The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ნოე გიორგის ძე ხომერიკი

ნოე გიორგის ძე ხომერიკი
ოფიციალური სახელი:ნოე (ნაუმ) გიორგის ძე ხომერიკი
სხვა სახელი:მუშა ხუ-ზი  (ფსევდონიმი)
ხუნხუზი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:7 აგვისტო, 1883
გარდაცვ. თარიღი:29 ივლისი, 1924  (40 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია (დახვრეტილი)
კატეგორია:დამფუძნებელი წევრი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი, რეპრესირებული

ბიოგრაფია

      ნოე ხომერიკი დაიბადა 1883 წლის 7 აგვისტოს (ძვ. სტ.) ოზურგეთის მაზრის სოფელ მიქელ-გაბრიელში, ღარიბი გლეხის ოჯახში. დაწყებითი განათლება სოფელ მიქელ-გაბრიელის ორკლასიან სკოლაში მიიღო და სწავლა ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში განაგრძო, სადაც სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში ჩაება.

    1900 წლიდან ნოე ხომერიკი რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი იყო. 1901 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ, გურიაში დაბრუნდა და თავად მიხეილ ნაკაშიძის მეურნეობაში დაიწყო მუშაობა. აქტიურად მონაწილეობდა ადგილობრივი გლეხების მოძრაობაში, რისთვისაც 1902 წელს დააპატიმრეს და რამოდენიმე თვით ქუთაისის ციხეში ჩასვეს. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ბათუმში გადასახლდა, სადაც მანთაშევის ქარხანაში დღიურ მუშად დაიწყო მუშაობა. ბათუმში ნოე ხომერიკმა  შეისწავლა ასოთამწყობობა და არალეგალური სტამბა მოაწყო, სადაც არალეგალურ ლიტერატურასა და პროკლამაციებს ბეჭდავდნენ. ბათუმში მუშაობისას იგი რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბათუმის კომიტეტის წევრად შეიყვანეს.

    1903 წელს, ჟანდარმერიის მიერ დევნის გამო, დატოვა ბათუმი და გადასახლდა ქუთაისში, სადაც იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის იმერეთის კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი.

    1904 წელს  ნოე ხომერიკი, შორაპნის მაზრაში, დააპატიმრეს და ქუთაისის ციხეში გააგზავნეს, მაგრამ ქუჩაში ბადრაგთან შეტაკების შემდეგ  მან გათავისუფლება მოახერხა და თბილისში გადასახლდა, სადაც სოციალ-დემოკრატიული პარტიის ტფილისის კომიტეტის დაპატიმრების შემდეგ რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერად იქცა  და ტფილისის კომიტეტის შემადგენლობაში შევიდა.

   1905 წლის დასაწყისში, ტფილისში „ბოლშევიკებსა“ და „მენშევიკებს“ შორის განხეთქილების შემდეგ მუშაობდა „მენშევიკების“ ფრაქციაში და იყო ტფილისის კომიტეტის თავმჯდომარე, არჩეული იქნა ცენტრალური სამხედრო-ტექნიკური კომისიის ხელმძღვანელად და რედაქტორობდა  ყოველდღიურ გაზეთ „ლამპარს“.

    1906 წელს ნოე ხომერიკი სტოკჰოლმში გამართულ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის გამაერთიანებელ ყრილობას დაესწრო. 1908 წელს თბილისში დააპატიმრეს და  2 წლის ვადით  ვოლოგდის გუბერნიაში გადაასახლეს ადმინისტრაციული წესით. გადასახლებიდან სამშობლოში 1911 წელს დაბრუნდა და დასახლდა ქუთაისში, სადაც აგრძელებდა პარტიულ საქმიანობას და რედაქტორობდა ლეგალურ პარტიულ ორგანოს „მნათობი“, რომელიც არალეგალურ ბინაზე მზადდებოდა და შემდეგ ოფიციალურ სტამბაში იბეჭდებოდა. 1912 წლიდან რედაქტორობდა გაზეთ „ცხოვრებას“ და პარტიული ორგანიზაციების დასახმარებლად მუდმივად მოგზაურობდა თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ჭიათურასა და ბაქოში.

    1914 წლის აგვისტოში ნოე ხომერიკი ბორჯომში გამართულ სოციალ-დემოკრატების არალეგალურ კონფერენციაში მონაწილეობდა. იგი 1908 წლიდან გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი  წევრი და აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოების მუშაობაში.

   1914 წლიდან ნოე ხომერიკი არალეგალურად ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისში და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლეგალური ორგანოს - „თანამედროვე აზრის“ ფაქტობრივი რედაქტორი იყო. 1915 წლიდან იყო რსდმპ კავკასიის საოლქო კომიტეტის წევრი და იმავე წლის აპრილში ახალსენაკში გამართულ კავკასიის მუშათა ორგანიზაციების წარმომადგენელთა არალეგალურ თათბირში მონაწილეობდა. 1915 წელს თბილისში დააპატიმრეს, როგორც რსდმპ ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტის წევრი და ადმინისტრაციული წესით დასავლეთ ციმბირში გადაასახლეს.

    ნოე ხომერიკი 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და იმავე წელს რსდმპ-ს „მენშევიკური“ ფრაქციის სიით კენჭს იყრიდა რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნებზე. 1918 წლის თებერვლიდან ამიერკავკასიის სეიმის წევრი იყო. ამიერკავკასიის მთავრობის კაბინეტში მიწათმოქმედების მინისტრის თანამდებობა ჩაიბარა და აგრარული რეფორმა წამოიწყო.

    1917 წლის ნოემბერში ნოე ხომერიკი არჩეული იქნა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად, ხოლო 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს მოაწერა ხელი და იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. პარალელურად შრომის, გზათა და მიწათმოქმედების მინისტრად მუშაობდა და აგრარულ რეფორმას აგრძელებდა.

    1919 წლის 12 მარტიდან ნოე ხომერიკი აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით და  კვლავ ინარჩუნებდა მიწათმოქმედების მინისტრის თანამდებობას.  1920 წელს, რეფორმის დასრულების შემდეგ, გადადგა და მუშაობდა ძირითადად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურ კომიტეტსა და დამფუძნებელ კრებაში.

    1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დატოვა სამშობლო და ცხოვრობდა სტამბოლში. 1922 წელს, საზღვარგარეთ მყოფ პარტიათა ორგანიზაციების მიერ ინტერპარტიული კომიტეტის, ხოლო საქართველოში - დამოუკიდებლობის კომიტეტის დაარსების შემდეგ ნოე ხომერიკი  „სტამბოლის პოლიტიკური კომისიის“ თავმჯდომარე გახდა, რომელიც ემიგრანტული მთავრობისა და საქართველოს იატაკქვეშა მოძრაობის მაკოორდინირებელ ორგანოს წარმოადგენდა.

    1922 წლის ოქტომბრის ბოლოს ნოე ხომერიკი არალეგალური გზით დაბრუნდა საქართველოში, როგორც საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის საზღვარგარეთის ბიუროს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის და ინტერპარტიული კომიტეტის რწმუნებული. ჩამოსვლისთანავე მან საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის არალეგალურ ცენტრალურ კომიტეტთან შექმნა სამხედრო კომისია და იყო წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი.

    1923 წელს საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ (ჩეკა) დააპატიმრა ნოე ხომერიკი თბილისში დააპატიმრა. პატიმრობის განმავლობაში ძიებამ ვერ მოახერხა მისგან ჩვენების მიღება.

    1924 წლის 30 ივლისს ნოე ხომერიკი გოგიტა ფაღავასთან, ბენია ჩხიკვიშვილსა და ვასილ ნოდიასთან ერთად გადაგზავნეს მოსკოვში,  საიდანაც ისინი სუზდალის პოლიტიზოლატორში გაამწესეს. 1924 წლის 28 აგვისტოს ანტისაბჭოთა შეიარაღებული აჯანყების დაწყების შემდეგ ფელიქს ძერჟინსკიმ გადასახლებაში მყოფი საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერების - ბენია ჩხიკვიშვილის, ნოე ხომერიკის, გოგიტა ფაღავას, ვასილ ნოდიას და გიორგი წინამძღვრიშვილის დახვრეტის სანქცია გასცა. ისინი სუზდალის პოლიტიზოლატორიდან ეტაპით გადაყვანისას გაურკვეველ სადგურზე დახვრიტეს. დასაფლავების ადგილი უცნობია.

წყარო: SOVLAB

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამიერკავკასიის სეიმი, წევრი (1918-)
  • რსდმპ კავკასიის საოლქო კომიტეტი, წევრი (1915-)
  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1900-)
  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, ბათუმის კომიტეტის წევრი
  • საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, "მენშევიკების" ფრაქციის ტფილისის კომიტეტის თავმჯდომარე (1905-)
  • სტამბოლის პოლიტიკური კომისია, თავმჯდომარე (1922-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1920-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-1918)

გააზიარე: