The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ქრისტინე (ჩიტო) გიორგის ასული შარაშიძე

ქრისტინე (ჩიტო) გიორგის ასული შარაშიძე
დაბადების თარიღი:დეკემბერი, 1887
გარდაცვ. თარიღი:10 ნოემბერი, 1973  (85 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, ვაკის სასაფლაო
კატეგორია:პედაგოგი, დამფუძნებელი წევრი, ბიბლიოთეკარი, ფილოლოგი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

    ქრისტინე შარაშიძე დაიბადა 1887 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში, სახალხო მასწავლებლების გიგო შარაშიძისა და ნინა ქიქოძის ოჯახში. შარაშიძის გვარი სოფელში ცნობილი იყო, როგორც განათლებითა და ცოდნით გამორჩეული. დაწყებთი განათლება მიიღო ბახვის სოფლის სკოლაში, რომელიც გაბრიელ ეპისკოპოსს აუგია (ნინო ქიქოძე გაბრიელ ეპისკოპოსის ძმისწული გახლდათ). შემდგომში სწავლობდა ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიაში, საიდანაც გარიცხეს 1904 წელს მოსწავლეთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო.

    1905 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. აქტიურად მონაწილეობდა 1905-1906 წლებში თბილისის გამოსვლებში, ამზადებდა საგაზეთო ინფორმაციებს, 1905 წლის ნოემბერში თბილისში „სომეხ-თათართა შეტაკებების“ განმუხტვისას მონაწილეობდა ე.წ. „მფრინავ რაზმში“, რომელიც სამედიცინო დახმარებას უწევდა დაშავებულებს.

    ქრისტინე შარაშიძე 1907 წლიდან მასწავლებლად მუშაობდა ქუთაისის მარიამ ყაუხჩიშვილის კერძო გიმნაზიაში.1910-1911 წლებში გახლდათ ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის წევრი.

    1909 წლიდან იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი, ხოლო 1917 წლიდან საზოგადოების გამგეობის წევრი.

    1919 წელს არჩეული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიიდან და შედიოდა პრეზიდიუმის სამდივნოში.

    ქრისტინე შარაშიძე ასევე იყო საბიბლიოთეკო, სარედაქციო და სახალხო განათლების კომისიის წევრი, თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი.

    1921 წლის აგვისტოში, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, პირველად დააპატიმრეს ოზურგეთში რამდენიმე დღით. 1922 წლის თებერვალში, საქართველოს ოკუპაციის პირველი წლისთავის აღნიშვნისას დაგეგმილ ანტი-საბჭოთა დემონსტრაციების აღსაკვეთად  საგანგებო კომისიამ, იზოლაციის მიზნით, დაიწყო ანტი-საბჭოთა პარტიების ლიდერების და აქტიური წევრების დაპატიმრება. 1922 წლის 17 თებერვალს მე-10 პედაგოგიურ ტქნიკუმის მასწავლებელი ქრისტინე შარაშიძე დააპატიმრეს საგანგებო კომისიის  ორდერით.

    დაკითხვაზე განაცხადა: „. . . სასწავლებელში იყო გაფიცვა მოსწავლეებისა და თუ ვინ ხელმძღვანელობდა ამ გაფიცვას არ ვიცი და პირადათ მე არანაირი დამოკიდებულება ამ გაფიცვასთან არ მქონია. საქართველოში? არსებულ წესწყობილების წინააღმდეგ მე არ ვმუშაობ იმიტომ, რომ არსებული რეჟიმი პოლიტიკურ მუშაობას შეუძლებლათ ხდის. მე არც ის ვიცი არსებობს თუ არა ცენტრალური კომიტეტი მენშევიკურ პარტიისა და ეწევა თუ არა რაიმე მუშაობას. საქართველოში საბჭოთა ხელის უფლების განმტკიცებაზე შემიძლია ვსთქვა რომ აქ არის ხსენებული ძალა უფლება შემოსული რუსეთის წითელი ჯარის საშუალებით რომელიც წარმოადგენს რეალურ ძალას და მთავრობა შემდგარი ქართველებისაგან წარმოადგენს მხოლოდ ფიქციას და ბატონობა საქართველოში არის უცხო ხალხისა . . .“

     საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის პერიდიუმმა ქრისტინე შარაშიძეს 1922 წლის 23 მარტს ბრალდებით –მცდელობა საბჭოთა წყობილების დასამხობად და მენშევიკების ბატონობის აღსადგენად - 6 თვით იზოლაციის წესით პატიმრობა მიუსაჯა. მეტეხის ციხიდან ქრისტინე შარაშიძე 1922 წლის 6 მაისს ავადმყოფობის გამო გაათავისუფლეს ძმის შალვა შარაშიძის თავდებობის ქვეშ.

    1924-1925 წლებში იყო მასწავლებელთა სახლის ქართული ენის კაბინეტის გამგე და 1917-1931 წლებში საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმის თანამშრომელი.

    ქრისტინე შარაშიძე 1927–1931 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე სწავლობდა. 

    1934 წელს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების ბიბლიოთეკის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადატანის გამო ჩაირიცხა უნივერსიტეტის შტატში, ხოლო 1935 წელს გაათავსუფლეს ბიბლიოთეკის გარშემო წარმოქმნილი კონფლიქტის გამო რექტორ ლევან აღნიაშვილის ბრძანებით.

    ქრისტინე შარაშიძე 1936-1937 წლებში შოთა რუსთაველის საიუბილეო გამოფენის მოწყობაზე მუშაობდა, ხოლო 1938-1941 წლებში საქართველოს სსრ წიგნის პალატის დავალებით „ქართული წიგნის ბიბლიოგრაფიის“ პირველი ტომის შედგენაზე. მივლენილი იყო სამუშაოდ ლენინგრადში (სანკტ-პეტერბურგი).

    1941-1964 ქრისტინე შარაშიძე  საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებასა და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიაში მუშაობდა. მოამზადებული აქვს მნიშვნელოვანი შრომები ქართული ბეჭდვითი სიტყვის ისტორიის შესახებ. იყო უმნიშვნელოვანესი გამოკვლევების ავტორი ხევისა და სამხრეთ საქართველოს ისტორიის შესახებ.  დამუშავებული და შესწავლილი აქვს IX – XIX საუკუნის 1500-ზე მეტი ხელნაწერი.

   1953 წლის თებერვალში ქრისტინემ გამოსათხოვარი სიტყვა წარმოთქვა ექვთიმე თაყაიშვილის დაკრძალვაზე. იგი თანამოაზრეებთან ერთად არალეგალურად ეხმარებოდა  პოლიტპატიმრებსა და მათ ოჯახებს.

    1958-1964 წლებში იგი გახლდათ საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი და 1964 წელს რესპუბლიკური მნიშვნელობის პერსონალური პენსია დაენიშნა.

    ქრისტინე შარაშიძე გარდაიცვალა 1973 წლის 10 ნოემბერს თბილისში და დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1921-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1918-)

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი

გააზიარე: