The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



სოლომონ (სოლონ) ივანეს ძე ვადაჭკორია

სოლომონ (სოლონ) ივანეს ძე ვადაჭკორია
დაბადების თარიღი:1880
გარდაცვ. თარიღი:1928  (48 წლის ასაკში)
კატეგორია:დამფუძნებელი წევრი, მესტამბე, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

    სოლომონ  ვადაჭკორია დაიბადა 1880 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ ჭანჭათში გლეხის ოჯახში. დაწყებითი განათლება სოფლის სკოლაში მიიღო და ბავშვობიდან ტფილისის ტიპოგრაფიებში შეგირდად, შემდგომ კი ასოთამწყობად მუშაობდა. 1897 წელს მუშაობდა გაზეთ „ცნობის ფურცლის“ ასოთამწყობად და ამ პერიოდიდან ჩაერთო სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში.

   1898 წელს  რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში შევიდა და  ლადო კეცხოველთან ერთად  ექვთიმე ხელაძის სტამბაში მუშაობდა. სოლომონ ვადაჭკორია გახლდათ  რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „მენშევიკების“ ფრაქციის წევრი და 1905 წლის დასაწყისიდან თბილისის კომიტეტში  მე-3 რაიონის წარმომადგენლად იყო კომიტეტის წევრის უფლებით.

   1905 წლის აგვისტოში ქალაქის საბჭოს შენობაში დემონსტრაციის დარბევისას დააპატიმრეს, მაგრამ  1905 წლის ოქტომბრის მანიფესტით გათავისუფლდა.  სოლომონ ვადაჭკორიას კანდიდატურა,  დამსახურების გამო, პარტიამ 1906 წელს სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებზე ხმოსნად წამოაყენა. იგი ხელმძღვანელობდა არალეგალურ გაზეთ „დილას“.

    1908 წლის თებერვალში დააპატიმრეს და სამხედრო სასამართლომ 4 წლით კატორღა მიუსაჯა. კატორღის ვადის მოხდის შემდეგ სამუდამოდ გადაასახლეს ციმბირში, საიდანაც წელიწად-ნახევრის შემდეგ  საზღვარგარეთ გაქცევა მოახერხა.

   1914-1915 წლებში ცხოვრობდა კონსტანტინოპოლში. 1915 წელს ბერლინში  გადავიდა და მუშაობდა ტიპოგრაფიაში. მონაწილეობდა საქართველოს გათავისუფლების კომიტეტის გაზეთ „ქართული გაზეთის“ გამოცემაში.

    1918 წლის მაისში სამშობლოში დაბრუნდა და თბილისის ტიპოგრაფიაში მუშაობდა. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.

   სოლომონ ვადაჭკორია  საქართველოს რესპუბლიკის ქალაქთა კავშირის ტიპოგრაფიის გამგის თანაშემწედ და მთავრობის ტიპოგრაფიის გამგედ მუშაობდა.

    1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ საქართველოში დარჩა და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1921 წელს დააპატიმრეს და გათავისუფლების შემდეგ  გადავიდა არალეგალურ მდგომარეობაზე.  1922 წელს გახდა  საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის კომიტეტის თავმჯდომარე და იყო არალეგალური სტამბების ორგანიზატორი. აქტიურად მუშაობდა ნოე ხომერიკთან ერთად.

   1923 წელს წავიდა ბათუმში, რათა ოჯახთან ერთად არალეგალურად გამგზავრებულიყო გერმანიაში, მაგრამ საზღვარზე დააპატიმრეს.  ვადაჭკორიამ განცხადებით მიმართა საქჩეკას თავმჯდომარეს და სთხოვა, რომ  საზღვარგარეთ  ოჯახთან ერთად წასვლის საშუალება მიეცათ, რადგანაც ისედაც გადაწყვეტილი ჰქონდა პოლიტიკიდან ჩამოშორება.

   1924 წლის ბოლოდან იყო საბჭოთა რეჟიმის მიერ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის დასაშლელად ჩამოყალიბებული „მუშათა კომისიის“ წევრი და იატაკქვეშელ ყოფილ თანამებრძოლებს ხელისუფლებასთან შერიგებასა და ამნისტიის მიღებაში ეხმარებოდა.

   1925 წლისათვის, რამდენადაც ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ კვლავ უარი უთხრა ვიზაზე საზღვარგარეთ ოჯახთან გასამგზავრებლად, მან კვლავ არალეგალურად სცადა გაღწევა და ამჯერად წარმატებით.

   სოლომონ ვადაჭკორია  1928 წელს  ბერლინში გარდაიცვალა.

წყარო: SOVLAB

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, თბილისის კომიტეტის თავმჯდომარე (1922-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1920-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1918-)

გააზიარე: