The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გრიგოლ გიორგის ძე ვეშაპიძე

გრიგოლ გიორგის ძე ვეშაპიძე
დაბადების თარიღი:1892
გარდაცვ. თარიღი:10 ივნისი, 1926  (34 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პარიზი, პერ-ლაშეზის სასაფლაო (ფერფლი გადმოსვენებულია საქართველოში)
კატეგორია:დამფუძნებელი წევრი, ისტორიკოსი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

    გრიგოლ ვეშაპიძე (ვეშაპელი) დაიბადა 1892 წელს შორაპნის მაზრის სოფელ საირხეში გლეხის ოჯახში. დაწყებითი განათლება მიიღო ოჯახში. 1910 წელს ვერცხლის მედლით დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. გიმნაზიაში სწავლის დროს აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ პრესაში. 1910 წელს „კავკასიის ოლქის სახაზინო სტიპენდიით“ სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, უნივერსიტეტში სწავლისას განაგრძობდა თანამშრომლობას თბილისურ და მოსკოვურ პრესაში („Русские ведомости“, „Голос минувщего“); იყო ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს გამგეობის წევრი და მოსკოვის ქართული სათვისტომოს კულტურული და სამეცნიერო საზოგადოების წევრი.  1916 წლიდანვე თანამშრომლობდა გაზეთ „საქართველოსთან“ „გრიგოლ ვეშაპელის“ და „გრ. ვეშაპელის“ ფსევდონიმით. გამოაქვეყნა რამდენიმე ნაშრომი საქართველოს პოლიტიკური ისტორიის საკითხებზე.

    1916 წელს, ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, შევიდა იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც ლექციების მოსმენა მანამდეც ჰქონდა დაწყებული.

    1917 წლის თებევრლის რევოლუციის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და 1917-1918 წლებში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გაზეთ „საქართველოს“ რედაქტორი იყო. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელი კონფერენციის მიერ არჩეული იყო პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად. ამავე პარტიის სიით არჩეული იქნა ქალაქ თბილისის საბჭოს ხმოსნად.

    1918 წლის თებერვალში  ტრაპიზონის საზავო კონფერენციაში მონაწილეობდა, როგორც ამიერკავკასიის სეიმის საზავო დელეგაციის და საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. ეროვნული საბჭოს წევრის სტატუსით აგრძელებდა დიპლომატიურ მოლაპარაკებებს კონფერენციის შეწყვეტის შემდეგ ენვერ-ფაშასთან.

   1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს და იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, პარლამენტის ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარის ამხანაგი.

   1918 წელს  შორაპნის სამაზრო ერობის ხმოსნად აირჩიეს.

    1919 წელს არჩეული იქნა  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად „მიწის მესაკუთრეთა ეროვნული პარტიის სიით“. გახლდათ ამავე პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე, საბიუჯეტო-საფინანსო, სამხედრო, საპენსიო და გარეშე საქმეთა კომისიების წევრი.

   1922 წლის გაზაფხულიდან იყო საქართველოს დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი ინტერპარტიულ კომიტეტში და მცირე ხნით მუშაობდა „სტამბოლის პოლიტიკურ კომისიაში“. 1922 წლის გაზაფხულზე გრიგოლ ვეშაპელი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციის წევრი, რომელიც გაიგზავნა გენუის კონფერენციაზე საქართველოს საკითხის დასაყენებლად. შემდგომ პერიოდში გრიგოლ ვეშაპელი კვლავ განაგრძობდა ემიგრაციის პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას, ცხოვრობდა პარიზში და მუშაობდა რენოს ქარხანაში მუშად.

    1924 წლის ივნისში იგი პარიზში შეხვდა ბერლინში საბჭოთა კავშირის სავაჭრო წარმომადგენელს ალექსანდრე სვანიძეს და საქართველოში დაბრუნების სურვილი გამოთქვა. 1926 წლის დასაწყისში მან საქართველოში დაბრუნების ნებართვა ითხოვა. ამის მიზეზი იყო როგორც საფრანგეთის პოლიციის თვალთვალი და ემიგრანტ ქართველებთან დაპირისპირება, ასევე ქართული ემიგრაციის დაშლის შესახებ საბჭოთა პოლიტიკის კურსის ცვლილება , რომლის თანახმადაც გრიგოლ ვეშაპელმა თავისი მისია ამოწურა. 1926 წლის 10 ივნისს პარიზში გაიმართა სასამართლო სხდომა, სადაც განიხილებოდა ქართველი ემიგრანტების ჯგუფის მიერ გასული წლის 9 აგვისტოს კაფე „ვოლტერში“ საბჭოთა კოლონიის დამფუძნებლებზე თავდასხმის საქმე. სხდომის დამთავრების შემდეგ, მოედანზე, ტაქსიში ჩაჯდომისას ემიგრანტმა ავთანდილ მერაბიშვილმა გრიგოლ ვეშაპელს ორი ტყვია ესროლა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მკვლელი ადგილზევე დააპატიმრეს.

    გრიგოლ ვეშაპელი 13 ივნისს დაკრძალეს პერ-ლაშეზის სასაფლაოზე, ფრანგი კომუნისტებისა და საბჭოთა მოქალაქეების პროცესიის თანხლებით. 1928 წლის მაისში გრიგოლ ვეშაპელის ქვრივისა და საქართველოში მყოფი მამის ინიციატივით, მისი ფერფლი პარიზიდან საქართველოში გადმოასვენეს და სათანადო პატივით დაკრძალეს.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გაზეთი „საქართველო“, რედაქტორი (1917-1918)
  • გენუის კონფერენცია, დელეგაციის წევრი (1922-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, წევრი
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1916-)

გააზიარე: