The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



დავით იესეს ძე ჩუბინაშვილი

დავით იესეს ძე ჩუბინაშვილი
დაბადების თარიღი:26 სექტემბერი, 1814
გარდაცვ. თარიღი:5 ივნისი, 1891  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ნიკოლსკის სასაფლაო, ალექსანდრე ნეველის ლავრა, სანკტ–პეტერბურგი
კატეგორია:ენათმეცნიერი, ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

   დავით ჩუბინაშვილი დაიბადა 1814 წლის 26 სექტემბერს თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზის, იესე ჩუბინაშვილის ოჯახში.

   დავით ჩუბინაშვილი ფართო ჰუმანიტარული პროფილის მეცნიერია: ლიტერატურათმცოდნე, ძველი ქართული სასულიერო მწერლობის მკვლევარი, ენათმეცნიერი, ლექსიკოგრაფი, ისტორიკოსი.

   განათლება მიიღო პეტერბურგის ანას სახელობის სასწავლებელში. 1839 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური სიტყვიერების ფაკულტეტი. 1844 წლიდან ამავე უნივერსიტეტში ასწავლიდა ქართულ ენას. 1855-1871 წლებში იყო ახლადდაარსებული ქართული ენისა და სიტყვიერების კათედრის გამგე  და პროფესორი. პარალელურად მსახურობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის დეპარტამენტში. 1860 წლიდან რუსეთის გეოგრაფიული, ხოლო 1869 წლიდან საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების წევრი და ფილოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრია. აქტიურად იყო ჩაბმული "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობაში". თანამშრომლობდა ქართულ ("ივერია", "დროება") და რუსულ პრესაში.

    დავით ჩუბინაშვილმა დიდი ღვაწლი დასდო ძველი ქართული მწერლობის ძეგლთა შესწავლა-გამოცემის საქმეს. მონაწილეობდა "ვეფხისტყაოსნის" 1841 წლის გამოცემაში, რომელსაც მანვე დაურთო ლექსიკონი. 1842 წელს გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი რუსთველოლოგიური გამოკვლევა "ქართული პოემის "ვეფხისტყაოსნის" შესახებ", რომელშიც იმდროინდელი საქართველოს საზოგადოებრივ–პოლიტიკური და კულტურული მდგომარეობის მეცნიერული დახასიათების საფუძველზე დაასაბუთა "ვეფხისტყაოსნის" შექმნისა და საერთოდ ქართული საერო მწერლობის  განვითარება–აღმავლობის ისტორიული კანონზომიერება. მეცნიერს ეკუთვნის "ვეფხისტყაოსნის" რიგით მესამე და მეოთხე გამოცემები (ვახტანგ VI–ის და მარი ბროსეს შემდეგ). მას დიდი წვლილი მიუძღვის აგრეთვე ი. ბარტდინსკის მიერ "ვეფხისტყაოსნის" პოეტური თარგმანის მომზადებაში.

   დავით ჩუბინაშვილმა შადგინა ქართული ლიტერატურის ქრესტომათიის სამტომეული. მეცნიერმა დიდი წვლილი შეიტანა "ქართლის ცხოვრების" ბროსეს რედაქციით 5 ტომად (1849-1857 წწ.) გამოცემაში, მას ეკუთვნის II ტომის რედაქცია და კომენტარები.

   დავით ჩუბინაშვილმა დიდი ამაგი დასდო ქართულ ლექსიკოგრაფიას. ჯერ კიდევ სტუდენტმა, 23 წლის ასაკში წარუდგინა მეცნიერებათა აკადემიას ქართულ–რუსული–ფრანგული ლექსიკონი, რომელიც 1940 წელს გამოიცა აკადემიის ხარჯით და დემიდოვის პრემია დაიმსახურა. მკვლევარმა ეს პრემია მეორედ 1846 წელს მიიღო, როცა გამოსცა რუსულ–ქართული ლექსიკონი. ნაშრომს წამძღვარებული აქვს ქართული ენის გრამატიკის ნარკვევი.

   1855 წელს მეცნიერმა რუსულ ენაზე გამოაქვეყნა "მოკლე ქართული გრამატიკა", რომელშიც ძირითადად მოცემულია ახალი ქართული ენის ანალიზი.

   1887-1891 წლებში გამოსცა ქართულ–რუსული ლექსიკონი.

   დავით ჩუბინაშვილს გამოქვეყნებული აქვს ქართველ მეფეთა მიმოწერა რუს ხელმწიფესთან (85 საბუთი), თეიმურაზ ბაგრატიონის "საქართველოს ისტორია" და სხვა. მის მიერაა მოპოვებული არაერთი ძველი ქართული ხელნაწერი: "ქართლის ცხოვრების" ნუსხა, იოანე ოქროპირის თხზულებათა კრებული "მარგალიტი" და სხვანი, რომლებიც მთელ თავის ბიბლიოთეკასთან ერთად "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას" გადასცა.

   ჩუბინაშვილი გარდაიცვალა 1891 წელს პეტერბურგში, დაკრძალულია ნიკოლსკის სასაფლაოზე ალექსანდრე ნეველის ლავრის მახლობლად.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების საპატიო წევრი (1880-)

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:სანკტ–პეტერბურგი

გააზიარე: