The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნოე კონსტანტინეს ძე ცინცაძე

ნოე კონსტანტინეს ძე ცინცაძე
Date of birth:January, 1887
Date of death:23 September, 1978  (at 91 years)
Burial location:საფრანგეთი, ლევილის ქართული სასაფლაო
Category:Founding member, Public official, Mathematician, Politician

Biography

      ნოე ცინცაძე დაიბადა 1887 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ ლანჩხუთში, სასულიერო პირის ოჯახში.

უმაღლესი განათლება  მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე მიიღო, რომლის დამთავრების შემდეგ პედაგოგის ხარისხი მიიღო.

    ნოე ცინცაძე 1903 წლიდან  რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი გახდა. 1905-1907 წლებში მოსკოვში პოლიტიკური საბაბით  ადმინისტრაციული წესით გაასამართლეს.

    1917 წლის ნოემბერში ცინცაძე აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად, ხოლო 1918 წლის 26 მაისს მან ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს და 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. ნოე ცინცაძე პარალელურად გახლდათ განათლების მინისტრის ამხანაგი და აქტიურად მუშაობდა სასკოლო სისტემაში ეროვნული განათლების რეფორმის გატარებაზე.

    1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით და მუშაობდა საფინანსო-საბიუჯეტო, ხელოვნებისა და სახალხო განათლების კომისიებში.

    1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ, ნოე ცინცაძე  საქართველოში დარჩა და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში.

    1921 წელს, საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ („ჩეკა“), ნოე ცინცაძე კონტრრევოლუციონერობის ბრალდებით დააპატიმრა და იზოლაციის წესით ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა.  მოთავსებული იყო მეტეხის N2 “გამასწორებელ სახლში”. 1922 წელს იზოლაცია განუსაზღვრელი ვადით გაუხანგრძლივეს. იმავე წელს საქართველოს ჩეკას პრეზიდიუმმა პოლიტპატიმართა დიდ ჯგუფს მოსკოვში გადაგზავნა დაუდგინა რსფსრ-ს სხვადასხვა საკონცენტრაციო ბანაკებში გადასანაწილებლად, მაგრამ ამას იზოლატორის პატიმართა მღელვარება მოჰყვა და რამდენადაც, საბჭოთა რიტორიკით, საქართველოს სსრ დამოუკიდებელი საბჭოთა რესპუბლიკა იყო და მისი მოქალაქეების სხვა ქვეყნის ციხეში გადასახლება საბჭოთა კანონებისვე აბსოლუტურ დარღვევად ითვლებოდა, პოლიტპატიმართა 62-კაციან ჯგუფს მოსკოვის გავლით პოლონეთში გაძევება დაუდგინეს,  საიდანაც ისინი გერმანიაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლის, ლადო ახმეტელის დახმარებით გერმანიასა და საფრანგეთში გადანაწილდნენ. თავად ნოე ცინცაძე საფრანგეთში ცხოვრობდა და თანაუგრძნობდა ირაკლი წერეთლის ოპოზიციურ ჯგუფს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის საზღვარგარეთის ორგანიზაციაში.

     მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისა და „ცივი ომის“ დაწყების შემდეგ, 1952 წელს „ბოლშევიზმისაგან განმათავისუფლებელი ამერიკული კომიტეტის“  ორგანიზებით, მიუნხენში შეიქმნა ანტიბოლშევიკური ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრი, რომელსაც ემიგრაციაში მყოფი პოლიტიკური ძალები საერთო პლატფორმით უნდა გაეერთიანებინა და დაეკავშირებინა ამერიკულ კომიტეტთან. საკოორდინაციო ცენტრის ქართული სექციის მუდმივი წარმომადგენელი გახლდათ ნოე ცინცაძე. 1953 წლიდან იგი აქტიურად იყო ჩართული რადიო „ევროპის გათავისუფლების“ (შემდგომში - „რადიო თავისუფლება“) ქართული რედაქციის მუშაობაში.

    1960 წელს საზღვარგარეთ მოქმედი ქართული პოლიტიკური ორგანიზაციების უმრავლესობა შეთანხმდა და ჩამოაყალიბა გაერთიანებული ეროვნული საბჭო. ამ საბჭომ დაამტკიცა ნოე ცინცაძის მიერ შემუშავებული დეკლარაცია, ცინცაძე  დატოვა აღმასრულებელი კომიტეტის წევრად და მუდმივ წარმომადგენლად ეროვნებათაშორის ანტიბოლშევიკურ საკოორდინაციო ცენტრში.

    1974 წლის 16 ივლისს, ნოე ცინცაძის ხელმძღვანელობით,  ჰარვარდის უნივერსიტეტს 30 წლის ვადით შესანახად გადაეცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის არქივი.

    ნოე ცინცაძე გარდაიცვალა 1978 წლის 23 სექტემბერს და დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1903-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების განჯის განყოფილების წევრი (1914-1917)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილების ნამდვილი წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1918-1921)

Share: