The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ალექსანდრე ოქროპირიძე (ეპისკოპოსი)

ალექსანდრე ოქროპირიძე
დაბადების თარიღი:1824
გარდაცვ. თარიღი:1907  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   გამოჩენილი ქართველი სასულიერო მოღვაწე მღვდელმთავარი ალექსანდრე (ერისკაცობაში - ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე) დაიბადა 1824 წელს გორის მაზრის სოფ. დისევში იმავე სოფლის მღვდლის ოჯახში. მან სასულიერო განათლება მიიღო, ხოლო 1845 წლიდან ბერად აღიკვეცა.

   გორის სასულიერო სასწავლებლისა და თბილისის სასულიერო სემინარიის შემდეგ, 1850 წელს, დაამთავრა ყაზანის სასულიერო აკადემია. იყო მასწავლებელი, შემდეგ - აფხაზეთის არქიმანდრიტი, 1862-1869 - აფხაზეთის ეპისკოპოსი, 1869-1882 - გორის, 1882-1885 - გურიის ეპისკოპოსი, 1886-1898 წლებში - ქართლ-კახეთის ქორეპისკოპოსი, 1898-1903 - გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი.

  დიდია მისი ღვაწლი, როგორც მისიონერისა, რომელმაც ათასობით აფხაზი მოაქცია ქრისტეს რჯულზე. მანვე ჩაუყარა საფუძველი აფხაზთა სწავლა-განათლების საქმეს.

   1863 წელს აფხაზეთის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ თავისი სახსრებით ოჩამჩირეში სკოლა დააფუძნა. საკუთარ სახლში აღზარდა და სასულიერო განათლებას აზიარა აფხაზი ეროვნების ბავშვთა დიდი ჯგუფი, აღადგინა ეკლესია სოხუმში.

   იგი იყო 'ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი, რომელმაც ერთიანად შეიტანა 300 მქანეთი და განთავისუფლდა შემდგომი წლების საწევრო გადასახადისაგან. 

   XX საუკუნის 60-იან წლებში ეპისკოპოსმა ალექსანდრემ თბილისის სასულიერო სემინარიაში, ქალთა და ვაჟთა სასწავლებლებში, რამდენიმე სტიპენდია დაარსა, რისი წყალობითაც მრავალმა ქართველმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება. იგი ეხმარებოდა ყაზანის სასულიერო აკადემიის ღარიბ სტუდენტებსაც.
   ეპისკოპოსი ალექსანდრე წევრი იყო მრავალი საქველმოქმედო ორგანიზაციისა, რომლებსაც ფინანსურ დახმარებას უწევდა. მათ შორის იყო კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოება, წითელი ჯვარი, უსინათლოთა სამზრუნველო, წყალში დახრჩობისაგან მხსნელი საზოგადოება, პირუტყვთა მფარველი საზოგადოება, ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოება, წმ. ანდრიას ძმობა, ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის ძმობა, ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და ა. შ.
   1907წ. 22 ნოემბერს ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე) გარდაიცვალა. დაკრძალულია შიომღვიმის მონასტერში.

   1995 წლის 17 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის კრებამ თავისი განჩინებით ეპისკოპოსი ალექსანდრე წმინდანთა დასში შერაცხა და უწოდა „წმინდა მღვდელმთავარი ალექსანდრე“. მისი ხსენების დღედ დაწესდა 8 ნოემბერი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-1907)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების საპატიო წევრი (1896-1907)

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი, სიონის სობორო

გააზიარე: