The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ნიკოლოზ (ნიკო) ალექსანდრეს ძე ბერძენიშვილი

ნიკოლოზ (ნიკო) ალექსანდრეს ძე ბერძენიშვილი
დაბადების თარიღი:9 იანვარი, 1895
გარდაცვ. თარიღი:16 ივლისი, 1965  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   ნიკოლოზ ბერძენიშვილი დაიბადა 1895 წლის 8 იანვარს (ძვ.სტ. 1894 წლის 28 დეკემბერი) ჩოხატაურის მაზრის სოფელ გოგოლესუბანში გლეხის ოჯახში.

    ნიკოლოზმა დაწყებითი განათლება სოფლის სკოლაში მიიღო. 1905-1909 წლებში ბათუმის ვაჟთა გიმნაზიაში სწავლობდა. 1909 წელს, მოსწავლეთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის, გიმნაზიიდან გამოირიცხა და ბათუმის ოლქში ცხოვრება აეკრძალა. მხოლოდ თებერვლის რევოლუციის შემდეგ, 1917 წელს დაასრულა გიმნაზიის კურსი.

   1920 წელს თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1926 წელს დაამთავრა და ივანე ჯავახიშვილის შუამდგომლობით საქართველოს ისტორიის კათედრაზე დატოვეს საპროფესოროდ მოსამზადებლად. 1938 წელს დისერტაციის დაუცველად მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, ხოლო 1939 წელს თსუ-ის საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორად აირჩიეს.

    1939-1958 წლებში ისტორიის განყოფილების გამგედ მუშაობდა ჯერ სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ნიკო მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში, შემდეგ კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტში.  1948-1965 წლებში ამავე ინსტიტუტის დირექტორი გახლდათ.

    1946-1956 წლებში თბილისის უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიის კათედრის გამგედ მუშაობდა. 1951-1957 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში და თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში.

    1958 წელს მისივე რედაქტორობითა და თანაავტორობით გამოიცა ნაშრომი „საქართველოს ისტორია“. თვალსაჩინო წვლილი შეიტანა ბერძენიშვილმა საქართველოს ისტორიის პრობლემათა მეცნიერულ შესწავლაში. ბერძენიშვილის კვლევა-ძიებათა მთავარი საგანი ფეოდალური საქართველოს სოციალურ-ეკონომიკის, პოლიტიკის, კულტურის განვითარების საკითხები იყო.

    ნიკოლოზ ბერძენიშვილს ეკუთვნის მეცნიერული შრომები: „ფეოდალური ურთიერთობიდან XV საუკუნეში“, „ნარკვევი XIII-XVI საუკუნეები საქართველოს ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარების ისტორიიდან“, „რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე“, „XVIII საუკუნის საქართველოს ისტორიიდან“, „კლასობრივი და შინაკლასობრივი ბრძოლის გამოვლინება საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ურთიერთობაში“, „საქართველოს ისტორია“ და სხვა. მრავალრიცხოვანია ბერძენიშვილის ისტორიული დოკუმენტების პუბლიკაციები, რომლებმაც განსაზღვრეს ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის მეცნიერული კვლევის მიმართულება უკანასკნელი 30 წლის მანძილზე.

    ნიკოლოზ  ბერძენიშვილი მეცნიერული მოღვაწეობის პარალელურად აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწეოდა. მისი ინიციატივით შეიქმნა საქართველოს ისტორიის არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის და ფოლკლორის სამეცნიერო საზოგადოება, რომლის პირველი თავმჯდომარე თავად გახლდათ.

    1947 წელს ნიკოლოზ ბერძენიშვილს, ივანე ჯავახიშვილთან და სიმონ ჯანაშიასთან ერთად საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოს შექმნისათვის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

    ნიკოლოზ ბერძენიშვილი გარდაიცვალა 1965 წლის 16 ივლისს და დაკრძალულია თბილისში, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

   ნიკოლოზ ბერძენიშვილის პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ჩოხატაურის განყოფილების წევრი (1916-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1946 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, ისტორიკოსი
  • 1944 - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი
  • 1943 - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: