The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილი

მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილი
Date of birth:21 August, 1889
Date of death:27 April, 1967  (at 77 years)
Burial location:თბილისი
Category:Historian, Educator, Public Figure

Biography

    მაქსიმე ბერძნიშვილი დაიბადა 1889 წლის 21 აგვისტოს გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის არქიმანდრიტ დოსითეოზის ოჯახში, რომელიც გარდა ეკლესიური მოღვაწეობისა ფართო საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც ეწეოდა. არქიმანდრიტ დოსითეოზს ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ მეცნიერებთან  და საზოგადო მოღვაწეებთან, მათ შორის ექვთიმე თაყაიშვილთან. მაქსიმე ბერძნიშვილის არქივში ინახება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ არქიმანდრიტ დოსითეოზისასდმი გაგზავნილი წერილები. 

    მაქსიმემ პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, ხოლო შემდეგ შეიყვანეს თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1910 წელს დაამთავრა და სწავლის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ გაემგზავრა, კერძოდ პოლონეთში.

    1912-1916 წლებში მაქსიმე ვარშავის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდა, ხოლო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და უკვე 1917 წლიდან "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი, ხოლო მოგვიანებით 1917 წლიდან გამგეობის წევრიც გახდა. 1918 წლიდან მაქსიმე პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა.

     1921-1925 წლებში ბატონი მაქსიმე შრომის სახკომში, განსახკომში, თბილისის აღმასკომის სახალხო განათლების განყოფილებაში  მუშაობდა. დიდი შრომა გასწია ქართულ საადმინისტრაციო-საკანცელარიო ტერმინოლოგიის შესაქმნელად. 1925-1932 წლებში იყო საქართველოს წიგნის პალატის გამგე, შემდეგ კი გამგის მოადგილე. მისი ხელმძღვანელობით დაარსდა წიგნის პალატის ბეჭდური ორგანოები: "ბიბლიოგრაფიის მოამბე", "წიგნის მატიანე", "გაზეთის მატიანე".

    1932-1934 წლებში ბერძნიშვილი მუშაობდა ქართული ენციკლოპედიის რედაქციაში სიტყვანის განყოფილების გამგედ. 1937 მონაწილეობდა რუსულ-ქართული ლექსიკონის შედგენაში.

    მაქსიმე ბერძნიშვილი 1934-1954 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოხუმის, გორისა და ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტებში ძველი აღმოსავლეთისა და საბერძნეთ-რომის ისტორიაში ლექციების კურსს კითხულობდა. 1945 წლიდან ბატონი მაქსიმე ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლიგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად მუშაობდა და პარალელურად XIX საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის და საზოგადოებრივი აზრის ისტორიას იკვლევდა.

    "მასალები მე–19 საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის" მაქსიმე ბერძნიშვილის, როგორც ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის მთავარი ნაშრომია, რომლის უნიკალური მასალების შესაგროვებლად მას დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდა. 

    მაქსიმე ბერძნიშვილის გამოკვლევა "ქალაქ ფაზისის ისტორიისათვის", რომელიც 1941 წელს დაიწერა და გამოქვეყნდა 1969 წელს, პირველი მოგრაფიული ნაშრომია ანტიკური ხანის საქართველოს ქალაქების შესახებ.

    ღვაწლმოსილი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე გარდაიცვალა 1967 წლის 27 აპრილს თბილისში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების გამგეობის მდივანი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1916-)

Share: