The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



მელიტონ ივანეს ძე რუსია

მელიტონ ივანეს ძე რუსია
დაბადების თარიღი:1878
გარდაცვ. თარიღი:აგვისტო, 1951  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საფრანგეთი, ლევილის ქართული სასაფლაო
კატეგორია:ადვოკატი, დამფუძნებელი წევრი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

    მელიტონ რუსია დაიბადა 1878 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ ლანჩხუთში, გლეხის ოჯახში. საშუალო განათლება  ლანჩხუთის სამოქალაქო სასწავლებელში მიიღო. შემდგომ წლებში კერძო გაკვეთილებით ირჩენდა თავს და საშუალო სასწავლებელში შესასვლელად ემზადებოდა. სწავლა განაგრძო სამეურნეო სასწავლებელში, თუმცა მალევე გადავიდა ხარკოვის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, საიდანაც 1903 წელს სტუდენტურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო გარიცხეს და აუკრძალეს რუსეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებეში სწავლა.

    მელიტონ რუსია რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი იყო და მუშაობდა „მენშევიკების“ ფრაქციაში. მოგვიანებით მელიტონმა სწავლის გაგრძელება კიევის უნივერსიტეტში მოახერხა, სადაც დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი ნაფიცი ვექილის პროფესიით.

    1904 წელს მელიტომ რუსია, როგორც ტფილისის სოციალ-დემოკრატიული მუშათა ორგანიზაციის წევრი, აქტიურად იყო ჩაბმული რევოლუციურ მოძრაობაში, რის გამოც რამდენჯერმე დააპატიმრეს და 1905 წელს ამიერკავკასიის მმართველობამ 5 წლის ვადით უფის გუბერნიაში გადაასახლა. გადასახლებიდან დაბრუნებული მელიტონი თვითმმართველობებსა და საერობო ინიციატივებში მუშაობდა.

   1917 წლის თებრვლის რევოლუციის შემდეგ  ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს წევრი, პროპაგანდისტთა კოლეგიის თავმჯდომარე, თბილისის საბჭოს ხმოსანი და საქართველოს ქალაქთა კავშირის თავმჯდომარის ამხანაგი იყო.

   1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად, ხოლო 1918 წლის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი იყო.

   1919 წლის 12 მარტს  საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით და იყო თვითმმართველობის კომისიის თავმჯდომარე, იურიდიული, ტექნიკური, ცენტრალური საარჩევნო და საკონსტიტუციო კომისიების წევრი.

   1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ,  სამშობლო დატოვა და ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში.

   მელიტონ რუსია გარდაიცვალა 1951 წლის აგვისტოში და დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1909-1916)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1917-1921)

გააზიარე: