The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



თეიმურაზ სტეფანეს ძე ჭელიძე

თეიმურაზ სტეფანეს ძე ჭელიძე
Date of birth:August, 1876
Date of death:23 October, 1937  (at 61 years)
Burial location:უცნობია (დახვრეტილი)
Category:Founding member, Politician, Repressed

Biography

    თეიმურაზ ჭელიძე დაიბადა 1876 წელს რაჭის მაზრის პატარა ონის საზოგადოების სოფელ ბაჯში, გლეხის ოჯახში. მამა ხარაზი ჰყავდა. დაწყებითი განათლება პატარა ონის საზოგადოების სასოფლო-სამინისტრო ერთკლასიან სკოლაში მიიღო. სწავლობდა ხარაზობას და მუშაობდა სოფლად.

    1902 წელს სოფელ ბაჯში სამსონ ჭელიძის სახლში თვითგანვითარებისა და კულტურის წრე დაარსდა, რომელმაც მალევე სამკითხველოც მოაწყო.  სამკითხველოსა და წრის ერთ-ერთ ხელმძღვანელად თეიმურაზ ჭელიძეც იყო არჩეული.

     1905 წლიდან თეიმურაზი რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „მენშევიკების“ ფრაქციის წევრი იყო და აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში რაჭა-ლეჩხუმში.

     1914 წლიდან არმიაში იქნა მობილიზებული და თურქეთის ფრონტზე ასეულის კაპტენარმუსად (ზემდეგი) მსახურობდა  მე-17 მსროლელ პოლკში. 1917 წლის იანვრიდან იმავე წოდებით პირველ ქართულ მსროლელ პოლკში გადაიყვანეს, სადაც  მარტამდე მსახურობდა და 1917 წლის მარტში დემობილიზდა.

     1919 წლის 12 მარტიდან თეიმურაზ ჭელიძე არჩეული იქნა საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით და მუშაობდა სამეურნეო-საგამგეო კომისიაში.

     1921 წლის იანვარში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სხვა 11 წევრთან ერთად ჩამოაყალიბა ოპოზიციური ჯგუფი „სხივი“, რომელიც  პარტიას იდეური პრინციპების დარღვევის, სახელმწიფო მმართველობის წარუმატებელი კურსისა და პარტიაში შიდა დემოკრატიის შესუსტების გამო აკრიტიკებდა . 1921 წლის იანვარში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის ორგანიზაციების კონფერენციაზე „სხივის“ ჯგუფს უმრავლესობამ მოსთხოვა, დაეცვა პარტიული დისციპლინა და შეეწყვიტა საკუთარი პარტიის ღია კრიტიკა გაზეთ „ახალი სხივის“ ფურცლებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გაირიცხებოდნენ პარტიიდან. საპასუხოდ, „სხიველთა“ ჯგუფმა 1921 წლის 11 თებერვლის დამფუძნებელი კრების სხდომაზე საჯაროდ განაცხადა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის დატოვებისა და „დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული პარტია „სხივის“ შექმნის შესახებ, რომელმაც ცალკე ოპოზიციური ფრაქცია შეადგინა დამფუძნებელ კრებაში.

    1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ თეიმურაზ ჭელიძე დარჩა საქართველოში, ცხოვრობდა მშობლიურ სოფელში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. იგი მუშაობდა ქუთაისში და იყო რაჭული მევენახეობის საზოგადოებრივ კოოპერატივ „ხვანჭკარას“ ერთ-ერთი დამაარსებელი და გამგეობის წევრი.

     1922 წელს თეიმურაზ ჭელიძე, არალეგალური კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით ჭრებალოში დააპატიმრეს. ძიების ინფორმაციით მას კავშირი ჰქონდა იატაკქვეშა მოძრაობის ლიდერებთან.

    1922 წლის 14 ოქტომბერს, საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის (ჩეკა) საიდუმლო განყოფილების რწმუნებულის თანაშემწე თოლორდავამ განიხილა ლეჩხუმის მაზრის ინფორპუნქტის საქმე დაპატიმრებული მოქალაქეების, მათ შორის თეიმურაზ ჭელიძის, შესახებ სვანეთში და ლეჩხუმში კონტრრევოლუციური საქმიანობის და აჯანყების მოწყობის ბრალდებით და საქმის მასალები და პატიმრები ქუთაისის პოლიტბიუროში (ჩეკას რაიონული განყოფილება) გადააგზავნა. თეიმურაზ ჭელიძემ, სხვა პატიმრებთან  ერთად თხოვნით მიმართა პოლიტბიუროს, რომ ისინი დაბეზღებით და უსაფუძვლოდ იყვნენ დაპატიმრებული და შუამდგომლობა სთხოვეს ამნისტიით გასათავისუფლებლად. თეიმურაზ ჭელიძემ დაკითხვაზე განაცხადა, რომ არ იცოდა მისი დაპატიმრების მიზეზი და უარყო რაიმე კავშირი სვანეთის აჯანყებასთან, რადგანაც აჯანყების დროს იგი ქუთაისში იმყოფებოდა. მასალები შემდეგი გამოძიებისთვის სასამართლომ თბილისში გადააგზავნა, სადაც ჩეკას განყოფილებამ  მისი 2 წლის ვადით იზოლაციის წესით საქართველოს სსრ-დან გადასახლება და რსფსრ-ს რომელიმე საკონცენტრაციო ბანაკში მოთავსება მოითხოვა. 1923 წელს თეიმურაზ ჭელიძემ კვლავ მიმართა საქჩეკას განცხადებებით, რომელშიც განმარტავდა, რომ „მენშევიკურ“ პარტიასთან, პოლიტიკური უთანხმოების გამო, 1920 წლიდან ჰქონდა კავშირი გაწყვეტილი და ეკუთვნოდა „სხივის“ ჯგუფს, საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ არ მუშაობდა და  ითხოვდა სასჯელისაგან გათავისუფლებას.

    1923 წლის 1 ოქტომბერს საქჩეკას საიდუმლო განყოფილების N1 ჯგუფის რწმუნებულმა ჯალაღანიამ განიხილა ჭელიძის საქმე და მიიღო რა მხედველობაში ჭელიძის პარტიიდან გასვლის შესახებ პრესაში გაკეთებული განაცხადი, იგი პატიმრობიდან გაათავისუფლა. 1920-იანი წლების განმავლობაში თეიმურაზ ჭელიძე რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული. შევიწროებისაგან ოჯახის დასაცავად იგი იძულებული გახდა მეუღლესთან განქორწინებულიყო.

    1930 წელს, ბოლო დაპატიმრების შემდეგ, თეიმურაზი შუა აზიაში გადაასახლეს და აღმოსავლეთ ყაზახეთის მხარეში, სემიპალატინსკში ცხოვრობდა.

    1937 წელს, გადასახლებაში მყოფი თეიმურაზ ჭელიძე, კვლავ დააპატიმრეს. იმავე წლის ოქტომბერში  აღმოსავლეთ ყაზახეთის მხარის სამმართველოსთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. „ტროიკა“) თეიმურაზ ჭელიძეს დახვრეტა მიუსაჯა.

     თეიმურაზ ჭელიძე რეაბილიტირებულია 1989 წლის 25 აპრილს, სემიპალატინსკის მხარის პროკურატურის მიერ.

Member of Organizations

  • დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული პარტია „სხივი“ , ერთ-ერთი დამფუძნებელი (1921-)
  • რაჭული მევენახეობის საზოგადოებრივი კოოპერატივი „ხვანჭკარა“ , ერთ-ერთი დამაარსებელი და გამგეობის წევრი.
  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, „მენშევიკების“ ფრაქციის წევრი (1905-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1918-1920)

Share: