The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გაბრიელ დიმიტრის ძე ცისკარაშვილი

გაბრიელ დიმიტრის ძე ცისკარაშვილი
ოფიციალური სახელი:გაბრიელ (გაბო) დიმიტრის ძე ცისკარიშვილი
დაბადების თარიღი:1892
გარდაცვ. თარიღი:30 აგვისტო, 1924  (32 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია (დახვრეტილი)
კატეგორია:დამფუძნებელი წევრი, პოლიტიკოსი, რეპრესირებული, ფილოლოგი

ბიოგრაფია

    გაბრიელ ცისკარიშვილი დაიბადა 1892 წელს თელავის მაზრის სოფელ ზემო ალვანში, წოვა თუშების თემში, სახალხო მასწავლებლის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება თელავის კერძო პანსიონში მიიღო და შემდეგ დაამთავრა ტფილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზია. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, სადაც ოთხი კურსი დაასრულა.

    გაბრიელ ცისკარიშვილი 1914 წლიდან, სტუდენტობის პერიოდშივე,  რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „მენშევიკების ფრაქციის“ წევრი იყო.

    1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და თელავის სამაზრო ერობის გამგეობის მდივანი და ქალაქის საბჭოს ხმოსანი იყო.

    1919 წლის 12 მარტს გაბრიელ ცისკარიშვილი საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით და გახლდათ თვითმმართველობისა და საბიბლიოთეკო კომისიების მდივანი, აგრეთვე სამანდატო კომისიის წევრი.

    1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების დროს ფრონტზე რიგით ჯარისკაცად იბრძოდა და თბილისს წითელი არმიის თავდასხმისგან იცავდა. ბრძოლაში მძიმედ დაჭრილი რამდენიმე თვის განმავლობაში თუშეთში იმალებოდა. გამოჯანმრთელების შემდეგ ისევ თბილისში დაბრუნდა და წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩაერთო.

    გაბრიელ ცისკარიშვილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის - „წარმოკავშირის“ გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგის თანამდებობაზე მუშაობდა.

    1923 წელს საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ („ჩეკა“) გაბრიელ ცისკარიშვილი კონტრრევოლუციონერობის ბრალდებით თბილისში დააპატიმრა. მას ბრალად ედებოდა წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერთან, სტუდენტობისდროინდელ მეგობარ, გოგიტა ფაღავასთან კავშირი, ხოლო მისი ბინა კონსპირაციული შეხვედრების ადგილს წარმოადგენდა. მიუხედავად, მოწმესთან დაპირისპირებისა, რომელმაც ძიების ვერსია დაადასტურა, გაბო ცისკარიშვილმა ბრალდებები კატეგორიულად უარყო.

    1923 წლის 26 ივლისს საქართველოს სსრ ჩეკას პრეზიდიუმმა გაბრიელ ცისკარიშვილს სსრკ გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს განკარგულებაში გადაგზავნა დაუდგინა, მისი რსფსრ-ს რომელიმე საკონცენტრაციო ბანაკში სამი წლის ვადით მოსათავსებლად. აქედან მოყოლებული, ეტაპის მოლოდინში, მოათავსეს მეტეხის N2 „გამასწორებელ სახლში“.

    1924 წლის 28 აგვისტოს, ანტისაბჭოთა აჯანყების დაწყების შემდეგ, გაბო ცისკარიშვილი სხვა პოლიტპატიმრებთან და მოქალაქეებთან ერთად თბილისში, სავარაუდოდ, 30 აგვისტოს ღამეს დახვრიტეს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, "მენშევიკების" ფრაქციის წევრი (1914-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1918-1920)

გააზიარე: