The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ანთიმოზ ივანეს ძე ჯუღელი

ანთიმოზ ივანეს ძე ჯუღელი
სხვა სახელი:გადაღმელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1846
გარდაცვ. თარიღი:13 ივლისი, 1925  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოხუმი
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

   ანთიმოზ ჯუღელი დაიბადა 1846 წელს იმერეთის სოფელ სვირში, იმ დროისათვის საკმაოდ განათლებულ ოჯახში. მამა ივანე სოფლის მღვდელი იყო. პატარა ანთიმოზი ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, რომლის დასრულების შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა სწავლა. ანთიმოზმა სწავლის მეორე წელსვე დატოვა სემინარია და სოფელ სუჯუნის სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. სუჯუნიდან ანთიმოზ ჯუღელი გადადის სოხუმში და მთიელ ბავშვთათვის გამართულ სკოლებში იწყებს მუშაობას. ეს პერიოდი მის ცხოვრებაში განსაკუთრებით რთულია. მე–19 საუკუნის მეორე ნახევარში სოხუმში ძალიან ცოტა სკოლა იყო, ქართული ენა განდევნილი იყო ხმარებიდან და ბევრმა სოხუმელმა არც კი იცოდა, რომ სოხუმი საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო – "ცოტა იცნობდა ქართველი ერის ისტორიას და მის კლასიკურ ლიტერატურას".

    1875–1876 წლებში ანთიმოზ ჯუღელი აქვეყნებს რამდენიმე საყმაწვილო მოთხრობას, დედა–ენის სწავლების სახელმძღვანელოს, წერის დედანს, რეცენზიებს და საქართველოს ბუნებასა და გეოგრაფიაზე რამოდენიმე პატარა თხზულებას, სადაც გადმოცემულია მისი შეხედულება სწავლა–აღზრდის ცალკეულ საკითხებზე.

    სოხუმში ანთიმოზ ჯუღელი ფართო საგანმანათლებლო მუშაობას ეწევა და იბრძვის დედა–ენაზე სწავლების უფლების მოსაპოვებლად, ავრცელებს ქართულ ჟურნალ–გაზეთებს მოსახლეობაში. თედო სახოკიას ცნობით, ანთიმოზს პირველად შემოუღია სოხუმში აბრეშუმის ჭიის მოვლა, უსწავლებია იგი ხალხისთვის და ეს საქმე ისე განვითარებულა, რომ "მეაბრეშუმეობის ამხანაგობაც" კი დაარსებულა სოფელ დრანდაში.  თავდადებული და ენერგიული მუშაობის წყალობით სოხუმელი ხალხის დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ იგი ქალაქის გამგეობის წევრად იქნა არჩეული.

    1875 წელს თბილისში გამოდის ანთიმოზ ჯუღელის მიერ შედგენილი წერა–კითხვის წიგნი "ყმაწვილთა სარკე", რომელიც გათვალისწინებული იყო სოფლის ორ–სამ განყოფილებიანი სკოლებისთვის. იგი დიდად არის დაინტერესებული სასკოლო სახელმძღვანელოების საკითხით და სისტემატურად ზრუნავდა მათი ხარისხის გაუმჯობესებისათვის. 1881 წელს "გადაღმელის" ფსევდონიმით ანთიმოზი ჟურნალ "იმედში" აქვეყნებს რეცენზიას იაკობ გოგებაშვილის "დედა–ენის" შესახებ, სადაც აღნიშნულია რომ პირველ რიგში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახელმძღვანელოს გაფორმებას, შრიფტსა და ნახატებს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას აძლევდა სასაუბრო მასალის შერჩევას. ანდაზების, გამოცანების და მოკლე ლექსების ანბანში ჩართვის აუცილებლობას. ჩვენ გვესაჭიროება ისეთი ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი, "სადაც მშვენიერი ხელოვნებით არის დახატული ყმაწვილის და მისი გარეშემო ბუნების ცხოვრება და სიმშვენიერე", აღნიშნავდა ანთიმოზ ჯუღელი. მას მასწავლებლობა ყველაზე საპატიო, კეთილშობილურ, მაგრამ ამავე დროს რთულსა და ძნელად შესასრულებელ საქმედ მიაჩნდა. სახალხო განათლების ჩამორჩენის ერთ–ერთ მიზეზად იგი მასწავლებლების პოლიტიკურ უუფლებობასა და მძიმე ეკონომიურ პირობებს ასახელებდა.

    ანთიმოზ ჯუღელი დიდი ყურადღებით ეკიდებოდა ოჯახისა და სკოლის ურთიერთობის საქმეს და სასტიკი წინააღმდეგი იყო ყმაწვილთა ფიზიკური დასჯისა – "ბევრი მასწავლებელი ლანძღვა–გინებით, სიფიცხითა და ცემა–ტყეპით აფუჭებს წარჩინებულ ნიჭიერ ყმაწვილებს".

    ვალმოხდილი პედაგოგი 1925 წლის 13 ივლისს გარდაიცვალა და დაკრძალულია ქალაქ სოხუმში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამხმარებელი წევრი სოხუმში (1886-1900)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სოხუმის განყოფილების საამშენებლო კომისიის თავმჯდომარე (1911-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სოხუმის განყოფილების გამგეობის წევრი (1909-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სოხუმის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1909-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1880-1899)

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:სოხუმი

გააზიარე: