The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ანა (ოლა) ილიას ასული სოლოღაშვილი

ანა (ოლა) ილიას ასული სოლოღაშვილი
ოფიციალური სახელი:ოლღა ილიას ასული სოღულაშვილი
დაბადების თარიღი:1882
გარდაცვ. თარიღი:27 ნოემბერი, 1937  (55 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია (დახვრეტილი)
კატეგორია:დამფუძნებელი წევრი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, რეპრესირებული

ბიოგრაფია

    ანა სოლოღაშვილი დაიბადა 1882 წელს გორის მაზრის სოფელ მეჯვრისხევში, ქალაქ გორის მოქალაქის ოჯახში. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი და 1917 წლამე  მასწავლებლად მუშაობდა.

    1903 წლიდან ანა სოლოღაშვილი გახლდათ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი და თავისი პოლიტიკური და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის გამო რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული.

    1917 წლის ნოემბერში ანა სოლოღაშვილი საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს. იგი გახლდათ  გორის ქალთა ინტერნაციონალური კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი.

    1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, ხოლო 1919 წლის თებერვლიდან თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი.

    1919 წლის 12 მარტიდან ანა სოლოღაშვილი არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით და მუშაობდა სარედაქციო, საპენსიო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში. იყო საბიბლიოთეკო კომისიის მდივანი.

    1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. შედიოდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ქალთა კომიტეტში, რომელიც არალეგალურად მუშაობდა პოლიტიკური პატიმრებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად. 1922 წლიდან კომიტეტი  ბოლშევიკურ საოკუპაციო რეჟიმთან მებრძოლი პარტიების ერთიან ორგანიზაციად გარდაიქმნა და ეწოდა „საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვარი“.

    ანა სოლოღაშვილი 1925 წლიდან ცხოვრობდა და მასწავლებლად მუშაობდა  სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში.

    1937 წელს ანა სოლოღაშვილი შინსახკომის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რაიონულმა განყოფილებამ დააპატიმრა და 1937 წლის 27 ნოემბერს, საქართველო სსრ-ს შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. „ტროიკა“),  ანტისაბჭოთა და ანტისაკოლმეურნეო პროპაგანდისა და შოვინისტური განწყობების, აგრეთვე „მენშევიკთა“ ლიდერ ისიდორე რამიშვილთან კავშირის ბრალდებით დახვრეტა მიუსაჯა.

    სასჯელი იმავე ღამეს სისრულეში იქნა მოყვანილი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გორის ქალთა ინტერნაციონალური კავშირი, დამფუძნებელი და გამგეობის წევრი
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია, წევრი (1903-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1920-)

გააზიარე: