The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გიორგი პავლეს ძე ერაძე

გიორგი პავლეს ძე ერაძე
Other name:ბრადიაგა  (Pseudonym)
ბრადინი  (Pseudonym)
გიორგი  (Pseudonym)
Date of birth:December, 1882
Date of death:January, 1971  (at 88 years)
Burial location:საფრანგეთი, ლევილის ქართული სასაფლაო
Category:Founding member, Educator, Politician

Biography

    გიორგი ერაძე დაიბადა 1882 წლის დეკემბერში (ძვ. სტ.)  გორის მაზრის სოფელ დირბში გლეხის ოჯახში. დაწყებითი განათლება  ტფილისის სამოქალაქო სასწავლებელში მიიღო, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ტფილისის სახელოსნო სასწავლებელში, სადაც დურგლობას სწავლობდა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ პირველ ხანებში  სხვადასხვა სადურგლო სახელოსნოში მუშაობდა. გიორგი ერაძე მუშაობდა ამიერკავკასიის ქალაქების ფაბრიკა-ქარხნებში, განსაკუთრებით  ბათუმსა და თბილისში. იგი აქტიურად მონაწილეობდა ორივე ქალაქის მუშათა მოძრაობაში. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბათუმისა და ტფილისის კომიტეტების წევრი. თანამშრომლობდა პარტიის ცენტრალურ გამოცემებში და აქტიურად მუშაობდა პროფკავშირებში.

     გიორგი ერაძე 1907 წელს გახლდათ რსდმპ ლონდონის ყრილობის დელეგატი ტფილისის ორგანიზაციიდან. შემდგომ წლებში მუშაობდა ტფილისის ტრამვაის სახელოსნოში მღებავად და იყო ტრამვაის მუშათა პროფკავშირის თავმჯდომარე.

    1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ  ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგი იყო და 1917 წლის ნოემბერში  საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს.

    1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. ამავე წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს და იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.

   1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. 1920 წლიდან იყო შრომისა და მომარაგების მინისტრი.

    1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დატოვა სამშობლო და საფრანგეთში ემიგრაციაში წავიდა. აქტიურად მონაწილეობდა ემიგრაციის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

   1920-იანი წლების მეორე ნახევრიდან  საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის საზღვარგარეთის ორგანიზაციაში არსებულ ოპოზიციურ ჯგუფში ირიცხებოდა.გიორგი ერაძე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და თავს ფიზიკური შრომით ირჩენდა ლევილის ქართველთა მამულში.

   1950-იან წლებში ჩაბმული იყო „საქართველოს ეროვნული საბჭოს“ გარშემო ქართულ პოლიტიკურ ჯგუფთა გაერთიანების მცდელობებში .

    გიორგი ერაძე  1971 წლის იანვარში პარიზში გარდაიცვალა და დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • ამიერკავკასიის სეიმი, წევრი (1918-)
  • რსდმპ ლონდონის ყრილობა, დელეგატი (1907-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1916-1917)

Share: