The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



მელქისედეკ III (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)

მელქისედეკ III
ოფიციალური სახელი:ფხალაძე მიხეილ გიორგის ძე
დაბადების თარიღი:15 ნოემბერი, 1872
გარდაცვ. თარიღი:10 იანვარი, 1960  (87 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, სიონის საკათედრო ტაძარი
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   მიხეილ ფხალაძე დაიბადა 1872 წლის 2 ნოემბერს (ძვ. სტ.) სიღნაღის მაზრის სოფელ ყანდაურაში მედავითნის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება თელავის სასულიერო სასწავლებელში მიიღო. პირველ კურსზე სწავლის პერიოდში გარდაეცვალა მშობლები.

    1890 წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1896 წელს სემინარიის დამთავრებისთანავე სწავლა ყაზანის სასულიერო აკადემიაში გააგრძელა, რომელიც 1900 წელს ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო წოდებით დაამთავრა. მიხეილი ძველი ბერძნულის შესანიშნავი მცოდნე ყოფილა. აკადემიაში მისი შესაძლებლობები შეაფასა ცნობილმა ღვთისმეტყველმა ნესმელოვმა, რომელმაც გამოთქვა სურვილი, რომ ეს ახალგაზრდა სამეცნიერო მუშაობისთვის აკადემიაში დარჩენილიყო, მაგრამ მან სამშობლოში დაბრუნება აირჩია. სამშობლოში დაბრუნებისთანავე ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში რუსული ენის მასწავლებლად დაინიშნა, ხოლო ორი წლის შემდეგ ქუთაისის სემინარიაში ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად გადაიყვანეს.

   1904 წლიდან მიხეილ ფხალაძე სმოლენსკის გუბერნიის, ქალაქ ბელის სასულიერო სასწავლებელში გეოგრაფია-არითმეტიკას, ხოლო 1909 წლიდან კამენეც-პოდოლსკის სასულიერო სემინარიაში ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი იყო. 1915 წელს პოდოლსკის ეპარქიაში, ტივროვოს სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა.

    1915 წელს მიხეილ ფხალაძეს მღვდლად დაასხეს ხელი.  1917 წელს იგი საქართველოში დაბრუნდა და გორის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა. პარალელურად ამავე სასწავლებლის კარის ეკლესიაში მსახურობდა.

    1917 წელს ურბნისის ეპარქიიის საეპაქიო საბჭოს წევრად აირჩიეს და ერთი წლის შემდეგ დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1918 წელს მიხეილს  მეუღლე გარდაეცვალა და როგორც მისი ბიოგრაფები აღნიშნავენ, ტკივილი საყვარელი მეუღლის გარდაცვალებისა, ხდება ერთგვარი დიდი იმპულსი მის მიერ ცხოვრების გზის საბოლოო არჩევისა.

    1920-1922 წლებში, სასწავლებლის დახურვის გამო, უსამსახუროდ დარჩენილმა მიხეილმა,  ოჯახის რომ ერჩინა, ანაფორა გაიხადა და კახეთის რკინიგზის მატარებლის რევიზორად დაიწყო მუშაობა. დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე იგონებს, თუ როგორ ეწვია 1922 წლის დასაწყისში საერო ტანსაცმელში გამოწყობილი მამა მიხეილი კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას და თბილისის ნებისმიერ ტაძარში თავისუფალი მღვდლის ადგილი სთხოვა. კათოლიკოსი განრისხებულა, როგორ გაბედე საერო ტანსაცმლით მოსვლაო, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ დამშვიდებულა და სოფელ დიდ გომარეთში შეუთავაზებია ადგილი, რაზედაც მამა მიხეილმა უარი განაცხადა.

    1922 წელს იგი ალავერდის ეპარქიაში, ბოდბისხევის სამრევლოში განამწესეს, სადაც მრევლმა არ მიიღო. იმავე წელს მამა მიხეილი  თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძრის კანდელაკად დაინიშნა. 1922 წლის 28 აპრილს გარდაიცვალა ალავერდელი ეპისკოპოსი პიროსი (ოქროპირიძე). დასაფლავებაზე თბილისიდან გაიგზავნა დელეგაცია მანგლელ ეპისკოპოს ქრისტეფორესა (ციცქიშვილი) და დეკანოზ მიხეილ ფხალაძის მეთაურობით. იმჟამად გამოითქვა მოსაზრება, რომ დეკანოზი მიხეილი კურთხეულიყო ეპისკოპოსად და ალავერდის კათედრაზე დაენიშნათ, თუმცა იმ პერიოდში ეს არ მოხერხდა.

    1925 წელს დეკანოზი მიხეილი ანჩისხატის ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვრად დაადგინეს. 1925 წლის 15 მარტს სიღნაღის მაზრის სოფელ ყანდაურა-შიბლიანის მედავითნე დავით ფხალაძე კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის თხოვდა: „საერთო არეულობის ჟამს დაიკეტა ჩვენი ეკლესია და მე დავანებე თავი მედავითნეობას. ეხლა ნება დართეს ეკლესიების გახსნაზე. შიბლიან-ყანდაურ-კაკაბეთში არც მღვდელია და არც მედავითნე. ყანდაურას მრევლმა მე მთხოვა მედავითნეობა და მღვდლის პოვნაც დამავალა. გთხოვთ, თქვენო უწმინდესობავ, ზემო ხსენებული სამრევლო დროებით ჩააბაროთ დეკანოზ მიხეილ ფხლაძეს, რომელიც თბილისიდან მოუვლის და გაამხნევებს ეკლესიებსაც. მე დამნიშნოთ ყანდაურას წმინდა გიორგის ეკლესიის მედავითნედ.“ კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ ამ წერილს შემდეგი რეზოლუცია დაადო: „ვინაიდან უკანა მხარის ოლქისათვის მთელ ალავერდის ეპარქიაში ამჟამად სრულებით არ მოიძებნა შესაფერისი პირი მთავარხუცესის თანამდებობაზე განსამწესებლად, ამიტომ საქმის სარგებლობიანობის მიზნით ვნიშნავ ამ თანამდებობაზე დეკანოზ მიხეილ ფხალაძეს, როგორც ამ კუთხის შვილს. მან ზედმიწევნით იცის ამ ოლქის ცხოვრების პირობები, ხოლო დავით ფხალაძეს ვნიშნავ დიაკვნად.“

   1925 წლის 10 ოქტომბერს დეკანოზი მიხეილი ბერად აღიკვეცა და სახელად მელქისედეკი ეწოდა. ამავე წელს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და ალავერდის ეპარქია ჩააბარეს. მეუფე მელქისედეკი ალავერდის ეპარქიაში ერთი თვის შემდეგ ჩაბრძანდა და აქტიურად შეუდგა სამსახურს.

    1927 წელს მეუფე მელქისედეკი, დროებით, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში ინიშნება და 1928 წლიდან  წილკნელი ეპისკოპოსია. იმავე 1928 წლიდან მეუფე მელქისედეკი თბილისის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1935 წელს მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად განამწესეს, სადაც  სასულიერო მსახურების მხრივ მეტად მძიმე მდგომარეობა იყო.

    1938 წელს მეუფე მელქისედეკი გათავისუფლდა ეპარქიის მმართველობისაგან და თბილისში დაბრუნდა. 1943 წელს იგი კუკიის წმინდა ნინოს ტაძრის რიგით მღვდელმსახურად დაინიშნა, ხოლო ერთი წლის შემდეგ თბილისის დიდუბის ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვრად და ურბნისის ეპარქიის მმართველად განამწესეს.

    1952 წლის 5 აპრილს, თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში ჩატარებულ საქართველოს ეკლესიის IX კრებაზე კათოლიკოს-პატრიარქად გამოირჩიეს და ამავე წლის 7 აპრილს სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში მოხდა მისი ინტრონიზაცია.

    1956-1958 წლებში, როდესაც უღვთო ხელისუფლება ყველანაირი მეთოდითა და ხერხით ცდილობდა ეკლესიისა და სარწმუნოების დისკრედიტაციას, უწმინდესმა და უნეტარესმა მელქისედეკმა შეძლო და იმ ძნელბედობის ჟამს ხუთი ახალი მღვდელმთავარი აკურთხა.

     კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III სახელს უკავშირდება არაერთი სასიკეთო მოვლენა, რომელიც განხორციელდა მისი მმართველობის პერიოდში. გაიხსნა ეკლესიები ფოთსა და მოწამეთაში, თითქმის ახლიდან აშენდა ხაშურის ეკლესია, ბოდბის დედათა მონასტერში აღსდგა წირვა-ლოცვა, სიონის საპატრიარქო ტაძარში შემოიღეს ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა და აღდგა ქართული გალობა.

     კათოლიკოს-პატრიარქო მელქისედეკი განათლებული ადამიანი იყო. შემორჩენილია მისი ჩანაწერები საქართველოს ეკლესიის ისტორიის საკითხებზე, ქრისტიანულ დღესასწაულებზე, სხვადასხვა თავისუფალ მორალურ პრობლემებზე. მან შეიმუშავა ჭადრაკის მათემატიკური თეორია. კომპოზიტორიც იყო და რამდენიმე ლიტურგიკული ნაწარმოები დატოვა, მათ შორის ქერუბინთა საგალობელი. ხრუშოვის დროს, ეკლესიის დევნისას, გამოსცა ბრძანება, რომელიც ყველა მღვდელსა და დიაკვანს ანაფორით სიარულს უწესებდა. შემცოდეს პირველად საეკლესიო ჯილდოებს ჩამოართმევდა, შემდგომი დარღვევისთვის კი მღვდელმსახურება ეკრძალებოდა. მას სურდა, რომ ხალხს მღვდლის სახით დაენახა მართლმადიდებელი სარწმუნოების აღმსარებელი და არა დაქირავებული პიროვნება, რომელიც მსახურებისას ანაფორას, როგორც სპეცტანსაცმელს ისე იცვამდა. ხშირად ის ბერის უბრალო კაბით მოსილი გამოდიოდა სიონის ტაძრის კლიროსზე და კითხულობდა ექვსფსალმუნსა და კანონებს. დაუვიწყარი სანახაობა გახლდათ ნახევრად ცარიელი ტაძარი, ოდნავ ბჟუტავს ნათურა, ირხევა კანდელთა ცეცხლის ალი და პატრიარქი კლიროსზე ლოცვას კითხულობს, თითქოს საქართველო მისი ბაგეებით ლოცულობსო.

     პატრიარქს განსაკუთრებით უყვარდა დიდუბის ტაძარი, სადაც წლების მანძილზე წინამძღვრად მსახურობდა. ამა თუ იმ რთული საკითხის გადაწყვეტის წინ მიდიოდა დიდუბის ტაძარში, ძირითადად საღამოს, როდესაც ხალხი აღარ იყო და დიდხანს ევედრებოდა ღვთისმშობელს შეწევნასა და პასუხს შეკითხვებზე. პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) ქართველი ერის საყვარელი მამა იყო, პატრიარქი მელქისედეკი კი, მისი ღირსეული მემკვიდრე.

     1960 წლის 10 იანვარს სიონის საპატრიარქო ზარმა სრულიად საქართველოს ამცნო საქართველოს ეკლესიის მამამთავრის გარდაცვალება. 17 იანვარს, დაკრძალვის დღეს, ჩამოვიდნენ დელეგაციები სხვადასხვა ეკლესიებიდან. სიტყვით გამოვიდნენ ანტიოქიის, რუსეთის, სომხეთის საპატრიარქოებიდან.

   კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III ნეშტი სიონის ტაძარს მიაბარეს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1918-)

გააზიარე: