The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი

სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი
დაბადების თარიღი:1860
გარდაცვ. თარიღი:14 სექტემბერი, 1904  (44 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, ზუბალაშვილების საგვარეულო სასაფლაო სოლოლაკში
კატეგორია:მეცენატი, მეწარმე, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი

ბიოგრაფია

     სტეფანე ზუბალაშვილი დაიბადა 1860 წელს თბილისში. 1880 წელს დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია და თავისი დროისთვის კარგი განათლება მიიღო.

    სტეფანემ, როგორც მამის ქონების ერთ-ერთმა მემკვიდრემ, გიმნაზიის დამთავრებისთანავე დაიწყო მუშაობა ბაქოს ნავთობმომპოვებელ კომპანიაში და მალევე გახდა მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

    XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე სტეფანე ზუბალაშვილი მთელს საქართველოში ცნობილი და აღიარებული იყო თავისი მეცენატობითა და კაცთმოყვარეობით.

    სტეფანეს ცოლ-შვილი არ ჰყავდა. მისი ცხოვრებისა და საქმიანობის მთავარი მიზანი ერის კეთილდღეობაზე ზრუნვა იყო. იგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ერის ცხოვრებაში კულტურულ-საგანმანათლებლო კერების დაარსებას.

    სტეფანეს თაოსნობით, ძმები ზუბალაშვილების სახელთანაა დაკავშირებული თბილისში სათავადაზნაურო გიმნაზიის (უნივერსიტეტის I კორპუსი) - მათ ამ საშვილიშვილო წამოწყებას 50 000 მანეთი შესწირეს, თბილისის მუსიკალური სკოლის (დღევანდელი კონსერვატორია) მშენებლობა, სახალხო სახლის (დღევანდელი კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრი) აგება-დაფუძნება. ცნობილია, რომ ძმებმა მამის ხსოვნის უკვდავსაყოფად განიზრახეს უხვი მოწყალების გაღება, რათა „ქალაქის შუაგულში კონსტანტინეს სახელობაზე აეშენებინათ სახალხო სახლი და ჩარიცხულიყო იგი ქალაქის საკუთრებად, "...თეატრი იგივეა, რაც ეკლესია და სკოლა. საჭიროა, რომ საწყალი ხალხისთვისაც კარგი თეატრი იყოს. იქ მარტო თეატრი არ იქნება. იქ იქნება ბიბლიოთეკაც და მუქთა საჩაიეც“.  სახალხო სახლის მშენებლობა 1907 წელს დასრულდა, იგი საზეიმოდ აკურთხეს 1909 წლის 7 აპრილს. შენობის მთავარ ფასადზე თვალსაჩინოდ იკითხებოდა: „Народный дом им. К.И. Зубалова“. ამ საშვილიშვილო საქმისთვის ზუბალაშვილებმა მთლიანად გაიღეს 350 000 მანეთი ოქროთი. გარდა ამისა სტეფანე ხშირად ეხმარებოდა ფინანსურად თბილისში, ქუთაისში, გორში, ახალციხეში, ხიზაბავრაში ეკლესიებთან არსებულ ქართულ სკოლებს. სტეფანე ზუბალაშვილი გახლდათ აგრეთვე თბილისში „უპოვართა სახლის“ დაფუძნების ძირითადი მოთავე.

      სტეფანე ზუბალაშვილის საქველმოქმედო საქმეთაგან გამორჩეულია ბათუმის კათოლიკური ტაძრის დიდებული ნაგებობა, რომლის აგება ძმები ზუბალაშვილების დედის - ელისაბედის ოცნება ყოფილა. გარდაცვალების წინ დედას სტეფანესთვის სიტყვიერად უთხოვია მისი სულის მოსახსენიებლად ბათუმში „წმინდა ტაძრის აგება“.

    სტეფანე ზუბალაშვილს კარგად ესმოდა პრესის მნიშვნელობა პიროვნების ჩამოყალიბებაში. სწორედ ეს ფაქტორი განსაზღვრავდა მის განსაკუთრებულ გულმოწყალებას ამ სფეროშიც. ფინანსურად ეხმარებოდა ჟურნალ-გაზეთების გამომცემლებს. მაგალითად 1903 წელს, როცა „ივერიის“ რედაქციამ ფულადი დახმარება სთხოვა, სტეფანემ მაშინვე გაუგზავნა თანხა და თან შუთვალა: „გაზეთი და მისი გამოცემა ყოველი ერისათვის დიდ საჭიროებას შეადგენს. გაზეთის კითხვის საშუალებით ნათლდება კაცის გონება და ნამეტურ უბრალო, უსწავლელი კაცისა... გაზეთის გამოცემა მზის სინათლეს ჰგავს და ამიტომ „ივერიას“ მე ყოველთვის გავუწევ ქომაგობას, არ დავივიწყებ“. თანამედროვეთა გადმოცემით,“ივერია“ დახურვას სწორედ სტეფანე ზუბალაშვილის შეწირულობის წყალობით გადაურჩა. 1885-1888 წლებში „ივერიის“ რედაქცია ზუბალაშვილების ერთ-ერთ სახლში იყო განთავსებული და იქვე ცხოვრობდა ილია ჭავჭავაძეც.

   ერთხელ, ჟურნალ „მოგზაურის“ რედაქციამ  სტეფანეს დახმარება სთხოვა. მან ეს თხოვნა პატივად ჩათვალა და რედაქტორს - ივანე როსტომაშვილს ფულთან ერთად სამადლობელი  წერილიც გაუგზავნა: „გთხოვთ ასეთი საქმეების დასახმარებლად ყოველთვის მომმართოთ. ღმერთსა ვთხოვ, რომ თქვენმა ჟურნალმა დიდხანს იცოცხლოს  და „მოგზაურმა“  იმოგზაუროს მთელს საქართველოში, გავრცელდეს ყოველ კუთხეში და ქართველებში გაავრცელოს  ძველი და ახალი ამბები".

   1906 წელს  „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“ იაკობ, ლევან, პეტრე და სტეფანე (გარდაცვალების შემდეგ) ზუბალაშვილები საზოგადოების საპატიო წევრებად აირჩია, ხოლო 1912 წელს ოთხივე ძმა ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ.

   1904 წელს სტეფანე ზუბალაშვილმა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“ დაარსების 25 წლისთავზე თანხა გადაურიცხა, თან ბარათიც მისწერა: „გიგზავნით 10 ათას მანეთს და გთხოვთ მიიღოთ ეს წვლილი ჩემგან, როგორც ერთის გულშემატკივარი ქართველისგან. ღრმად პატივისცემით დავშთები სტეფანე ზუბალაშვილი, ბაქო“.

   "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“ დაწესებული ჰქონდა ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდია, რომლის მფლობელები იყვნენ ცნობილი მეცნიერები, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები. სტეფანესა და მისი ძმების ხელშეწყობით სწავლობდა მიხეილ ჯავახიშვილი ბელგიასა და პარიზში. მიხეილ ჯავახიშვილის მემუარებში საუბარია ვინმე ცნობილი ქართველი ქველმოქმედის შესახებ, რომელსაც პარიზში ქართველი სტუდენტებისთვის შეუქმნია უნიკალური ბიბლიოთეკა. სავარაუდოდ, ეს ფაქტიც ზუბალაშვილების სახელს უნდა უკავშირდებოდეს. ანალოგიური ვითარება იყო სტამბოლის ქართულ სავანესთან დაკავშირებითაც, ცნობილია სარატოვის სასულიერო სემინარიაში ქართველ სტუდენტთათვის დაწესებული ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდია, რომლის პირველი მფლობელი იყო ზაქარია დიდიმამიშვილი.

    გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ სტეფანემ მთელი სიცოცხლე სამშობლოსა და ქართველი ხალხის კეთილდღეობას მიუძღვნა.

   1904 წლის 15 მაისს სტეფანე ზუბალაშვილი საფრანგეთში სამკურნალოდ გაემგზავრა, მაგრამ, სამწუხაროდ, მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და იგი 1904 წლის 14 სექტემბერს პარიზში გარდაიცვალა. სტეფანე თბილისში გადმოასვენეს და დაკრძალეს სოლოლაკში, მშობლების გვერდით საგვარეულო სამარხში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების საპატიო წევრი (1906-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1912 - თბილისის საპატიო მოქალაქე

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი

გააზიარე: