილი, იმხანად ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის მარშალი, გენერალი კონსტანტინე (კოტე) აფხაზი.

   1906 წელს სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩეულმა ილია ჭავჭავაძემ განაცხადა: „სახელმწიფო საბჭოში თუ თავადაზნაურთა სახელით შევდივარ, ეს მხოლოდ ფორმალური, იურიდიული მხარეა. არ დავფარავ და ვიტყვი: საბჭოში მთელ საქართველოს და ქართველთა ინტერესების დამცველი ვიქნები“.

   1907 წლის 12 სექტემბერს (ძვ. სტ. 30 აგვისტო ) თბილისიდან საგურამოსკენ მიმავალ ილიასა და მის მეუღლეს წიწამურთან თავს დაესხნენ. თავდამსხმელებმა ილია მოკლეს და მიიმალნენ.

    ილია დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

    1987 წელს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ილია წმინდანად შერაცხა –  სახელით "წმინდა ილია მართალი".

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების საპატიო წევრი (1896-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე (1879-1885)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თავმჯდომარე (1885-1907)

Bibliography

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი

Share: