The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გერმანე იოსების ძე გოგიტიძე

გერმანე იოსების ძე გოგიტიძე
დაბადების თარიღი:25 სექტემბერი, 1886
გარდაცვ. თარიღი:7 მარტი, 1960  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო
კატეგორია:ბიზნესმენი, მეწარმე, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

     ქართველი კინოხელოვანი, პროდიუსერი, ქართული კინოწარმოების ერთ–ერთი პიონერი გერმანე გოგიტიძე დაიბადა 1886 წლის 12 სექტემბერს (ძვ.სტ.) ოზურგეთში. უმაღლესი განათლება პარიზში, ერთსა და იმავე დროს, აგრონომიულ და იურიდიულ დარგებზე მიიღო. კინემატოგრაფიას პარიზში ძმებ პაცეებთან (Pატჰé Fრèრეს) გაეცნო. საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნებული იურისტი გერმანე გოგიტიძე,  მეუღლესთან ერთად, ოზურგეთში დასახლდა.

    გერმანე გოგიტიძე კინოში საქართველოს დამოუკიდებლობამდე მოვიდა. 1906 წლიდან თეატრალურ საზოგადოებაში მოღვაწეობდა.  იგი გახლდათ  ინიციატორი და სულისჩამდგმელი პირველი ქართული მხატვრული ფილმისა. ჯერ კიდევ  1914 წელს გერმანე გოგიტიძემ ოზურგეთში გახსნა მისივე თანხებით აშენებული თეატრი 250-კაციანი დარბაზით და მოძრავი სცენით, რომელიც შემდგომ კინოთეატრ „ილუზიონად“ გადაკეთდა. ამ საქმეში მას ეხმარებოდნენ ნესტორ აბაშიძე და სტანისლავ კალატოზიშვილი. სწორედ აქ გაუჩნდა გერმანეს ქართული მხატვრული ფილმის გადაღების იდეა.  გოგიტიძემ პირველმა შემოიღო ქალაქ ოზურგეთში ელექტრონით განათება (ამ დროს ელექტრონი იყო მხოლოდ ბათუმში, ქუთაისსა და ფოთში). მალე ელექტროსადგური გააფართოვა და შუქი მთელ ქალაქს მიაწოდა.

   1915 წელს ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“ ფილმ „ქრისტინეს“ გადაღებას იუწყებოდა, რომელსაც საფუძვლად ეგნატე ნინოშვილის იმავე სახელწოდების მოთხრობა დაედო.

   მე-19 საუკუნის მიწურულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში კინოს არავინ აღიქვამდა ხელოვნების დარგად და სერიოზულად არ უყურებდნენ. ამიტომ მეცენატები და ბანკირები ამ სფეროს განვითარებაში ფულის ჩადებისგან თავს იკავებდნენ. გოგიტიძემ დაფინანსების თხოვნით ბევრს მიმართა, გადამღები აპარატის შოვნაც ჭირდა, ამიტომ იდეის განსახორციელებლად მრავალ სირთულეს წააწყდა, მაგრამ მან უკან არ დაიხია და გადაღებისთვის საჭირო თანხები საკუთარი  ჯიბიდან გაიღო. გერმანემ რეჟისორად ალექსანდრე წუწუნავა, მხატვრად დიმიტრი შევარდნაძე, ოპერატორად ჯერ შუგერმანი, ხოლო შემდეგ ალექსანდრე დიღმელოვი მიიწვია. ფილმის გადაღებები 1917 წლის ოქტომბერში დასრულდა. 1918 წლის აპრილში ოზურგეთში ოსმალების შესვლისას  გოგიტიძის მთელი ქონება და მათ შორის ფირებიც განადგურდა, მაგრამ თბილისში შენახული ნეგატივების მეშვეობით მასალის აღდგენა მაინც მოახერხა და 1919 წლის 26 მაისს  კინოთეატრ „აპოლოში“ ფილმის ჩვენება  გაიმართა.

   1916 წელს გერმანე  გოგიტიძის  ინიციატივით  ოზურგეთში "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" განყოფილება დაარსდა. 

     გერმანე გოგიტიძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში დოკუმენტური ფილმებიც გადაიღო: „სახალხო გვარდიის დღე საქართველოს დედაქალაქში, 12 დეკემბერი 1918 წლისა“, „დღესასწაული დამფუძნებელი კრების გახსნის დღეს“. ასევე გადაღებული აქვს მცირემეტრაჟიანი დოკუმენტური სიუჟეტები: „აზერბაიჯანის ფრონტი“, „ბათუმის გადმოცემა საქართველოსთვის“, „ბათუმის  სიმაგრეები“, „1919 წლის 26 მაისი“, „გორის მიწისძვრა“, „მეორე ინტერნაციონალის ლიდერთა დელეგაცია“,  „აჭარა“, „სახალხო გვარდიელთა ჯირითი“, „1920 წლის 26 მაისი“, ბათუმის პროტესტი“ და „გორის წისქვილი“.

    1919 წლის 27 სექტემბერს გოგიტიძესა და კოოპერატივთა კავშირს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს პროვინციებში ფილმების ჩვენებას ითვალისწინებდა, შემოსული თანხა კი თანაბრად განაწილდებოდა. ქართული კინო ამ ხელშეკრულების დადებით საზოგადოებრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა.

    1920-იანი წლების შუა ხანებში  გოგიტიძე გერმანიაში, „ნიბელუნგების“ რეჟისორ ფრიც ლანგთან შესახვედრად იქნა მივლენილი, რათა განეხილათ „ვეფხიტყაოსნის“ ეკრანიზაციის საკითხი. თავად გერმანე ეჭვით უცქერდა ნაწარმოების ეკრანიზაციის იდეას. გოგიტიძემ ლანგს  პოემის მოკლე შინაარსი გააცნო და რეჟისორიც დასთანხმდა, მაგრამ როცა ხარჯთაღრიცხვა დაიანგარიშეს, თანხა ისეთი უზარმაზარი გამოვიდა, რომ გოგიტიძე ამბობდა, ლანგის მოთხოვნილი თანხით რამდენიმე ზაჰესსა და რიონჰესს ავაშენებდითო.  გოგიტიძემ, რომელსაც არ სჯეროდა რომ ამ პროექტს მომავალი ექნებოდა, როგორც შემდგომში თავის მოგონენებში აღწერა, განზრახ გააზვიადა ლანგის მიერ წამოყენებული მოთხოვნები.

      1921 წლის თებერვალში მოსულმა ბოლშევიკებმა კარგად  გათვალეს  გოგიტიძის ფასი და მას ქართული საბჭოთა კინოინდუსტრიის ხელმძღვანელობა დაავალეს. იგი ჯერ  საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარიატთან არსებულ კინოსექციას ჩაუდგა სათავეში, ხოლო 1923 წლიდან „სახკინმრეწვის“ დირექტორ–განმკარგულებელი გახლდათ. მისი ხელმძღვანელობით კინოსექციამ გამოუშვა ფილმები: „არსენა ჯორჯიაშვილი“ , „სურამის ციხე“, „წითელი ეშმაკუნები“ და „მამის მკვლელი“. გოგიტიძემ დიდი როლი შეასრულა საქართველოში კინოწარმოების განვითარებასა და პროპაგანდაში. მისი ძალისხმევით მოხერხდა ქართული ფილმების უცხოეთში ჩვენება.

    1928 წელს გერმანე გოგიტიძე ეწინააღმდეგებოდა ფილმის  „ჯანყი გურიაში“ გადაღებას, რადგან მიაჩნდა, რომ ფილმს დიდი დანახარჯები დასჭირდებოდა, წარმატებული კი არ გამოვიდოდა. ბიუჯეტის გადახარჯვის გამო გოგიტიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. „ყოფილი ბურჟუა“ მისივე შექმნილი სახკინომრეწვიდან გააგდეს და ნელ-ნელა მისი ხსენებაც გაქრა. კინოდან გაძევების შემდეგ გერმანე გოგიტიძემ კიდევ დიდხანს იცოცხლა, მაგრამ მის საყვარელ საქმეს აღარასოდეს აღარ გააკარეს. ქართული კინოს პიონერი და დიდი ენთუზიასტი გაჭირვებით შოულობდა ლუკმაპურს, ხოლო ბოლოს, მოხუცებული, საბჭოურ რეპრესიებსაც ვერ ასცდა.

    1949 წელს პროდიუსერი  დააპატიმრეს და აიძულებდნენ უცხო ქვეყნის ჯაშუშობა ეღიარებინა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ მისი ვაჟი მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდა, საფრანგეთში დარჩა და სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. საბოლოოდ, წამების შემდეგ, გოგიტიძემ აღიარა „დანაშაული“ და იგი 15 წლით კომის ასსრ-ში გადაასახლეს, სადაც მუშაობდა ქვანახშირის მოპოვებასა და სხვა მძიმე სამუშაოებზე. პატიმრობიდან ვადაზე ადრე, 1956 წელს გაათავისუფლეს.

    ქართული კინოს საწყისები ცუდადაა შესწავლილი და ბევრი რამ ჩვენთვის დღემდე უცნობია, რადგან საბჭოთა პერიოდში შექმნილი ლიტერატურა არ იძლევა სრულ და სწორ წარმოდგენას ქართული კინოს ისტორიის შესახებ. გერმანე გოგიტიძის ღვაწლი მივიწყებულია. ერთ-ერთი პირველი, ვინც ქართული კინოს შესახებ მის დამსახურებაზე ყურადღება გაამახვილა აკაკი ბაქრაძე იყო. იგი წერდა: „ვისაც ჰქონია შემთხვევა ენახა მენშევიკური ხელისუფლების დროს გადაღებული კინოქრონიკის ნაკუწები, იგი ეკრანზე გერმანე გოგიტიძესაც დაინახავდა. დღეს შეიძლება გაგეღიმოთ კიდეც - როგორი სიმკვირცხლით, ბავშვური ხალისით ხელმძღვანელობს იგი გადაღებებს.“

    გერმანე გოგიტიძე ავტორია წიგნისა „ქართული კინოს წარსულიდან“. საბჭოთა პროპაგანდამ მისი ფილმები გაანადგურა.

    გერმანე გოგიტიძე გარდაიცვალა 1960 წლის 7 მარტს და დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ოზურგეთის განყოფილების დრამატული სექციის წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ოზურგეთის განყოფილების გამგეობის წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ოზურგეთის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: