შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
სერგო მაქსიმეს ძე ჟორჟოლიანი![]()
ბიოგრაფიასერგო ჟორჟოლიანი დაიბადა 1890 წელს ოზურგეთში, მაქსიმე ჟორჟოლიანის მრავალშვილიან ოჯახში. დაწყებითი განათლების მისაღებად მშობლებმა ქუთაისის გიმნაზიაში მიაბარეს, რომლის დირექტორი იმ პერიოდში გახლდათ გამოჩენილი პედაგოგი იოსებ ოცხელი, რომელიც დიდად აფასებდა ახალგაზრდა სერგოს ნიჭსა და გონიერებას. 17 წლის ასაკში, ქუთაისის გიმნაზიის სტუდენტი, თბილისში ილია ჭავჭავაძის დაკრძალვაზე გააგზავნეს, სადაც მან ქუთაისის გიმნაზიის სტუდენტთა სახელით სიტყვა წარმოსთქვა. სერგო ჟორჟოლიანი გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ივანე ნაკაშიძის დაფინანსებით პეტერბურგში გაემგზავრა და უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა, სადაც აქტიურად იყო ჩაბმული ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ქართველთა სათვისტომოს საქმიანობაში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, იურისტის დიპლომით საქართველოში დაბრუნდა. სერგო ჟორჟოლიანი გახლდათ პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს წევრი და დიდი ამაგი დასდო რევოლუციას, აქტიური მონაწილეობა მიიღო ოზურგეთიდან თურქების განდევნისათვის ბრძოლაშიც. 1918 წლიდან სერგო ჟორჟოლიანი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი. თანამშრომლობდა ლ. დარჩიაშვილის ჟურნალ "ჩვენ კვალში" და სხვა ჟურნალ-გაზეთებში. სერგო ჟორჟოლიანი სახალხო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა ლიტერატურის ისტორიასა და ეკონომიკაში. 1918 წელს სერგო ჟორჟოლიანი გახლდათ ნოე ჟორდანიას მთავრობის ქვესტორი (საქმეთა მმართველი) და პარალელურად წითელი ჯვრის საზოგადოების თანათავმჯდომარე და ადვოკატთა კოლეგიის წევრი. 1920 წლის 2 ივლისის გაზეთი „ერთობა“ იუწყება, რომ ფრონტის დამხმარე მთავარი კომიტეტის პრეზიდიუმმა ჯარში დასარიგებლად ქართველი ჯარისკაცების აზერბაიჯანში ცხოვრების შესახებ დასურათებული ბროშურის გამოცემა გადაწყვიტა. მისი შედგენა მიენდო: სერგო ჟორჟოლიანს, სოლომონ დოლიძესა და ტიტე ართმელაძეს. 1921 წლის საქართველოს ოკუპაციის დროს სერგო ჟორჟოლიანი ემიგრაციაში არ წავიდა, სამშობლოში დარჩა და იურისტად გააგრძელა მუშაობა. 1937 წელს, რეპრესიების დაწყებისთანავე სერგო ჟორჟოლიანი დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, სადაც სასტიკად აწამეს, მაგრამ ხელი ვერაფერზე ვერ მოაწერინეს და ციმბირში გადაასახლეს. მან 12 წელი გაატარა კამჩატკის ნახევარკუნძულზე - მაგადანზე, საიდანაც მრავალი გაჭირვების შემდეგ დაბრუნდა. სერგო ჟორჟოლიანი ერუდირებული და მრავალმხრივ განათლებული პიროვნება იყო, კარგად ფლობდა რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებს. მისი მაღალი იურიდიული კვალიფიკაციის შედეგი იყო, რომ გადასახლებიდან დაბრუნებისთანავე ფილარმონიის იურისტ-კონსულტანტად დაიწყო მუშაობა. მისი ყველა პროცესი ძველი იურიდიული სკოლის მჭერმეტყველების ბრწყინვალე ნიმუში იყო. სერგო ჟორჟოლიანი გარდაიცვალა 1964 წელს და დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |