The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ბენია გიგოს ძე ჩხიკვიშვილი

ბენია გიგოს ძე ჩხიკვიშვილი
ოფიციალური სახელი:ბენიამინ გრიგოლის ძე ჩხიკვიშვილი
დაბადების თარიღი:1881
გარდაცვ. თარიღი:1924  (43 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია (დახვრეტილი)
კატეგორია:დამფუძნებელი წევრი, პოლიტიკოსი, რეპრესირებული

ბიოგრაფია

    ბენია ჩხიკვიშვილი დაიბადა 1879 წელს, ოზურგეთის მაზრის სოფელ ციხეში (საყვავისტყე), ღარიბი აზნაურის ოჯახში. ჩოხატაურის ერთკლასიანი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლო განაგრძო ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში. სწავლისას დაუახლოვდა ქუთაისში მყოფ „მესამედასელებს“ და დაიწყო მარქსიზმის შესწავლა. 1900 წელს იგი სკოლიდან გარიცხეს არალეგალური ხელნაწერი ჟურნალის გამოცემაში მონაწილეობისათვის და მუშაობა დაიწყო ბათუმის ერთ-ერთ ქარხანაში მუშად.

    1901 წელს შევიდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის ბათუმის ჯგუფში, მაგრამ მალევე იძულებული გახდა  ბათუმი დაეტოვებინა მასზე დაწყებული თვალთვალისა და დევნის გამო და მუშაობა დაიწყო სამეგრელოში სოფლის მასწავლებლად სამრევლო სკოლაში. ბენია ჩხიკვიშვილს სურდა, გურიაში დაბრუნებულიყო, მაგრამ მოსალოდნელი რეპრესიების გამო იძულებული გახდა ჭიათურაში წასულიყო, სადაც მანგანუმის საბადოზე შავ მუშად დაიწყო მუშაობა, პარალელურად კი პარტიულ საქმიანობას ეწეოდა.

    1903 წელს ახლად ჩამოყალიბებულმა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბათუმის კომიტეტმა წევრად მიიწვია, პარალელურად მუშაობა დაიწყო მანთაშევის მეორე (რიხტერის) ქარხანაში ფოლადის საამქროს სამუშაოს უფროსად. ბათუმში ყოფნის დროს მან თავი გამოიჩინა, როგორც საუკეთესო ორატორმა და ორგანიზატორმა - ცნობილი იყო „ბარცხანის გენერალ-გუბერნატორის“ მეტსახელით. პარალელურად იყო რსდმპ გურიის კომიტეტის წევრი და გლეხთა მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი. 1903 წელს პოლიციის დევნის გამო ბათუმის კომიტეტმა თბილისში გაგზავნა სამუშაოდ, სადაც მან განაგრძო პარტიული მუშაობა რსდმპ თბილისის კომიტეტის წევრის სტატუსით. 1904 წლის დეკემბერში თბილისში დააპატიმრეს ბათუმის დემონსტრაციის ორგანიზების და არალეგალური სტამბის საქმეზე, თუმცა, მალევე გაათავისუფლეს.

     ბენია ჩხიკვიშვილი 1905 წლის რევოლუციური მოძრაობის ლიდერი იყო გურიაში და ცნობილი იყო „გურიის რესპუბლიკის პრეზიდენტის“ სახელით. რევოლუციის დამარცხების შემდეგ გურიაში დარჩა და ცდილობდა დანგრეული პარტიული ორგანიზაციების აღდგენასა და გამოცოცხლებას, მაგრამ მალევე დააპატიმრეს. ოდესის სასამართლო პალატამ „გურიის რესპუბლიკის საქმეზე“ გაასამართლა და ციმბირში  ოთხწლიანი კატორღა და ირკუტსკში სამუდამო გადასახლება მიუსაჯა. ციხიდან გაათავისუფლეს 1912 წელს და 1917 წლამდე  ციმბირში ცხოვრობდა გადასახლებულის სტატუსით. ატარებდა კერძო გაკვეთილებს და მუშაობდა აგრონომად.

    1917 წელს, რუსეთის რევოლუციის შემდეგ თბილისში დაბრუნდა და იმავე წელს აირჩიეს  სოხუმის ქალაქის თავად და სოხუმის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარედ. სოხუმის ბოლშევიკურმა მთავრობამ ქუთაისის გუბერნიის კომისრად გადაიყვანა, საიდანაც 1918 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიასა და სახალხო გვარდიასთან ერთად, განსაკუთრებული კომისრის სტატუსით, ისევ სოხუმში დაბრუნდა, ხოლო ოთხი თვის მუშაობის შემდეგ თბილისში გადავიდა.

    1918 წელს აირჩიეს გურიის სამაზრო ერობის ხმოსნად.

    1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იმავე წელს აირჩიეს ქალაქ თბილისის მოურავად (თბილისის ქალაქის თავი). პარალელურად, ინგლისის საოკუპაციო ჯარების ევაკუაციისა და საქართველოს იურისდიქციაში ბათუმის შესვლის მომენტიდან, მთავრობის განკარგულებით დაინიშნა ბათუმის ოლქის საგანგებო კომისრად, თუმცა ბათუმის ოლქში გასატარებელი ღონისძებების შესახებ მისი წინადადების უარყოფის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა.

    1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებისდროს აღმოსავლეთ საქართველოს გენერალ-გუბერნატორი იყო, შემდეგ კი საქართველოს რკინიგზების ხელმძღვანელი და შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგი. 

     ბათუმიდან მთავრობის ევაკუაციისას ბენია ჩხიკვიშვილი საქართველოს დამფუძნებელი კრების გაფართოებული პრეზიდიუმის წევრის სტატუსით წავიდა კონსტანტინოპოლში, საიდანაც მცირე ხნის შემდეგ გადავიდა საფრანგეთში, ქალაქ პარიზში და გარკვეული პერიოდი გერმანიაშიც ცხოვრობდა.

    1921 წლის ბოლოდან და 1922 წლის დასაწყიში მონაწილეობდა ემიგრაციაში პარტიათაშორისი მოლაპარაკებების პროცესში, ბოლშევიკურ საოკუპაციო რეჟიმთან საბრძოლველად და საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად ერთიანი ფრონტის შექმნის მიზნით. 1922 წლის 3 მარტს ხელი მოაწერა საზღვარგარეთ მყოფი ინტერპარტიული კომიტეტის შეთანხმების დეკლარაციას.

     საფრანგეთში ყოფნისას მუდმივად ცხოვრობდა პარიზთან ახლოს, სოფელ ლევილის ქართულ მამულში, უძღვებოდა საოჯახო მეურნეობას და მუშაობდა მძღოლად.

    1924 წლის მაისში ბენია ჩხიკვიშვილი ვალიკო ჯუღელთან, გრიგოლ ცინცაბაძესთან, ვასილ ნოდიასა და ვიქტორ ცენტერაძესთან ერთად არალეგალურად დაბრუნდა საქართველოში. საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ („ჩეკა“) იმავე წლის 25 ივნისს დააკავა და იმავე დღეს მოათავსეს ჩეკას კომენდატურაში. დაკითხვისას ბენია ჩხიკვიშვილმა კატეგორიულად უარყო მისი დაპატიმრებისას ბინაში აღმოჩენილ ნოე ჟორდანიას წერილთან რაიმე კავშირი. მისი განმარტებით, იგი აპირებდა გადასახლებას ჩეხოსლოვაკიაში და სურდა ოჯახის გადაყვანაც. საქართველოში ჩამოსული იყო მხოლოდ ამ საქმის მოსაწყობად და არავითარი პოლიტიკური მიზნები არ ჰქონდა.

    1924 წლის 30 ივლისს, საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის საიდუმლო განყოფილებამ განიხილა ბენია ჩხიკვიშვილის საბრალდებო საქმე და მოითხოვა ჩხიკვიშვილის საქართველოდან გადასახლება და ხუთი წლის ვადით რუსეთის რომელიმე საკონცენტრაციო ბანაკში მოთავსება სასტიკ იზოლაციაში, ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ საქჩეკას კოლეგიისათვის შეტყობინება შემდგომი გადაწყვეტილებისათვის.

    1924 წლის 28 აგვისტოს ანტისაბჭოთა შეიარაღებული აჯანყების დაწყების შემდეგ,  სსრკ გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარემ ფელიქს ძერჟინსკიმ გადასახლებაში მყოფი საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერების - ბენია ჩხიკვიშვილის, ნოე ხომერიკის, გოგიტა ფაღავას, ვასილ ნოდიას და გიორგი წინამძღვრიშვილის დახვრეტის სანქცია გასცა. დახვრიტეს რუსეთის ტერიტორიაზე, სუზდალის იზოლატორიდან ეტაპით გადაყვანისას, გაურკვეველ სადგურზე.

    დასაფლავების ადგილი უცნობია.

წყარო: SOVLAB

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტია , ბათუმის ჯგუფის წევრი (1901-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1918-1921)

გააზიარე: