The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



მაკინე ქაიხოსროს ასული ამირეჯიბი (კნეინა)

მაკინე ქაიხოსროს ასული ამირეჯიბი
ოფიციალური სახელი:ელისაბედ (მაკინე) ქაიხოსროს ასული ავალიშვილი
დაბადების თარიღი:აგვისტო, 1855
გარდაცვ. თარიღი:1922  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საღოლაშენი, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ეზო
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი

ბიოგრაფია

   მაკინე ავალიშვილი დაიბადა 1855 წელს გორის მაზრის სოფელ ბრეთში, თავად ქაიხოსრო ავალიშვილის ოჯახში, რომელიც  ქართული მწერლობის დიდი მოყვარული ყოფილა და მდიდარი ბიბლიოთეკაც ჰქონია. ასეთ ოჯახში იზრდებოდა პატარა მაკინე, რომელსაც ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების სიყვარულს ბავშვობიდანვე შთააგონებდნენ. აგრეთვე მშობლები, პირადი მაგალითით, ხალხის სიყვარულსა და გაჭირვებულთა დახმარებას უნერგავდნენ.

   მაკინე ამირეჯიბი ოცი წლისაც არ იყო, როცა ცოლად გაჰყვა ქართლელ თავად სარდიონ ამირეჯიბს და სწორედ აქედან იწყება მისი უანგარო ქველმოქმედება და საზოგადო მოღვაწეობა.

    მკვლევართა გარკვეული ნაწილი ამ ოჯახს მწერლებისა და ხელოვნების მოღვაწეთა შეკრების, საკუთარი შემოქმედების გამომზეურების  ერთ-ერთ თავშესაყრელად და ლიტერატურულ სალონად მიიჩნევდა. ამ ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, შიო არაგვისპირელი, გიორგი არადელი-იშხნელი, ვალერიან გუნია, ვასო აბაშიძე, ზაქარია ფალიაშვილი, ვანო სარაჯიშვილი, შალვა დადიანი და სხვა მრავალი ცნობილი ადამიანი. მაკინეს წესად ჰქონია შემოღებული, რომ სტუმრად მისულ პირებს, ლიტერატურული საღამოების თუ სხვა კულტურული ღონისძიებების მონაწილეებს, მის ოჯახში თავიანთი ყოფნა სუფრაზე სამახსოვრო წარწერებით აღენიშნათ. ამ სუფრის ცენტრში ილიას და აკაკის ხელმოწერებია ამოქარგული, აქვეა ანტონ ფურცელაძის, ნინო ორბელიანის, თედო სახოკიას, დუტუ მეგრელის, შიო არაგვისპირელი, სოფრომ მგალობლიშვილის, შალვა დადიანისა და სხვა გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეების ავტოგრაფები. ხსენებული ისტორიული სუფრა, 1944 წელს, ამირეჯიბის მემკვიდრეებისგან, გიორგი ლეონიძეს შეუძენია და ლიტერატურის მუზეუმისთვის გადაუცია, სადაც დღემდე ინახება.

    1895 წლის „ივერიის“ 27 ივნისის ნომერში ილია ჭავჭავაძე წერდა: „არაფერი კეთილი და სასარგებლო არ გაკეთდება ფრონის ხეობაზე, რომ მხურვალე მონაწილეობა არ მიიღოს კნეინა მაკინემ“.

    1897 წლიდან მაკინე ამირეჯიბი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი, ხოლო 1904 წლიდან ამავე საზოგადოების გორის განყოფილების დამხმარე წევრი და აქტიურად იყო ჩართული საზოგადოების საქმიანობაში.

   1899 წელს სოფელ წვერში, აბელ კალატოზიშვილის ოჯახში, აკაკი წერეთელი დიდად მოხიბლულა მაკინეს ხმით, ლეკურითა და მისი მდიდარი შინაგანი სამყაროთი.

     სარდიონ და მაკინე ამირეჯიბების წყალობით საღოლაშენში დაარსებულა სამწლიანი სკოლა. ეს ოჯახი ხშირად ეხმარებოდა გაჭირვებულ და სწავლამოწყურებულ ახალგაზრდებს.

    მაკინე ამირეჯიბი გარდაიცვალა 1922 წელს და დაკრძალულია სოფელ საღოლაშენში, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ეზოში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1897-1902)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გორის განყოფილების დამხმარე წევრი (1904-)

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:სოფელი საღოლაშენი

გააზიარე: