The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ალექსანდრე ივანეს ძე დგებუაძე

ალექსანდრე ივანეს ძე დგებუაძე
Date of birth:1882
Date of death:10 October, 1937  (at 55 years)
Burial location:უცნობია (დახვრეტილი)
Category:Founding member, Politician, Repressed

Biography

    ალექსანდრე დგებუაძე დაიბადა 1882 წელს ქალაქ ქუთაისში. დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. მუშაობდა ქალაქ ბათუმის ქარხნებში მუშად.

    1900 წლიდან  გახლდათ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის  და ბათუმის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი. 1905 წლიდან  რსდმპ „მენშევიკების“ ფრაქციაში მუშაობდა. მეფის რეჟიმის დროს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრობისთვის ადმინისტრაციული წესით იაკუტიის ოლქში გადაასახლეს.

    1917 წლის დეკემბერში საქართველოს წითელი გვარდიის (შემდგომში სახალხო გვარდიის) ერთ-ერთი დამაარსებელი და ორგანიზატორი იყო და არჩეული იქნა სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად. უშუალოდ მონაწილეობდა სახალხო გვარდიის საბრძოლო ოპერაციებში.

    1917 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად და 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იქნა საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით და მუშაობდა სამხედრო კომისიის წევრად.

    1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირებისას მონაწილეობდა წითელი არმიის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში. ორჯერ დაიჭრა, მაგრამ მაინც განაგრძობდა სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას. ოკუპირების შემდეგ  საქართველოში დარჩა და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში.

   1921 წლის 13 ივლისს  თბილისში მყოფი იოსებ სტალინი სიტყვით გამოვიდა ნაძალადევის „პლეხანოვის სახელობის მუშათა კლუბში“. მოხსენების საპასუხოდ სიტყვით გამოვიდნენ დამფუძნებელი კრების დეპუტატები ალექსანდრე დგებუაძე და ისიდორე რამიშვილი. დისკუსია ანტისაბჭოთა დემონსტრაციასა და სტალინის სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. იმავე ღამეს სტალინის მითითებით შეიცვალა საქართველოს რევკომის ხელმძღვანელობა და დაიწყო მასობრივი დაპატიმრებები.  დააპატიმრეს ალექსანდრე დგებუაძეც და მოათავსეს  მეტეხის  N2 „გამასწორებელ სახლში“.

   1922 წლის 16 დეკემბერს ალექსანდრე დგებუაძე სხვა პოლიტპატიმრებთან  ერთად ეტაპით მოსკოვში გადააგზავნეს და რსფსრ-ს საკონცენტრაციო ბანაკებში გადაანაწილეს.  შინსახკომის კომისიის გადაწყვეტილებით ალექსანდრე დგებუაძე არხანგელსკის საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა და  გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს კოლეგიასთან არსებულმა განსაკუთრებულმა სათათბირომ 1926 წლის 15 იანვარს 3 წლით ვორონეჟში გადაასახლა.

    1933 წლის 29 დეკემბერს ე.წ. „ვორონეჟის ჯგუფის“ წევრებს სამი წლით საკონცენტრაციო ბანაკში გადასახლება დაუდგინეს.   1934 წლის 13 იანვარს ალექსანდრე დგებუაძე გადასახლებულთა ჯგუფთან ერთად დააპატიმრეს და ეტაპით გადაგზავნეს ჯერ მარიინსკში, შემდეგ კუზნეცოვსკში და საბოოლოდ  გორნოშორის ბანაკში.

    დიდი საბჭოთა ტერორის დროს ალექსანდრე დგებუაძე გადასახლების ადგილას დააპატიმრეს საქართველოს „მენშევიკურ კონტრრევოლუციურ-დივერსიულ ტერორისტულ მავნებლურ ცენტრთან“ კავშირისა და გადასახლებულებს შორის კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ჩამოყალიბების ბრალდებით. დაპატიმრებული გადაგზავნეს თბილისში, სადაც საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე.წ. „ტროიკა“) 1937 წლის 9 ოქტომბერს დახვრეტა მიუსაჯა. განაჩენი 10 ოქტომბრის ღამეს სისრულეში იქნა მოყვანილი.

Member of Organizations

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბორჯომის განყოფილების ნამდვილი წევრი (1917-1920)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1918-1921)

Share: