The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



პეტრე პავლეს ძე გელეიშვილი

პეტრე პავლეს ძე გელეიშვილი
სხვა სახელი:ირონარი  (ფსევდონიმი)
ლაცრიმოსუს  (ფსევდონიმი)
ყარიბი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:7 მაისი, 1870
გარდაცვ. თარიღი:18 მარტი, 1938  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია (დახვრეტილი)
კატეგორია:დამფუძნებელი წევრი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, რეპრესირებული

ბიოგრაფია

    პეტრე გელეიშვილი დაიბადა 1870 წლის 7 მაისს (ძვ. სტ.) ქუთაისის მაზრის სადგურ სამტრედიაში გლეხის ოჯახში. 14 წლის ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებელში შევიდა, რომლის დასრულების შემდეგ, 1888 წელს  ბათუმში გაემგზავრა  და დღიურ მუშად მოეწყო პორტში, საიდანაც გადავიდა ოდესის პორტში „რუსეთის საზოგადოების“ გემების მტვირთავ მუშად. ერთი წლის მუშაობის განმავლობაში, აუტანელი პირობების გამო დაინტერესდა მუშათა მოძრაობით და დაიწყო თანამშრომლობა ადგილობრივ პრესასთან. მისი პირველი წერილი დაიბეჭდა გაზეთ „Одесский листок“-ში, რის შემდეგაც ამხანაგებთან ერთად ჩამოაყალიბა თვითგანვითარების წრე, სადაც ქართულ მხატვრულ ნაწარმოებებს ეცნობოდნენ.

    1891 წელს პეტრე გელეიშვილი ოდესაში დააპატიმრეს და ექვსი თვით ციხეში ჯდომის შემდეგ, პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ სამი წლის ვადით, სამშობლოში დააბრუნესმამის დახმარებით სამტრედიაში გაყიდა საკუთარი წილი მიწა და აღებული ფულით, ბიძაშვილთან - ილია რატიანთან ერთად სამტრედიის საჯარო ბიბლიოთეკა დააარსა, რომელსაც სულ მალე 300-მდე მკითხველი გაუჩნდა რკინიგზის დეპოს მუშების, მოსამსახურეების, მოსწავლეებისა და ადგილობრივი გლეხების სახით.

   1893 წელს, ტფილისის სასულიერო სემინარიის „ბუნტის“ გამო დათხოვნილი სემინარისტების სამტრედიის მიდამოებში დაბრუნების შემდეგ დააარსდა ყოფილი სემინარისტების ბიურო, რომელმაც ბიბლიოთეკის განვითარებისთვის დაიწყო მუშაობა და თან ჩამოაყალიბა „სცენის მოყვარეთა წრე“, რომელიც სპექტაკლებსა და ლიტერატურულ საღამოებს მართავდა სამტრედიაში, კულაშსა და საჭილაოში. წრის მთავარი ორგანიზატორები პეტრე გელეიშვილი, რაჟდენ კალაძე და ყარამან ნანეიშვილები იყვნენ. ამ პერიოდიდან პეტრე გელეიშვილი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის „მესამე დასის“ ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი იყო.

    1895 წელს, პოლიციის მეთვალყურეობის ვადის დამთავრების შემდეგ გადავიდა ტფილისში, სადაც მუშაობა დაიწყო ივანე როსტომაშვილის გამომცემლობაში და ქართულად თარგმნა საფრანგეთის რევოლუციის ისტორია. პარალელურად თბილისში სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის პირველი ორგანიზაციების ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლდათ. 1895 წელს სტამბის მუშების არალეგალურ წრეებს  ხელმძღვანელობდა (წრის ერთ-ერთი წევრი ვლასა მგელაძეც იყო). 

     პეტრე გელეიშვილი თანამშრომლობდა პრესაში. აქვეყნებდა კრიტიკულ და პუბლიცისტურ ნაწარმოებებს, იყენებდა სხვადასხვა ფსევდონიმებს. 

    1897 წელს განახლებულ გაზეთ „ივერიის“ რედაქციაში მუშაობდა. 1898 წელს, რედაქციის დატოვების შემდეგ, , ალექსანდრე (საშა) წულუკიძესთან ერთად ბაქოში გადავიდა სამუშაოდ და ბეკენდორფის ნავთობის სარეწაოს კონტროლიორად დაიწყო მუშაობა. მათი ინიციატივით დაარსდა საკვირაო სკოლა ჭაბურღილის მუშებისათვის, თუმცა მეცადინეობების პოლიტიკური ელფერის გამო მალევე იძულებული გახდნენ, სკოლა დაეხურათ და სამსახური დაეტოვებინათ.

     1898 (ფორმალურად) წლიდან იგი გახლდათ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი და ამ დროიდან მოყოლებული ხშირად ასრულებდა პარტიის არალეგალური არქივარიუსის მოვალეობას. 

    1899-1900 წლებში ცხოვრობდა და ჟურნალისტად  მუშაობდა პეტერბურგში ჟურნალ „Журнал журналов“-ის მდივნად, შემდგომ კი ლეგალურ მარქსისტულ გამოცემებში „Новое слово“, „Начало“, „Жизнь“ და „Северный курьер“ (კავკასიის განყოფილების გამგედ).

    1903 წელს გადავიდა ბაქოში, სადაც ქალაქის სამმართველოს მდივნად მუშაობდა. პარალელურად თანამშრომლობდა ადგილობრივ გაზეთებში „Бакинские известия“-სა და „Баку“-ში, ასევე ტფილისურ სოციალ-დემოკრატიულ ჟურნალ-გაზეთებში.

    1905 წლის რევოლუციური მოძრაობის დროს, ბაქოში სომეხ-თათართა შეტაკებების დროს იძულებული გახდა ბაქოდან პეტერბურგში გადასულიყო, საიდანაც მალევე თბილისში დაბრუნდა. სამშობლოში დაბრუნებული პოლიტკური საბაბით დააპატიმრეს და ტამბოვის გუბერნიაში გადაასახლეს. გადასახლებიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ გაზეთ „Возрождение“-სა და „Кавказский рабочий листок“-ის რედაქციაში მუშაობდა. იყო სოციალ-დემოკრატიული გამოცემების სარედაქციო კოლეგიების წევრი და 1905 წლიდან სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის რუსულ გამოცემებს „Вольна“, „Жизнь“, „Наша жизнь“, „Молот“, „Трибуна“, „Край“, „Наш край“ და „Понедельник“-ს რედაქტორობდააქვეყნებდა კრიტიკულ ნაწარმოებებს ქართული ლიტერატურის შესახებ.

     1908 წლიდან გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი, ხოლო 1916 წლიდან საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრი. 1917 წლიდან კი უკვე "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თბილისის განყოფილების მუდმივი წევრია.

    1917 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს მოაწერა ხელი და 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, მიწათმოქმედების მინისტრის ამხანაგი.

    1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იქნა საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. პეტრე გელეიშვილი გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამეცნიერო არქივთა დეპარტამენტის გამგე.

    1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ საქართველოში დარჩა და წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩაება.

    1923 წლის 20 თებერვალს საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს მიხა ცხაკაიას მიმართა წერილით, რომელშიც ყოველგვარ არალეგალურ მუშაობაზე უარს ამბობდა.

    1924 წლის ბოლოდან საბჭოთა რეჟიმის მიერ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის დასაშლელად ჩამოყალიბებული „მუშათა კომისიის“ წევრი იყო და რედაქტორობდა მათ ბეჭდურ ორგანოს, გაზეთ „კომუნისტის“ ჩანართს - „ახალგზელი“. გამოაქვეყნა წერილების სერია, რომელიც მოგვიანებით წიგნად დაიბეჭდა („მეტის ატანა შეუძლებელია“), სადაც საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წარსულ საქმიანობასა და ემიგრაციაში მისი ლიდერების მოქმედებას აკრიტიკებდა.

    1925 წლის ივლისში, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მე-3 არალეგალურმა ყრილობამ პეტრე გელეიშვილი პარტიიდან გარიცხა. იყო საქართველოს სსრ რევოლუციის მუზეუმის თანამშრომელი, მუშაობდა ფუნდამენტურ კვლევებზე საქართველოში სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ისტორიის შესახებ. 1930-იან წლებში მუშაობდა ნიკო მარის სახელობის სამეცნიერო ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად და 1930-იანი წლების მეორე ნახევარში ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმის შესწავლას აგრძელებდა.

    1937-1938 წლების დიდი საბჭოთა ტერორის დროს, საქართველოს სსრ შინსახკომმა ძალისმიერი მეთდებით ზეწოლის გზით მოახერხა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის და სხვა მოწინააღმდეგე პარტიების ყოფილი ლიდერებისაგან, მათ შორის დამფუძნებელი კრების დეპუტატებისაგან  მიეღო აღიარებითი ჩვენებები, რომლის თანახმადაც საქართველოში არსებობდა კონტრრევოლუციური პარტიული „ცენტრები“  და რომლებმაც მიზნად დაისახეს შეიარაღებული გადატრიალების და უცხოეთიდან სამხედრო ინტერვენციის გზით საბჭოთა სახელმწიფოს დამხობა.

    1937 წელს, პეტრე გელეიშვილი არალეგალური „მენშევიკური“ კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს, მაგრამ მან წაყენებულ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ სცნო.

     1938 წლის 17 მარტს საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. „ტროიკამ“) დახვრეტა მიუსაჯა და 18 მარტს განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია (რსდმპ), წევრი (1898-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-1916)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1917-1918)

გააზიარე: