The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ვასილ ჩიტოს ძე გადელია

ვასილ ჩიტოს ძე გადელია
ოფიციალური სახელი:ვასილ ჩიტილიას ძე გადილია
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1872  (152 წლის)
კატეგორია:გამომცემელი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

   ვასილ გადილია დაიბადა 1872 წელს სამეგრელოში, სოფელ კიწიაში. სიღარაბის გამო იძულებული იყო სოფლის სკოლის მე-3 კლასიდან გამოსულიყო და სამუშაო ეძებნა. მან სამხედრო სამსახური მოიხადა და ხელი მიჰყო თვითგანვითარებას. გადილია სხვადასხვა დროს მუშაობდა ნოქრად, მოსამსახურედ და შავ მუშად.

   1898 წელს ვასილ გადილია ამიერკავკასიის რკინიგზის  მთავარი სახელოსნოების მუშათა გაფიცვაში მონაწილეობდა.

   1899 წელს განჯაში, სოციალ-დემოკრატთა წრეში ავრცელებდა არალეგალურ ლიტერატურას. 1901 წელს თბილისში გახსნა ნახმარ წიგნთა სავაჭრო,  რომელიც რევოლუციონერთა თავშეყრის ადგილად გადაიქცა.  1902-1911 წლებში 25-მდე, უმეტესად რევოლუციური შინაარსის, წიგნაკი გამოსცა. ფლობდა „ვ. გადილიას წიგნის მაღაზიას“, „ახალი თეატრის“,  „ალიონის“ და „კიწიელის“ ფირმებს. 1906 წელს წიგნის კიოსკი ქუთაისშიც გახსნა, უმთავრესად რევოლუციური ლიტერატურის გასავრცელებლად, რის გამოც კიოსკი გადაწვეს.

   1906 წელს  ვასილ გადილიას ფიქტიური რედაქტორ-გამომცემლობით თბილისში გამოდიოდა ყოველდღიური სოციალ-დემოკრატიული გაზეთი „ჩვენი ცხოვრება“ .გამოვიდა  სულ 15 ნომერი,  შემდეგ  კი გაზეთი ბოლშევიკებს (სოსო ჯუღაშვილს) გადასცა მ. კვაჭაძის ფიქტიური რედაქტორობით.

   1906 წლის 7 სექტემბერს, ლიბკნეხტის წიგნაკის „ორი არსება“ („ობობა და ბუზის“) გამოცემისათვის  გადილია გაასამართლეს, მაგრამ თავდებით გაათავისუფლეს. იმავე 1906 წლის 5 დეკემბერს მეორედ მისცეს პასუხისგებაში ნემეზიდაშვილის (სევ. ჯუღელის) წიგნაკის „შეგნებული პროლეტარიატი და რევოლუციის“ გამოცემისა და გავრცელებისთვის. კვლავ თავდებით გაუშვეს. მესამედ 1907 წელს გაასამართლეს და ციხეში ჩასვეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ საქმიანობა  გამომცემლობა „ალიონის“ ფირმით განაგრძო.

   1910 წელს წიგნის სავაჭრო მაღაზია ზაქარია ჭიჭინაძის სახელზე გააღო, რადგან თვითონ  ამ სფეროში საქმიანობის გავრცელების უფლება  აღარ ჰქონდა . იმავე წელს მაღაზია გაუჩხრიკეს, შეიპყრეს და 1911 წლის 3 იანვარს ორი წლით ციხეში პატიმრობა მიუსაჯეს. პატიმრობის დროს ციხის სტამბაში დაბეჭდა:  მარქსის “ეკონომიური მოძღვრება” (ფილიპე მახარაძის თარგმანი. ამ წიგნში ხმარებული  უცხო სიტყვების ნაწილი განმარტებულია იოსებ იმედაშვილის მიერ),  ივანე გომართელის “ადამიანის ნება და ზნეობა” და  „ალიონის“ კრებული, რომელშიც შედიოდა (25-მდე მოთხრობა და ესკიზი.

   რომანოვების  მეფობის 300 წლისთავისადმი მიძღვნილი მანიფესტით ციხიდან გაანთავისუფლეს, მაგრამ  ხუთი  წლით გადაასახლეს.  გადილიას მიერ  გამოცემულ წიგნების უმრავლესობა მთავრობამ აკრძალა და დაწვა. დროდადრო, გაზეთებში პატარ-პატარა წერილებს წერდა.

    გაუსამართლებლად პატიმრობის გამო, ვასილ გადილიამ მეფის მთავრობის წინააღმდეგ პროტესტი გაზეთში განაცხადა:  „წიგნის მაღაზია დამიბიჭდეს... პოლიციის მე-6 ნაწილში დაგვაკავეს. მეოთხე დღეა, არც გვიშვებენ და არც საქმეს იძიებენ... ჩემს თხოვნას ყურადღებას არ აქცევენ. მეუბნებიან: თქვენს  მაღაზიაში უცენზურო წიგნები იყიდებოდაო და მასთან განსაკუთრებით პოლიტიკური შინარსისო... მეექვსე თვეა, რაც უცენზურო წიგნებს თავისუფლად ვყიდდი მთელი რუსეთის მეწიგნეებთან ერთად და რაღა დღეს მიკრძალავენ, როცა კანონი არ კრძალავს. პროტესტს ვუცხადებ ასეთ უსამართლობას. მოვითხოვ ან განთავისუფლებას ან საქმის გარჩევას“ .

   ვასილ გადილიას გარდაცვალების თარიღი უცნობია.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1917-1921)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: