The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



იუსტინე სერაპიონის ძე კალანდაძე

იუსტინე სერაპიონის ძე კალანდაძე
დაბადების თარიღი:1 ივნისი, 1884
გარდაცვ. თარიღი:1959  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

   იუსტინე კალანდაძე დაიბადა 1884 წლის 1 ივნისს გურიის სოფელ ხიდისთავში სასულიერო პირის ოჯახში.

   იუსტინე კალანდაძემ სენაკის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა და სწავლა განაგრძო ქუთაისის სასულიერო სასწავლებელსა და სემინარიაში. სწავლის დროს გაიტაცა სიმღერამ. სასულიერო სასწავლებლის მე-4 კლასში, მასწავლებელმა კორნელი მაღრაძემ, სასკოლო-საეკლესიო გუნდის ხელმძღვანელობა მიანდო.  მისივე დახმარებით დაეუფლა სანოტო სისტემას. თავისუფლად შეეძლო სიმღერების ნოტებზე გადაღება, რასაც იგი ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობის პერიოდში გულმოდგინედ ასრულებდა. პედაგოგიური მოღვაწეობა 20 წლის ასაკიდან დაიწყო.

   1904 წლიდან ლანჩხუთში სახალხო მასწავლებლად გამწესდა და პარალელურად მოწაფეებს სიმღერებს ასწავლიდა.

   1908 წელს იუსტინე კალანდაძე საცხოვრებლად ბათუმში გადავიდა და ქალაქის თითქმის ყველა სკოლაში სიმღერის მასწავლებლად მუშაობდა. მართავდა ღონისძიებებს და ტრადიციულ საღამოებზე (ნინოობა და სხვ.), საგანგებო გუნდებით მონაწილეობდა.

   1916 წლიდან იუსტინე კალანდაძე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ბათუმის განყოფილების, ხოლო 1918 წლიდან საზოგადოების ნამდვილი წევრი.

   1918-1923 წლებში, თბილისში, კომპოზიტორ  კოტე ფოცხვერაშვილის მიერ შექმნილ მთავრობის გუნდში სოლისტად, მასწავლებლად და ლოტბარის თანაშემწედ მუშაობდა.

    1923 წელს იუსტინემ, პროფკავშირთა დავალებით, ქალ-ვაჟთა მუდმივი პირველი საკლუბო გუნდი შექმნა, რომელმაც 1926 წლამდე იარსება და რომელიც ხშირად მართავდა კონცერტებს თბილისისა და სხვადასხვა ქალაქების კლუბებში.

   1926 წელს საბჭოთა მუშაკების კავშირთან ახალი ქალ-ვაჟთა გუნდი შექმნა.

   1928 წლიდან, თბილისის შრომის 21 სკოლაში სიმღერის მასწავლებლად მუშაობდა.

   იუსტინე კალანდაძე დიდი ხნის განმავლობაში, მუსიკოს დანოვსკისთან ერთად,  განათლების სამინისტროს პედაგოგიური კაბინეტის ქართული მუსიკის სექტორს ხელმძღვანელობდა და პარალელურად ამავე სამინისტროში ასრულებდა საზოგადოებრივი ინსტრუქტორის მოვალეობას სიმღერა-გალობის დარგში.

   1929 წელს, სრულიად საქართველოს მომღერალთა ოლიმპიადაში, ხელოვნების მთავარი განყოფილების დავალებით, ოთხი თვის დაარსებული ქალ-ვაჟთა გუნდით მიიღო მონაწილეობა. ამ ოლიმპიადაზე მონაწილეობას იღებდნენ აკადემიური გუნდები. მონაწილეთა შორის მხოლოდ მან შეასრულა ზაქარია ფალიაშვილის „ოქტომბრის კანტატა“.

   1945 წლიდან,  საინგილოში ქართული სკოლების დაარსების შემდეგ, იგი სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ამ მხარეში მივლინებულ ქართველ მასწავლებელთა ბრიგადას, რომელმაც მნიშვნელოვანი მუშაობა გასწია ინგილო ახალგაზრდობას შორის.

   იუსტინე კალანდაძე სიცოცხლის ბოლო წლებში თბილისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ სასწავლებელში მოღვაწეობდა და პარალელურად  ქალაქის სკოლების მეთოდისტად მუშაობასაც განაგრძობდა.

   იუსტინა კალანდაძე გარდაიცვალა 1959 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1918-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: