The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ვალიკო ანთიმოზის ძე ჯუღელი

ვალიკო ანთიმოზის ძე ჯუღელი
ოფიციალური სახელი:ვალერიან ანთიმოზის ძე ჯუღელი
სხვა სახელი:ვ. დ-ლი  (ფსევდონიმი)
ვ. დასელი  (ფსევდონიმი)
ზურაბი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1887
გარდაცვ. თარიღი:30 აგვისტო, 1924  (37 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია (დახვრეტილი)
კატეგორია:დამფუძნებელი წევრი, პოლიტიკური ლიდერი, რეპრესირებული

ბიოგრაფია

    ვალერიან ჯუღელი დაიბადა 1887 წელს შორაპნის მაზრის სოფელ სვირში, პედაგოგის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიიღო, სადაც ჩაბმული იყო სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში და მონაწილეობდა ქუთაისელი მოსწავლეების მიერ 1904-1905 წლებში მოწყობილ საპროტესტო დემონსტრაციებში, რის გამოც გიმნაზიიდან გარიცხეს.

    1905 წელს ვალიკო ჯუღელი მოსკოვში ცხოვრობდა და აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ გამოსვლებში. რევოლუციის დამარცხების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში, მაგრამ ქუთაისთან რიონის სადგურზე იგი კაზაკების პატრულმა დააპატიმრა, თუმცა შეძლო მათგან გაქცევა და თავი სოხუმს მშობლებთან შეაფარა.

    1912 წელს დაასრულა სოხუმის გიმნაზია და სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტში. სტუდენტობის დროიდან მუშაობდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „ბოლშევიკების ფრაქციაში“.

    1916 წლის ზაფხულში, ვალიკო ჯუღელი თბილისში კვლავ დააპატიმრეს და ნეტეხის ციხეში მოათავსეს.

    1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ „მენშევიკების“ ფრაქციას მიემხრო და იყო ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. ვალიკო ჯუღელი გახლდათ საქართველოს წითელი გვარდიის (სახალხო გვარდია)  ერთ-ერთი დამაარსებელი და ორგანიზატორი და არჩეული იყო სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად. იგი უშუალოდ ხელმძღვანელობდა სახალხო გვარდიის საბრძოლო ოპერაციების უმეტესობას.

    1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად.

    1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი.

    1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.

    1919 წლის 12 მარტს ვალიკო ჯუღელი არჩეული იქნა საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით და მუშაობდა სამხედრო კომისიაში.

    1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების დროს ხელმძღვანელობდა სახალხო გვარდიის შენაერთებს წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლებში, ბრძოლისას დაიჭრა და  1921 წლის 16 მარტს მთავრობასა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმთან ერთად დატოვა საქართველო და ემიგრაციაში გაემგზავრა.

     1921 წლის მარტიდან ვალერიან ჯუღელი სტამბოლში ცხოვრობდა და იყო ბოლშევიკური საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ საერთო ფრონტის შექმნის მიზნით პარტიათა შორის მოლაპარაკების პროცესის აქტიური მონაწილე.

    1922 წლის სექტემბერში ვალიკო ჯუღელმა ემიგრაციაში მყოფ სხვა სამხედრო მეთაურებთან ერთად დაამუშავა და რესპუბლიკის მთავრობას განსახილველად გადაუგზავნა საქართველოში შეიარაღებული აჯანყების სტრატეგიული გეგმა. 1923-1924 წლებში იგი საფრანგეთის სამხედრო აკადემიაში სწავლობდა.

    1924 წლის მაისში ბენია ჩხიკვიშვილთან, გრიგოლ ცინცაბაძესთან, ვასილ ნოდიასა და ვიქტორ ცენტერაძესთან ერთად ვალიკო ჯუღელი არალეგალურად დაბრუნდა საქართველოში, ცხოვრობდა გურიაში და მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობის ორგანიზებაში. შმდეგ თბილისში გადავიდა, სადაც შევიდა დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო კომისიაში და ხელმძღვანელობდა საყოველთაო შეიარაღებული აჯანყების სამზადისს.

    1924 წლის აგვისტოში საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ („ჩეკა“) ვალიკო ჯუღელი  თბილისში დააპატიმრა. დაკითხვისას სტამბოლში მის მიერვე დამუშავებული აჯანყების გეგმა აჩვენეს, რითაც დარწმუნდა, რომ აჯანყება გაცემული იყო. თვითმკვლელობის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ჯუღელმა მოითხოვა ამხანაგებთან დაკავშირება, რათა მათ გაეუქმებინათ აჯანყება. ვალიკო ჯუღელმა  თანამებრძოლებს იმავე თხოვნით გაზეთ „კომუნისტის“ ფუცლებიდანაც მიმართა.

    1924 წლის 28 აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების დაწყებისთანავე „ჩეკამ“ ვალიკო ჯუღელი სხვა პოლიტპატიმრებთან თბილისში, სავარაუდოდ, 30 აგვისტოს ღამეს დახვრიტა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამიერკავკასიის სეიმი, წევრი (1918-)
  • თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭო, აღმასრულებელი კომიტეტის წევრი (1917-)
  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, "ბოლშევიკების ფრაქციის" წევრი
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, "მენშევიკების ფრაქციის" წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1920-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1918-)

გააზიარე: