The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ბარბარე (ბაბო) ალექსანდრეს ასული გამრეკელი

ბარბარე (ბაბო) ალექსანდრეს ასული გამრეკელი
Date of birth:22 May, 1893
Date of death:15 September, 1970  (at 77 years)
Burial location:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
Category:Actor/Actress, Filmmaker, Public Figure

Biography

     ბარბარე გამრეკელი დაიბადა 1893 წლის 22 მაისს (ძვ. სტ.) ქალაქ ქუთაისში ალექსანდრე გამრეკელისა და  მარიამ მესხის ოჯახში. მარიამ სვიმონის ასული მესხი გახლდათ სერგი, კოტე, დავით და ეფემია მესხების და.  ბარბარეს მემკვიდრეობით ბავშვობიდანვე ჰქონდა სცენისადმი მიდრეკილება და სიყვარული.

    1911 წელს ბარბარე გამრეკელმა მოსკოვში გიმნაზია და დრამატული კურსები დაამთავრა. სცენაზე 1913-1914 წლებში კოტე მარჯანიშვილის მიერ შექმნილ „მოსკოვის თავისუფალ თეატრში“ გამოვიდა, რომლის დახურვის შემდეგ კი მოსკოვის სახალხო სახლში მოღვაწეობდა. უნდა აღინიშნოს, რომ მოსკოვამდე ბაბოს ოჯახი ბაქოში ცხოვრობდა და იგი, ჯერ კიდევ ბავშვი, იქაური ქართული თეატრის წარმოდგენებში მონაწილეობდა.

   1915 წლიდან ბარბარე სამშობლოში დაბრუნდა და თბილისის კონსერვატორიაში ვოკალის ფაკულტეტზე ჩააბარა. 1916 წელს საფრანგეთიდან საქართველოში ჩამოვიდა რეჟისორი გიორგი ჯაბადარი, რომელმაც თბილისში საფუძველი ჩაუყარა დრამატულ სტუდიას, სადაც სწავლობდნენ ვერიკო ანჯაფარიძე, მიხეილ ჭიაურელი, აკაკი ვასაძე და მათ შორის ბაბო გამრეკელიც.

   1917 წლიდან ბარბარემ ქუთაისის თეატრში დაიწყო მუშაობა, ხოლო უკვე 1918 წლიდან იგი თბილისის თეატრებში მოღვაწეობდა. 1920 წელს მუშაობა დაიწყო სახელმწიფო დრამის თეატრში (ყოფილი არტისტული საზოგადოება, რომელსაც 1921 წლის 25 ნოემბერს ეწოდა შოთა რუსთაველის სახელი) და დაახლოებით ექვსი წლის განმავლობაში უხდებოდა კოტე მარჯანიშვილთან მუშაობა. გარკვეული პერიოდი მოღვაწეობდა გიორგი ჯაბადარის სტუდიაში, ხოლო 1928 წლიდან იგი მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია.

  1930 წლიდან ბარბარე გამრეკელი ისევ კოტე მარჯანიშვილის თეატრს უბრუნდება, სადაც 42 წელი იღვაწა. 1935-1938 წლებში ბარბარე მარჯანიშვილის თეატრთან არსებული დრამატული სტუდიის სასწავლო ნაწილის გამგედ მუშაობდა, ხოლო 1948 წლიდან გარდაცვალებამდე თეატრის მუზეუმსა და ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობდა.

   ქართულ თეატრის სცენაზე ბარბარე გამრეკელმა შექმნა დაუვიწყარი სახეები: ოფელია „ჰამლეტში“, ანა პეკი „უინძორის მხიარული ქალები“, გრაფინია ალმავივა „ფიგაროს ქორწინებში“, ლიუსილი „გააზნაურებულ მდაბიოში“, დარეჯანი „გიორგი სააკაძეში“, კოლომბინა „ ინტერესთა თამაშში“, კლოდინე „ორ ჯიბგირში“,  ჰორტენზია „ სასტუმროს დიასახლისში“, ხლოპოვის ცოლი „რევიზორში“, პრინცესა ფიამეტა „ნატვრის თვალში“, ქალიჯანი „გურიაში“, მარეხი „მზის დაბნელება საქართველოში“ და სხვა. აგრეთვე, ცნობილია, როგორც რეჟისორი.

    სასცენო მოღვაწეობის განსაკუთრებული წარმატებისთვის, 1939 წელს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა, საპატიო სიგელით დააჯილდოვა და იმავე წელს თბილისის მშრომელთა დეპუტატად აირჩიეს.

     ბარბარე გახლდათ გამოჩენილი ქართველი მომღერლის დავით გამრეკელისა და თეატრის ცნობილი რეჟისორის ბორის გამრეკელის და.

    ბარბარე გამრეკელი გარდაიცვალა 1970 წლის 15 სექტემბერს და დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1916-)

Awards and Honors

  • 1939 - უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი
    წარმატებული სასცენო მოღვაწეობისთვის
  • საქართველოს დამსახურებული არტისტი

Bibliography


Share: