The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი

გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი
დაბადების თარიღი:1839
გარდაცვ. თარიღი:14 აპრილი, 1921  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სტამბოლი
კატეგორია:გეოგრაფი, პოლიტიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

    გიორგი ყაზბეგი დაიბადა 1839 წელს სტეფანწმინდაში ნიკოლოზ ყაზბეგისა და სალომე დუდაროვას ოჯახში. გარდაიცვალა 1921 წლის 14 აპრილს სტამბოლში.

    გიორგი ყაზბეგი იყო სამხედრო და საზოგადო მოღვაწე. ინფანტერიის გენერალი

    1867–1868 წლებში იგი იმყოფებოდა იტალიაში და გამოაქვეყნა ისტორიულ–გეოგრაფიული ნარკვევი „იტალიელები საქართველოს შესახებ“. სწავლობდა ტამბოვისა და ვორონეჟის კადეტთა  კორპუსებში. სამხედრო კარიერა პორუჩიკის ჩინით დაიწყო ქართველთა გრენადერთა პოლკში, 1879 წელს დაამთავრა რუსეთის არმიის გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია და დაინიშნა სამხედრო ინჟინრად კავკასიის არმიის გენერალურ შტაბში.

   1874 წელს ყაზბეგი კონსპირაციულად, სამხედრო–სადაზვერვო მისიით იმყოფებოდა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფ უძველეს პროვინციებში: აჭარა, შავშეთი და ჭანეთი. ამ მოგზაურობის შედეგად დაწერა ორი ვრცელი ნაშრომი: „ლაზისტანის სანჯაყის სამხედრო–სტრატეგიული ნარკვევი“ და „Три месяца в Турецкой Грузии“, რომელიც ძვირფას საისტორიო, არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ მასალას შეიცავს „ოსმალეთის საქართველოზე“ და რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილი ნამდვილ განძს უწოდებდა. ტბეთის ეკლესიაში აღმოაჩინა „ტბეთის სულთა მატეანე“, რომელიც მდიდარია ისტორიულ–გენეალოგიური მასალით. მოინახულა ხიხანის ციხე, ოპიზა და პარხალი. გეოგრაფიული ხასიათის ნაშრომებს ეკუთვნის „თერგის ოლქის სამხედრო–სტატისტიკური აღწერა“.

   გიორგი ყაზბეგი მონაწილეობას იღებდა ე.წ. „კავკასიის ომებში“, რუსეთ–ოსმალეთის 1877–1878 წწ. ომში. ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენითა და ოქროს იარაღით დაჯილდოვდა. ამ ომში გიორგი ყაზბეგის გვერდით იბრძოდა მისი და – ელისაბედი, რომელიც პეტერბურგის სამეანო სასწავლებლის კურსდამთავრებული იყო.

   1900 წელს გიორგი ყაზბეგს გენერალ–ადიუტანტის წოდება მიანიჭეს.

   სხვადასხვა დროს იყო ვარშავის სიმაგრის შტაბის უფროსი, ივანგოროდის, ვარშავისა და ვლადივოსტოკის კომენდანტი.

   სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და აქტიურად ჩაება საქართველოს საზოგადოებრივ–კულტურულ ცხოვრებაში. გიორგი ყაზბეგი იყო „ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დამფუძნებელი წევრი, 1908–1918 წლებში საზოგადოების თავმჯდომარე, ხოლო 1918–1921 წწ. საპატიო თავმჯდომარე. მისი ავტორიტეტისა და გავლენის წყალობით საზოგადოებამ გადალახა ის ეკონომიური და ორგანიზაციული პრობლემები, რომლებიც ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ დაგროვდა. სტრუქტურული ცვლილებები შეიტანა წესდებაში, შეიქმნა საზოგადოების განყოფილებები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და მის ფარგლებს გარეთაც, გაიზარდა საზოგადოების წევრთა რიცხვი, გაფართოვდა ბიბლიოთეკათა ქსელი, გაუმჯობესდა წიგნის ბეჭდვისა და გამომცემლობის საქმე. მან ბაქოსა და კავკავის ფილიალებს მიანიჭა ფართო ავტონომია.

   გიორგი ყაზბეგი იყო რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების წევრი, დიდი წვლილი მიუძღვის გურია–აჭარიდან თურქების განდევნაში, აჭარის საქართველოსთან შემოერთების საქმეში. იგი აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწეოდა, სტეფანწმინდაში განაგრძო ძმის – დიმიტრი ყაზბეგის მიერ დაწყებული საგანმანათლებლო საქმიანობა და დის – ელისაბედის თანადგომით საკუთარ სახლში გახსნა სკოლა.

   გიორგი ყაზბეგის მეუღლე იყო ელისაბედ ალექსანდრეს ასული მაღალაშვილი, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა: ელენე, ნიკო, კონსტანტინე და ალექსანდრე. სამივე ვაჟიშვილი პირველ სამამულო ომში დაეღუპა.

    სიცოცხლის ბოლო წლებში იგი ხელმოკლეობას განიცდიდა, საქართველოს ბოლშევიზაციის შემდეგ დამსახურებული მოღვაწე იძულებული გახდა ემიგრაციაში გადახვეწილიყო.

   1921 წლის 14 აპრილს გიორგი ყაზბეგი გარდაიცვალა სტამბოლში და იქვეა დაკრძალული.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თავმჯდომარე (1908-1918)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე (1918-1921)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა ანას II ხარისხის ორდენი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:გროზნო

გააზიარე: