The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



კონია იაგორის ძე გვარჯალაძე

კონია იაგორის ძე გვარჯალაძე
Legal name:კონსტანტინე იაგორის ძე გვარჯალაძე
Other name:კ. გ-ძე  (Pseudonym)
Date of birth:17 March, 1883
Date of death:3 January, 1969  (at 85 years)
Burial location:საფრანგეთი, ლევილის ქართული სასაფლაო
Category:Founding member, Medical Doctor, Politician

Biography

   კონსტანტინე გვარჯალაძე დაიბადა 1883 წლის 17 მარტს (ძვ. სტ.)  ოზურგეთის მაზრის სოფელ ლანჩხუთში  გლეხის ოჯახში. უმაღლესი განათლება მიიღო შვეიცარიაში, ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, სადაც სწავლობდა მედიცინასა და ფილოსოფიას და სწავლა დაასრულა ექიმის სპეციალობით.

    1903 წლიდან გახლდათ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი, ხოლო 1905 წლიდან „მენშევიკების“ ფრაქციაში მუშაობდა. ამავე  წელს ბათუმში მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში და ხელმძღვანელობდა მოსწავლე-ახალგაზრდობის ორგანიზაციებს.

    1908 წლიდან კონსტანტინე გვარჯალაძე აქტიურად თანამშრომლობდა პრესასთან და  პოლიტიკურ, საბუნებისმეტყველო და ფილოსოფიურ  საკითხებზე ნაშრომებს ფსევდონიმით აქვეყნებდა.

    1916 წლიდან კონსტანტინე გვარჯალაძე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თბილისის განყოფილების ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი.

    1917-1918 წლებში იგი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე და პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი იყო. 1917 წლის ნოემბერში საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად იქნა არჩეული, ხოლო 1918 წლის 26 მაისს  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს მოაწერა ხელი და 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.

    1918 წელს კონსტანტინე გვარჯალაძე არჩეული იქნა იყო საგარეო საქმეთა მინისტრის ამხანაგად (მოადგილე) და  მთავრობის დავალებით  „მეომარ და ნეიტრალურ“ სახელმწიფოებთან საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.

    1919 წლის 12 მარტს გვარჯალაძე არჩეული იქნა საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით.

    1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ კონსტანტინე გვარჯალაძემ  საქართველო დატოვა და ემიგრაციაში წავიდა. თავდაპირველად გაემგზავრა სტამბოლში და მუშაობდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სტამბოლის ორგანიზაციაში,  მონაწილეობდა დიპლომატიურ აქციებში საქართველოს ოკუპაციის საკითხის გარშემო საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მობილიზების მიზნით.

   1920-1928 წლებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა სოციალისტური ინტერნაციონალის მუშაობაში. გახლდათ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის დელეგატი სოციალისტური ინტერნაციონალის ჟენევის და ბრიუსელის კონგრესებზე.  ერთა ლიგის დამხმარე საზოგადოების, ადამიანის უფლებათა დაცვის ლიგისა და მშვიდობის საერთაშორისო ბიუროს საერთაშორისო კონგრესებსა და კონფერენციებში მონაწილეობდა, როგორც ქართული სექციების წარმომადგენელი.

    1921-1924 წლებში, სტამბოლში ცხოვრების პერიოდში, გახლდათ საქართველოს მთავრობის რწმუნებული სტამბოლში და ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი. გარდა ქართული და რუსულისა, თავისუფლად ფლობდა ინგლისურ და ფრანგულ ენებს, რაც ხელს უწყობდა წარმატებით გამოსულიყო სხვადასხვა შეკრებებზე და უცხო საზოგადოებისთვის გაეცნო საქართველოს წარსული და აწმყო და ამავდროულად მოეწოდებინა მხარი დაეჭირათ ქართველი ერის მოთხოვნებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე.

   1925-1929 წლებში კონსტანტინე გვარჯალაძე ლონდონში ცხოვრობდა, შემდეგ  პარიზში. 1929 წლიდან სოციალისტური ინტერნაციონალის აღამასრულებელ კომიტეტში გახლდათ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წარმომადგენელი, ხოლო 1935-1940 წლებში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის საზღვარგარეთის ბიუროს ორგანოს - „ბრძოლის ხმის“ მთავარი რედაქტორი. ემიგრაციაში აქტიურ დიპლომატიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა.

     1968 წელს გარდაეცვალა მეუღლე - ბაბულია კანდელაკი. კონსტანტინემ უარი განაცხადა სასმელ-საჭმელზე და ოთახში ჩაიკეტა. კონსტანტინე გვარჯალაძე  ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობისაგან დაუძლურებული, 1969 წლის 3 იანვარს პარიზთან ახლოს, სოფელ აბონდანის მოხუცთა თავშესაფარში გარდაიცვალა და დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე მეუღლის გვერდით.

Member of Organizations

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს მთავრობის რწმუნებული სტამბოლში (1921-1924)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე (1917-1918)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1916-1917)

Share: