The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ალექსანდრე (სანდრო) ივანეს ძე ფარნიევი

ალექსანდრე (სანდრო) ივანეს ძე ფარნიევი
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე ივანეს ძე ფარნიაშვილი
სხვა სახელი:სანდრო  (შემოკლებული ფორმა)
ოსი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:14 სექტემბერი, 1883  (140 წლის)
გარდაცვ. თარიღი:183?
კატეგორია:დამფუძნებელი წევრი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

     ალექსანდრე ფარნიევი დაიბადა 1883 წლის 14 სექტემბერს (ძვ. სტ.) დუშეთის მაზრის სოფელ ქვითკირისწყაროში ღარიბი გლეხის ოჯახში.

    ალექსანდრემ 13 წლის ასაკში სოფელი დატოვა და თბილისში გადმოსახლდა. იგი შეგირდად მუშაობდა კერძო სახელოსნოებში. 1896 წლიდანვე ჩაება სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში. საბაზისო განათლება მიიღო 1900 წლიდან საკვირაო სკოლაში და ე. წ. „ნაძალადევის უნივერსიტეტში“ - სოციალ-დემოკრატიული პარტიის მუშათა წრეში და მუშაობდა ზეინკლად, იყო საავტომობილო საქმის სპეციალისტი.

    ალექსანდრე ფარნიევი 1901 წლის 1 იანვარს ლადო კეცხოველთან ერთად მონაწილეობდა ტფილისის „კონკის“ (ცხენის ტრამვაი) მუშების პირველი გაფიცვის ორგანიზებაში. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში. მეფის რეჟიმის დროს რამდენჯერმე დაპატიმრებული იყო პოლიტიკური საბაბით.

    1907 წლიდან დაიწყო მუშაობა ტფილისის ტრამვაიში ზეინკლად. იგი გახლდათ ტრამვაის მუშათა პროფკავშირის და საამხანაგო კომისიის წევრი.

   1915 წლიდან სანდრო ფარნიევი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი.

    1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ფარნიევი მუშაობდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტში. იგი იყო საქართველოს წითელი გვარდიის, შემდგომში სახალხო გვარდიის, ერთ-ერთი დამაარსებელი და ორგანიზატორი, არჩეული იყო სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად.

    1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად და 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.

    1919 წლის 12 მარტს ალექსანდრე ფარნიევი არჩეული იქნა საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით.

   1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში.

   1922 წლის ბოლოდან ბოლშევიკურმა რეჟიმმა საკუთარ სპეცსამსახურზე დაყრდნობით დაიწყო მასობრივი ზეწოლა მოწინააღმდეგე პარტიების წევრებზე იმ მიზნით, რომ ეიძულებინა პარტიიდან გასვლის შესახებ პრესაში დეკლარაციის გაკეთება და პარტიის თვითლიკვიდაციის პროცესის დაწყება, რაც ფართოდ გამოიყენებოდა პროპაგანდისათვის.

    სანდრო ფარნიევმა 1923 წლის 6 ივლისს პრესაში განაცხადა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის დატოვების შესახებ. იგი მალევე შეუერთდა „ყოფილი მენშევიკების“ მოძრაობას,  მონაწილეობდა რეგიონულ კონფერენციებში და მოუწოდებდა პარტიის წევრებს, დაეტოვებინათ „მენშევიკური“ პარტია და შერიგებოდნენ საბჭოთა ხელისუფლებას.

   1923 წლის 29 აგვისტოს „ყოფილი მენშევიკების“ სრულიად საქართველოს კონფერენციამ, რომლის პრეზიდიუმის წევრიც ალექსანდრე ფარნიევი იყო, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია დაშლილად გამოაცხადა. კონფერენციამ წერილით მიმართა ნოე ჟორდანიას და სამშობლოში დაბრუნებისაკენ მოუწოდა.

    შემდგომ წლებში სანდრო ფარნიევი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. 1924-1927 წლებში მუშაობდა ტრამვაის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.

    სანდრო ფარნიევის შემდგომი ბედი უცნობია.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (-1923)
  • სახალხო გვარდიის მთავარი შტაბი, წევრი
  • ტრამვაის მუშათა პროფკავშირები და საამხანაგო კომისია, წევრი (1907-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1915-1916)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1918-)

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი, ერმოლოვის ქუჩა №11. სამიწათმოქმედო სამინისტროს სახლი.

გააზიარე: