The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ჰაიდარ ალიბეგის ძე აბაშიძე

ჰაიდარ ალიბეგის ძე აბაშიძე
სხვა სახელი:მაჰმადიანი ქართველი  (ფსევდონიმი)
ქართველი მუსულმანი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1893
გარდაცვ. თარიღი:3 იანვარი, 1965  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი
კატეგორია:დამფუძნებელი წევრი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

    ჰაიდარ აბაშიძე დაიბადა 1893 წლის 15 აგვისტოს ქალაქ ბათუმში, სანჯაყ-ბეგთა შთამომავლების ოჯახში, ეროვნებით ქართველი, აღმსარებლობით მუსლიმი.

   1900 წელს ჰაიდარ აბაშიძე "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ბათუმის სკოლაში შევიდა. 1905-1908 წლებში იგი სწავლობდა ტრაპიზონის სკოლაში, შემდეგ დაბრუნდა ბათუმში და სწავლა განაგრძო საქალაქო სასწავლებელში, რომელიც 1912 წელს დაამთავრა.

    1913 წლიდან ჰაიდარ აბაშიძე ბათუმის საქალაქო მეორე ქართულ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა. "მაჰმადიანი ქართველის" და "ქართველი მუსულმანის" ფსევდონიმებით აქვეყნებდა წერილებს ადგილობრივ ქართულ პრესაში აჭარისა და სამხრეთ საქართველოს მდგომარეობის შესახებ. აქტიურად იბრძოდა პანთურქიზმისა და პანისლამიზმის წინააღმდეგ, რის გამოც 1916 წელს, ბათუმის სამხედრო კომენდანტის განკარგულებით აჭარიდან გაასახლეს. გასახლებული ჰაიდარი ჭიათურაში, ნესტორ ვაშაძის ოჯახში იმალებოდა 1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე.

    1917 წლის ნოემბერში არჩეული იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად და აქტიურად მონაწილეობდა საბჭოს პოლიტიკურ საქმიანობაში. 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი და ამიერკავკასიის სეიმის დელეგაციის წევრი, რომელიც ტრაპიზონში 1918 წლის მარტ-აპრილის კონფერენციაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა ოსმალეთთან. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.

    1918-1920 წლებში ჰაიდარ აბაშიძე გახლდათ „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ აქტიური წევრი, რომლის ინიციატივით აჭარაში ქართული სკოლები გაიხსნა.

    1918 წლის დეკემბრიდან გაგზავნილი იქნა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლად ჯავახეთში.

    1919 წლის 12 მარტიდან  საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით არჩეული იქნა საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. იყო სახალხო განათლების კომისიის წევრი და სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის წევრი. მონაწილეობდა მესხეთში გაზეთ "განახლებული მესხეთის" გამოცემაში.

    1921 წელს, საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ, საქართველოში დარჩა და 1932 წლის 1 აგვისტომდე მუშაობდა ჭიათურის შავი ქვის მრეწველობაში, შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამუშაოს თავი დაანება და საცხოვრებლად თბილისში გადავიდა.

    1961 წელს ჰაიდარ აბაშიძე აჭარის ასსრ უმაღლესის საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა, როგორც საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვებისათვის მებრძოლი დამსახურებული მოღვაწე, ასევე მედლით - „მამაცური შრომისათვის 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში“.

    ჰაიდარ აბაშიძე გარდაიცვალა 1965 წლის 29 დეკემბერს, თბილისში და დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი, წევრი
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1921-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი (1909-1917)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - მამაცური შრომის ორდენი 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში
    1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში დამსახურებისთვის

გააზიარე: