The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



იოსებ ბეჟანის ძე სალაყაია

იოსებ ბეჟანის ძე სალაყაია
დაბადების თარიღი:1881
გარდაცვ. თარიღი:14 ივნისი, 1940  (59 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საფრანგეთი, ლევილის ქართული სასაფლაო
კატეგორია:დამფუძნებელი წევრი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

    იოსებ სალაყაია დაიბადა 1881 წელს სენაკის მაზრის სოფელ თეკლათში, გლეხის ოჯახში.

    იოსებ სალაყაია  რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი იყო და 1905 წლიდან  „მენშევიკების“ ფრაქციაში მუშაობდა. პოლიტიკური საბაბით დევნის გამო იძულებული გახდა ეცხოვრა ემიგრაციაში - შევეიცარიასა და ბელგიაში. დევნილობის პერიოდში ბელგიაში ელექტროტექნიკის ინსტიტუტი დაამთავრა.

   1917 წლის ნოემბერში იოსებ სალაყაია საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს, ხოლო 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს  მოაწერა ხელი და 1918 წლის განმავლობაში  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი იყო.

    1919 წლის 12 მარტს სალაყაია საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით და  თვითმმართველობის, საბიუჯეტო-საფინანსო და გარეშე საქმეთა კომისიებში მუშაობდა.

   იოსებ სალაყაია 1918 წელს სენაკის სამაზრო ერობის ხმოსნად აირჩიეს და იყო ერობათა ცენტრალური ბიუროს თავმჯდომარის ამხანაგი, სენაკის მაზრის ერობის გამგეობის თავმჯდომარე.

   1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ იოსებ სალაყაიამ დატოვა სამშობლო და ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში.

    იოსებ სალაყაია 1920-იანი წლების მეორე ნახევრიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი იყო პოლონეთში და მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დაწყებისა და პოლონეთის ოკუპირების შემდეგ დაბრუნდა პარიზში.

    1940 წელს იოსებ სალაყაია  საფრანგეთში მყოფ პოლონეთის დევნილ მთავრობასთან საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლად მიავლინეს .

   1940 წლის 14 ივნისს, გერმანული არმიის მიერ პარიზის დაკავების შემდეგ, იოსებ სალაყაია არ გაჰყვა პოლონეთის დევნილ მთავრობას ინგლისში და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

   1948 წელს მისი ნეშტი ლევილის ქართველთა სასაფლაოზე გადაასვენეს.

წყარო: SOVLAB

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1905-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი პოლონეთში (1920-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1921-)

გააზიარე: