The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



სამსონ მალაქიას ძე კიკნაძე

სამსონ მალაქიას ძე კიკნაძე
დაბადების თარიღი:1868
გარდაცვ. თარიღი:1944  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   სამსონ კიკნაძე დაიბადა 1868 წელს იმერეთის სოფელ ზარანში, აზნაურის ოჯახში.

   1880 წელს სამსონმა ხარაგოულის ორკლასიან სასწავლებელში ჩააბარა , რომელიც სიღარიბის გამო ვერ დაამთავრა, მე-2 კლასიდან სწავლას თავი დაანება და ოჯახის დახმარების მიზნით შეშის საწყობში დარაჯად დაიწყო მუშაობა.

   1882 წელს ხაშურის დეპოში შავ მუშად მოეწყო და შემდეგ სადგურ წიფაში მეისრედ დაიწყო მუშაობა, ხოლო აქედან მატარებლის კონდუქტორად, სადაც 1907 წლამდე მუშაობდა.

   სამსონი ცნობილი იყო, როგორც ბეჯითი მოსამსახურე და ჯილდოებსაც ხშირად ღებულობდა. რამდენჯერმე მატარებლის კატასტროფაშიც მოყვა, ხოლო ერთი მატარებელი კატასტროფას გადაარჩინა, რისთვისაც საგანგებო ჯილდო მიიღო.  პირველი საცდელი მატარებელი წიფის გვირაბში სწორედ სამსონ კიკნაძემ გაატარა.

   სამსონი მხურვალე მონაწილეობას იღებდა რევოლუციურ მოძრაობაში. 1905 წელს შეიპყრეს და ალიხანოვ-ავარიელის განკარგულებით, სხვა 28 რევოლუციონერთან ერთად, დახვრეტაც ელოდა, მაგრამ დიდი ხნის ნაცნობმა ერთმა რუსმა გამომძიებელმა გადაარჩინა.

   1916 წლიდან სამსონ კიკნაძე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი.

    სამსონ კიკნაძეს იცნობდნენ, როგორც სამშობლო ქვეყნის უსაზღვროდ მოყვარულს და  მისი წარმატებისათვის მზრუნველს.

   1931 წელს სამსონ კიკნაძემ ძველი არაბული სამანძილო სვეტის აღმოაჩინა, რომლის შესახებ 1934-1935 წლების გაზეთებში ასეთი ცნობაა მოთავსებული: „მე-7 საუკუნის სამანძილო სვეტი. ამას წინათ ძველი თბილისის ნაწილში (რომელსაც სეიდ-აბადი ეწოდება, – 300 არაგველის ხიდის მახლობლად) მიმდინარეობდა მუშაობა ვიწრო ქუჩების გასაფართოებლად. მიწის სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ძველი რკინიგზელი მუშა ამხ. სამსონ მალაქიას ძე კიკნაძე. ერთ ადგილას მიწის გათხრის დროს მუშები წააწყდნენ ქვის ნაშენ ზღუდეს. ამ ზღუდის ქვებს შორის ამხ. ს. კიკნაძის ყურადღება მიიქცია საკმაოდ მოზრდილმა ბრტყელმა ქვამ გაურკვეველი წარწერით. გარეცხვისა და გასუფთავების შემდეგ ქვაზე აღმოჩნდა არაბული წარწერა, საიდანაც გამოირკვა, რომ იგი არის სამანძილო სვეტი, რომელიც უჩვენებს მანძილს ტფილისიდან რომელიღაც გამოურკვეველ პუნქტამდე. სპეციალისტ-არქეოლოგების დასკვნით, წარწერა ეკუთვნის მე-7 საუკუნის დამლევს, მუსულმანური წყაროებით დაახლოებით – ჰიჯრის პირველ საუკუნეს. ეს სამანძილო სვეტი ზუსტად არკვევს საქართველოში არაბების შემოჭრისა და აქ ყოფნის თარიღს. ამჟამად ქვა ინახება საქართველოს მუზეუმში“ – „შრომა და ტექნიკა“, 1935 წელი, N 3. ამ ქვაში სპარსებმა, თურმე, სამსონს დიდი თანხა შესთავაზეს, მაგრამ ეს თანხა არ მიიღო და იშვიათი ძვირფასი ისტორიული ძეგლი საკუთარი ჯიბიდან გაღებული თანხით საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს გადასცა.

   სამსონ კიკნაძე გარდაიცვალა 1944 წელს. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1916-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: