The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



მინადორა ეფრემის ასული ტოროშელიძე

მინადორა ეფრემის ასული ტოროშელიძე
Legal name:მინადორა ეფრემის ასული ორჯონიკიძე
Date of birth:14 March, 1873
Date of death:17 October, 1967  (at 94 years)
Category:Founding member, Medical Doctor, Politician

Biography

    მინადორა ტოროშელიძე დაიბადა 1879 წლის 14 მარტს (ძვ. სტ.)  შორაპნის მაზრის სოფელ ღორეშაში აზნაურის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზია და ერთვება მარქსისტული მოძრაობის წრეებში. 

     1901 წელს  სწავლა განაგრძო ჟენევის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე. აქტიურად მუშაობდა ქალაქის სოციალისტურ წრეებსა და „ისკრის“ დამხმარე ჯგუფში. სწორედ ჟენევაში იქორწინა მან მალაქია ტოროშელიძესთან. 
    1905 წელს, თბილისში დაბრუნების შემდეგ რევოლუციურ მოძრაობაში ჩაერთო. ამიერკავკასიაში სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში განხეთქილების შემდეგ კი აქტიური „მენშევიკი” გახდა. 1906 წლის დასაწყისში რევოლუციური მოძრაობის ჩახშობის შემდეგ ქალაქ ბაქოში გაემგზავრა და იმავე წელს ჟენევაში დაბრუნდა სწავლის დასასრულებლად.

    1917 წლის ნოემბერში მინადორა ტოროშელიძე ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს. 

    1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს და 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.

    1919 წელს  მინადორა ტოროშელიძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს  სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით და მონაწილეობდა შრომისა და სახალხო ჯანმრთელობის კომისიების მუშაობაში. პარალელურად ელეონორა იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ქალთა ორგანიზაციების ბიუროს თავმჯდომარე, რომელიც ქალთა პოლიტიკურ კლუბს და დედათა და ბავშვთა დამცველ საზოგადოებას ხელმძღვანელობსა.  შეიძლება ითქვას, რომ მინადორა ერთდოულად ორ ფრონტზე იბრძოდა, ვინაიდან  1919 წლის 4 აპრილს  დამტკიცდა კანონი „დამფუძნებელი კრების წევრობასა და მოხელეობის შეუთავსებლობისა და წევრთა გასამრჯელოს შესახებ“, რომლის მიხედვითაც ადგილობრივ თვითმმართველობათა გამგეობის წევრს არ ეკრძალებოდა ამავე დროს ყოფილიყო დამფუძნებელი კრების წევრი. ამ უფლებით სარგებლობდა საკმაოდ ბევრი მაშინდელი პოლიტიკოსი, მათ შორის მინადორა ტოროშელიძეც.

    1921 წლის თებერვალში რუსეთის საბჭოთა არმიის თავდასხმის დროს საქართველოს წითელ ჯვარში მუშაობდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კი ანტისაბჭოთა მოძრაობაში ჩაერთო. ამერიკული დახმარების ადმინისტრაციაში (American Relief Administration) მუშაობის პარალელურად, დაპატიმრებულ სოციალ-დემოკრატების და ფედერალისტების ოჯახების დასახმარებლად, ქალთა არალეგალურ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა.

       1924 წლის დასაწყისში იძულებით მოსკოვში გაასახლეს. 1925 წელს, მას შემდეგ,რაც მენშევიკურ პარტიაში მუშაობაზე უარი თქვა, თვითნებურად დაბრუნდა თბილისში, მაგრამ კვლავ მოსკოვში გაგზავნეს, ხოლო მოგვიანებით თბილისში დაბრუნების უფლებაც მისცეს.
    1936 წელს მინადორა ტოროშელიძეს, ქალაქ კისლოვოდსკში ყოფნისას ანტი-საბჭოთა საუბრებისა და გადასახლებულ მენშევიკთან გრიგოლ სპირიდონის ძე ლორთქიფანიძესთან კავშირის გამო დასდეს ბრალი, რის გამოც იგი 1936 წლის 17 დეკემბერს 5 წლით ყაზახეთში გადაასახლეს, სადაც ქალაქ ჩიმკენტის პოლიკლინიკაში ექიმად მუშაობდა. გადასახლებაში ყოფნის დროს, 1937 წლის 5 ივნისს იგი დააპატიმრეს, ხოლო 1937 წლის 29 ოქტომბერს ე.წ. „ტროიკამ“ მას 8 წლით შრომა-გასწორების კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა. საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი აღმოჩნდა მისი მეუღლე მალაქია ტოროშელიძე და შვილები ლევან და გიორგი ტოროშელიძეები, რომელთაც შინსახკომის “ტროიკების” მიერ დახვრეტა მიესაჯათ. 
    მინადორა ტოროშელიძის სასჯელის ვადა 1945 წელს დამთავრდა, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მისცეს. თბილისში 1950 წელს ჩამოვიდა, ხოლო 1956 წელს მოხდა მისი რეაბილიტირება.

    მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე გარდაიცვალა 1967 წლის 17 ოქტომბერს.

Member of Organizations

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1917-1918)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების გამგეობის წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (-1916)

Share: