The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილი

იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილი
სხვა სახელი:არიელი  (ფსევდონიმი)
შალვა მეფანდურე  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:20 აპრილი, 1876
გარდაცვ. თარიღი:5 მაისი, 1952  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
კატეგორია:კრიტიკოსი, მკვლევარი, მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    იოსებ იმედაშვილი დაიბადა 1876 წელს წელს, სოფელ ხაშმში. დაწყებითი განათლება მშობლიურ სოფელში მიიღო. ღარიბი ოჯახის შვილი იძულებული  იყო ბავშვობა მწყემსობაში გაეტარებინა. თორმეტი წლის იოსები დედამ თბილიში ჩამოიყვანა და სახელოსნო სკოლაში მიაბარა, რომელიც 1893 წელს დაამთავრა.

    იოსებ იმედაშვილს მეტი განათლება არ მიუღია,მაგრამ გულისხმიერი და უფროსი მეგობრების დახმარებით თვითგანათლებას დაეწაფა. 17 წლისამ მეგობრებთან ერთად სცენისმოყვარე ხელოსანთა ამხანაგობა ჩამოაყალიბა. ეს იყო მუშათა პირველი თეატრი, რომელსაც შემდეგ ავჭალის აუდიტორია დაერქვა.

    1900-იან წლებში იმედაშვილმა ასეთივე თეატრი შექმნა ავლაბარშიც და ეს დრამატული წრეები ყოველ კვირას წარმოდგენებს მართავდნენ. ლიტერატურით იოსები ახალგაზრდობაშივე დაინტერესებულა და 1895 წლიდან ინტენსიურად თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ გამოცემებთან.  მალევე გამოქვეყნდა მისი პირველი წიგნები.

   1900-იანი წლებიდან იმედაშვილი რევოლუციურ მოძრაობაში  ჩაება და ავრცელებდა არალეგალურ ლიტერატურას. 1903 წლიდან გახლდათ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი,  1906 წელს აირჩიეს პირველი სახელმწიფო სათათბიროს ამომრჩევლად. 1905-1906 წლებში ხელმძღვანელობდა ივრის ხეობის, ე.წ. „გარეკახეთის ერთობის“ რევოლუციურ მოძრაობას, ხოლო 1905 წელს, თბილისში გლეხთა რაზმთან ერთად პროტესტით წარუდგა მეფის ნაცვალს გურიაში დამსჯელი რაზმების გაგზავნის გამო. 1910 წელს რევოლუციურ-პროპაგანდისტული მუშაობისთვის დააპატიმრეს და ოთხი წლით კატორღა მიუსაჯეს, რომელიც, ავადმყოფობის გამო. მეტეხის ციხეში პატიმრობით შეუცვალეს.

    იოსებ იმედაშვილი ხანგრძლივად ეწეოდა ნაყოფიერ ლიტერატურულ და საგამომცემლო საქმიანობას. იგი მრავალი მოთხრობის, პიესის თუ რომანის ავტორია. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს რომანები: „განახლებული სიცოცხლე“ და „ციბრუტი“, პიესები: „ნამუსიანი ხალხი“, "ალების ცეკვა“, „მზე ჩაესვენა“, „უკანასკნელი დდოფალი“, პოემები: „მზეთამზე“ და „მშვენიერი“. საინტერესოა მისი ისტორიული ნარკვევები ლადო აღნიაშვილზე, ივანე როსტომაშვილზე  და სხვა მრავალი.

   1902 წელს იმედაშვილმა მაქსიმ გორკის მოთხრობათა პირველი ქართული თარგმანების კრებული გამოსცა, ხოლო 1904 წელს უცხო სიტყვათა ლექსიკონი. ენების ცოდნა მას საშუალებას აძლევდა ორიგინალიდან ეთარგმნა სომეხი და აზერბაიჯანელი მწერლების ნაწარმოებები.

   იოსებ იმედაშვილმა ფასდაუდებელი ამაგი დასდო ქართულ თეატრს. იგი იყო მსახიობიც და რეჟისორიც, დრამატურგიც და კრიტიკოსიც. მის მიერ გამოქვეყნებული იმდროინდელი თეატრის მოღვაწეთა ბიოგრაფიები და უამრავი სხვა მასალა ფასდაუდებელი განძია ქართული კულტურის ისტორიისთვის.

   იოსებ იმედაშვილს ჰქონდა საკუთარი პერიოდული გამოცემები და იყო შესანიშნავი რედაქტორი. 1910 წელს მან დააარსა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“, რომლის გამოცემაც მისი პატიმრობის გამო ოთხი წლით შეწყდა, მაგრამ გათავისუფლების შემდეგ განახლდა და 1927 წლამდე გამოდიოდა.

   იოსებ იმედაშვილმა შეადგინა „ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი“ (ძვ.წ. IV - ახ.წ. XX საუკუნეები), რომლის გამოქვეყნება დაიწყო და 2019 წელს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გამოსცა პირველი ტომი, რომელშიც შესულია ა-დან დ-ს ჩათვლით ბიოგრაფიები. გრძელდება დანარჩენ ტომებზე მუშაობა.

   იოსებ იმედაშვილი სრულიად ვალმოხდილი წავიდა ამ ქვეყნიდან თავისი ხალხისა და ქვეყნის წინაშე. იგი გარდაიცვალა 1952 წლის 5 მაისს თბილისში და დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში მეუღლის, მსახიობისა და საზოგადო მოღვაწის, ანა ჟურულის გვერდით.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ავლაბრის მუშათა თეატრი, ერთ–ერთი დამფუძნებელი (1902-)
  • ავჭალის მუშათა თეატრი, ერთ–ერთი დამფუძნებელი (1893-)
  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია(რსდმპ), პარტიის წევრი (1903-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

ბიბლიოგრაფია

  • "მამულიშვილთა სავანე" : ზაურ ბაბუნაშვილი, თეიმურაზ ნოზაძე. - თბილისი, სერვანტესის საზოგადოების გამომცემლობა "ირმისა", 1994. - გვ. 183

გააზიარე: