The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



პავლე იესეს ძე ინგოროყვა

პავლე იესეს ძე ინგოროყვა
დაბადების თარიღი:1 ნოემბერი, 1893
გარდაცვ. თარიღი:20 ნოემბერი, 1983  (90 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

     პავლე ინგოროყვა დაიბადა 1893 წლის 1 ნოემბერს ქალაქ ფოთში, უბრალო გლეხის ოჯახში.  აქვე დაამთავრა ოთხკლასიანი სასწავლებელი.

     1912 წელს, გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 19 წლის პავლე ინგოროყვა პეტერბურგში გაემგზავრა და  ამავე წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. სტუდენტობის პერიოდშივე, 1913 წელს,  გამოაქვეყნა თავისი პირველი ნაშრომი „ძველ-ქართული სასულიერო პოეზია“ ,  ხოლო 1914 წელს ქართული პრესის ფურცლებზე პირველად გამოჩნდა მისი სტატია „თარგმანები ფსალმუნთა წიგნისა“.

    1916 წელს პავლე ინგოროყვამ გამოსცა თამარ მეფის „გალობანი ვარძიისანი“. 1917 წლიდან მეცნიერი აქტიურად ჩაება ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. იგი 1917-1919 წლებში „საქართველოს ეროვნული საბჭოს“ წევრი გახლდათ სოციალ-ფედერალისტთა პარტიიდან.  1918 წლის 26 მაისს მან ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტს. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ, პროტესტის ნიშნად პავლე ინგოროყვა „შავჩოხიანთა ჯგუფის“ წევრი გახდა. 1917 წელს იგი გახლდათ საქართველოს მწერალთა კავშირის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და გამგეობის წევრი.

    1923  წლამდე პავლე ინგოროყვას ეროვნული ხასიათის სტატიები აქტიურად იბეჭდებოდა ქართულ პერიოდულ პრესაში. 1924 წელს  დააფუძნა ჟურნალი „კავკასიონი“, სადაც ძირითადად მეცნიერული ხასიათის სტატიები იბეჭდებოდა, მაგრამ შიგადაშიგ პოლიტიკური სტატიებიც გამოერეოდა ხოლმე, რამაც საბჭოთა ხელისუფლების უკმაყოფილება გამოიწვია და  1925 წელს ჟურნალი დახურეს.

    1925 წელს, პავლე ინგოროყვას თაოსნობით დაარსდა გამომცემლობა „ქართული წიგნი“, რომლის პირველი მნიშვნელოვანი გამოცემა გახლდათ ილია ჭავჭავაძის მრავალტომეული, რომელიც მისი რედაქციით დაისტამბა 1926-1928 წლებში. სწორედ ეს მრავალტომეული და ეროვნული ხასიათის სხვა გამოცემები გახდა მიზეზი იმისა, რომ 1933 წელს „ქართული წიგნი“ დაიხურა. ამავე პერიოდში მეცნიერმა აქტიური მუშაობა დაიწყო „ვეფხისტყაოსნისა“ და რუსთაველის თემებზე, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე არ შეუწყვეტია. მან შექმნა უამრავი ნაშრომი: „რუსთაველიანა“, „რუსთაველიანაზე“, „რუსთაველი და მისი პოემა“, „რუსთაველის ეპოქის სალიტერატურო მემკვიდრეობა“, „შოთა რუსთაველი“, „ვეფხისტყაოსნის ტექსტი“, ამასთანავე ინგოროყვამ ორჯერ გამოსცა „ვეფხისტყაოსანი“ (1953 და 1971 წელს). 1917 წელს, თითქმის ოცწლიანი მუშაობის შედეგად, უძველესი ხელნაწერების საფუძველზე, პავლე ინგოროყვამ შოთა რუსთაველის დაბადების წელი დაასახელა და ამავე წელს ლიტერატურის სამეცნიერო-საკვლევო ინსტიტუტისა და მისი თაოსნობით რუსთაველის 750 წლის იუბილე გაიმართა.

    1929 წელს პავლე ინგოროყვა სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების გამგედ დაინიშნა. მას ეს თანამდებობა ათი წლის განმავლობაში ეკავა, რამაც დიდი გავლენა მოახდინა მის შემდგომ სამეცნიერო მოღვაწეობაზე.

    1936-1938 წლებში მეცნიერი „ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის“ პირველი რედაქციის სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე გახლდათ.  თუმცა პროექტი არ განხორციელდა, რადგან სარედაქციო კოლეგიის წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილი 1937 წლის პოლირიკურ რეპრესიებს ემსხვერპლა.

    პავლე ინგოროყვას მრავალმხრივი მოღვაწეობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაშრომი გახლავთ „გიორგი მერჩულე“, რომელზეც მეცნიერი თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში მუშაობდა. ნაშრომი დაიბეჭდა  1954 წელს და მასში ფაქტობრივად განხილულია  V-X საუკუნეების სასულიერო პოეზია, გამოაშკარავებული და გამოქვეყნებულია მანამდე უცნობი პოეტ-ჰიმნოგრაფების თხზულებანი, ამავე ნაშრომის საშუალებით აღმოაჩინა რიტმული პოეზიის მაგალითები და სცადა ძველი ქართული სანოტო სისტემის გაშიფრვა. ამ სისტემის გაშიფრვას მკვლევარმა ცალკე ნაშრომი უძღვნა, სადაც დეტალურად აღწერა ქართული მუსიკალური დამწერლობა. 1941 წელს გამოქვეყნებული ეს ნაშრომი არა მარტო ჩვენში აღიარეს, არამედ უცხოეთშიც. კერძოდ, 1962 წლის 22 აგვისტოს ამ აღმოჩენას პარიზიდან რადიო რეპორტაჟი მიეძღვნა და ძველი ქართული მუსიკა მსოფლიოს გასაგონად აჟღერდა. პავლე ინგოროყვამ სულ 31 ჰიმნი და 1200-მდე საგალობელი მოიძია.

     პავლე ინგოროყვა ფლობდა რუსულ, გერმანულ, ინგლისურ, ძველ ბერძნულ, ლათინურ და იტალიურ ენებს, რომელსაც აქტიურად იყენებდა თავის კვლევებში.  მეცნიერმა  თავის შემოქმედებაში დიდი ყურადღება დაუთმო უდიდეს ქართველ მწერლებსა და პოეტებს. სხვადასხვა წლებში მან გამოსცა მონოგრაფიები ილია ჭავჭავაძეზე, აკაკი წერეთელზე და ნიკოლოზ ბარათაშვილზე.  განსაკუთრებული ხმაური მოჰყვა პავლე ინგოროყვას 1954 წელს გამოცემულ მონოგრაფიას, სადაც პირველი ნაწილის მეოთხე თავი „აფხაზეთის სამეფოს“ ეძღვნებოდა. ყველა ისტორიული წყაროსა და ტოპონიმის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ დასავლეთ საქართველოს ის ნაწილი, რომელიც აფხაზეთის სახელით იყო ცნობილი, მოიცავდა ტერიტორიას კელასურის კედლიდან ვიდრე ლაზიკამდე და ის იყო ძირძველი ქართული მიწა, სადაც სახლობდა ქართველთა სამი შტო: მესხები (იგივე აფხაზები), კოლხები (მეგრელ-ლაზები) და სვანები. ასეთმა დასკვნამ ოფიციოზი გააღიზიანა, ისტორიკოსებიც დაუპირისპირდნენ და საბოლოოდ წიგნი აკრძალეს.

   1955 წლის 29 ივნისს ოთხმა აკადემიკოსმა: გოგლა ლეონიძემ, კონსტანტინე გამსახურდიამ, გალაკტიონ ტაბიძემ და იოსებ გრიშაშვილმა პავლე ინგოროყვას დაუზოგავი შრომის დასაფასებლად, მწერალთა კავშირს წერილი წარუდგინეს მეცნიერის სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ, რათა იგი წარედგინათ საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრად. სამწუხაროდ, აფხაზეთზე მონოგრაფიის გამო თხოვნაზე უარი იქნა მიღებული.

   პავლე ინგოროყვა გარდაიცვალა 1983 წლის 20 ნოემბერს და დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1916-)

გააზიარე: