The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



კონსტანტინე ბეჟანის ძე საბახტარაშვილი

კონსტანტინე ბეჟანის ძე საბახტარაშვილი
ოფიციალური სახელი:კონსტანტინე (კოწია) ბეჟუკის ძე საბახტარიშვილი
დაბადების თარიღი:თებერვალი, 1884
გარდაცვ. თარიღი:21 ივლისი, 1938  (54 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საფრანგეთი, ლევილის ქართული სასაფლაო
კატეგორია:დამფუძნებელი წევრი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

    კონსტანტინე  საბახტარაშვილი დაიბადა 1884 წელს ქალაქ ფოთში, შეძლებული მოქალაქის ოჯახში. გიმნაზიაში სწავლის პერიოდიდან ჩაერთო სოციალისტურ მოძრაობაში, ხოლო გიმნაზიის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდში  რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი იყო და მუშაობდა „მენშევიკების“ ფრაქციაში.  1905 წლის რევოლუციის დროს, მოსკოვის პოლიციასთან პრობლემების გამო, იძულებული გახდა სწავლა მიეტოვებინა და ფოთში დაბრუნებულიყო.

    კონსტანტინე საბახტარაშვილი ფოთში სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციებში მუშაობას განაგრძობდა, თუმცა პოლიციამ მის კვალს მიაგნო და დაპატიმრების თავიდან ასაცილებლად იგი არალეგალურად საზღვარგარეთ გაემგზავრა. ცხოვრობდა შვეიცარიასა და ჟენევაში. დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიიღო.

    1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ კონსტანტინე საქართველოში დაბრუნდა. თავდაპირველად  ფოთში ადგილობრივ პარტიულ ორგანიზაციაში მუშაობდა, საიდანაც მალევე მიიწვიეს ბათუმის თვითმმართველობის ხელმძღვანელად და არჩეული იქნა ბათუმის ქალაქისთავად.

    1917 წელს კონსტანტინე საბახტარაშვილი საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს. 1918 წელს, ოსმალთა არმიის მიერ ბათუმის ოკუპირებისას  ქალაქში დარჩა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე ზრუნავდა.

   1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი და მცირე ხნით  შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგად მუშაობდა, ხოლო შემდგომ  გარეშე საქმეთა მინისტრის ამხანაგად დაინიშნა.

    1919 წლის 12 მარტს აირჩიეს კონსტანტინე საბახტარაშვილი საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით და ხელმძღვანელობდა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების მიზნით იტალიაში წარგზავნილ დიპლომატიურ მისიას.

   1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ  ემიგრაციაში წავიდა  და ცხოვრობდა საფრანგეთში. კონსტანტინე  აქტიურად მონაწილეობდა ევროპის ქვეყნების პოლიტიკურ წრეებთან არაოფიციალურ დიპლომატიურ მოლაპარაკებებში საქართველოს ოკუპაციის საკითხის შესახებ.

   კონსტანტინე საბახტარაშვილი ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა 1938 წლის 21 ივლისს ლევილის ქართულ მამულში და დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ფოთის განყოფილების ნამდვილი წევრი (1915-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1920-)

გააზიარე: