შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ივანე ივანეს ძე ზურაბიშვილი![]()
ბიოგრაფიაივანე ზურაბიშვილი დაიბადა 1872 წელს. 1891 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, სწავლობდა ჯერ კიევში, შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1895 წელს. სამშობლოში დაბრუნებულმა ივანე ზურაბიშვილმა ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის ქალიშვილი, ნინო შეირთო ცოლად. წყვილს სამი ვაჟი – არჩილი, გიორგი და ლევანი შეეძინათ. ივანე ზურაბიშვილი გახლდათ პუბლიცისტი და მთარგმნელი. აქტიურად თანამშრომლობდა იმ პერიოდის ქართულ და რუსულ პერიოდულ გამოცემებთან: "ივერია", "მოამბე", "ცნობის ფურცელი", "ერი", "Новое Обозрение", "Кавказ". ჟურნალ "ივერიაში" იბეჭდებოდა მისი მოთხრობები, თარგმანები და პოლიტიკური წერილები. "ივერიის" რედაქციის კრებებზე ივანე ზურაბიშვილი ხშირად ხვდებოდა ცნობილ ქართველ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს: ილია ჭავჭავაძეს, ივანე მაჩაბელს, გიორგი წერეთელსა და ანტონ ფურცელაძეს. გიორგი გვაზავასთან, სპირიდონ კედიასა და სხვებთან ერთად ივანე ზურაბიშვილი იყო ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ერთ–ერთი დამფუძნებელი და ამავე პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი. 1904 წელს, სწორედ ახალგაზრდა ივანე ზურაბიშვილი დაასახელა ილია ჭავჭავაძემ ახლადშექმნილი ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარედ. ივანე ზურაბიშვილს, პოლიტიკაში ჩართვა, აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობაში ხელს არ უშლიდა. იგი გახლდათ „ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“, ქართული დრამატიული საზოგადოების, სათავადაზნაურო სკოლის დამხმარე კომიტეტის წევრი და საკათალიკოსო საბჭოს მრჩეველი. ივანე ზურაბიშვილი 1908-1919 წლებში ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი იურისკონსულტანტი იყო, რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველ კომიტეტს, იყო თბილისის ნაფიც ვექილთა საზოგადოების თავმჯდომარე, ტყიბულის მაღაროთა გამგეობის თავმჯდომარე. 1921 წლის 24 თებერვალს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ივანე ზურაბიშვილმა ოჯახთან ერთად სამშობლო დატოვა. ოჯახი ჯერ სტამბოლში ცხოვრობდა, ხოლო 1924 წლიდან პარიზში. ზურაბიშვილი პარიზში ცხოვრებისას მუდამ ქართულ საქმეს ემსახურებოდა. აგრძელებდა რა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას, იგი არჩეულ იქნა ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის პარიზის კომიტეტის თავმჯდომარედ. აქვეყნებდა პოლიტიკურ წერილებს, კითხულობდა მოხსენებებს ილიასა და ვაჟაზე. 1936 წელს დაიბეჭდა ივანე ზურაბიშვილის წიგნი "საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობა", რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას ეხება. 1962 წელს პარიზში გამოვიდა ზურაბიშვილის მოგონებათა წიგნი – "კარგ ქართველთა ხსოვნისათვის", რომელიც უძვირფასეს მასალას შეიცავს XIX-XX საუკუნეთა მიჯნის საქართველოს ისტორიისთვის. ივანე ზურაბიშვილი 1940 წლის 14 ივნისს გარდაიცვალა და დაკრძალულია ლევილში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |