The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



არსენ ანტონის ძე მამულაიშვილი (ლალიონი)

არსენ ანტონის ძე მამულაიშვილი
სხვა სახელი:ლალიონი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:23 იანვარი, 1866
გარდაცვ. თარიღი:18 სექტემბერი, 1918  (52 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

     არსენ მამულაიშვილი დაიბადა 1866 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ დვაბზუში ხელმოკლე აზნაურის, ანტონ მამულაიშვილის ოჯახში. მამა ადრე გარდაეცვალა და ოთხი შვილის გაზრდა მთლიანად დედას დააწვა მხრებზე. წერა-კითხვა სახლში უფროსმა დამ საშამ შეასწავლა, ხოლო შემდეგ ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში მიაბარეს, რომლის დამთავრების შემდეგ, მძიმე ეკონომიური პირობების გამო, მხოლოდ 1885 წელს მოახერხა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში ჩაბარება.

     1889 წელს სამასწავლებლო ინსტიტუტის კურსების დამთავრების შემდეგ არსენ მამულაიშვილი დანიშნული იქნა აზერბაიჯანში, ქალაქ შემახის სამოქალაქო სკოლის მასწავლებლად. შექმნილი პოლიტიკური ვითარების წყალობით ახალგაზრდა პედაგოგი იძულებული იყო სამშობლოს გარეთ ემსახურა.

   1893 წელს მთავრობის განკარგულებით არსენი გადაყვანილი იქნა ნახჭევანის იმავე ტიპის სკოლის მასწავლებლად, სადაც მან 1897 წლამდე დაჰყო. ხელმოკლეობით, მძიმე შრომითა და მისთვის აუტანელი კლიმატური პირობების გამო ჯანგატეხილი პედაგოგი და უკვე ცნობილი მწერალი მეგობრებისა და მოწინავე ქართველი საზოგადოების დახმარებით თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად და ქართული გიმნაზიის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

    ლალიონის სამწერლო ასპარეზზე გამოსვლა მოთხრობა "ფირალი დავლაძით" დაიწყო, რომელმაც ქართული კრიტიკისა და პუბლიცისტიკის ყურადღება მიიქცია. ჯერ კიდევ 1896 წელს გრიგოლ ყიფშიძემ "ფირალი დაბლაძე" მშვენიერი ქართულით დაწერილ, ჩვენი საჭირბოროტო საგნისა და ახალი ტიპის დამხატველ მოთხრობად აღიარა, ხოლო მისი ავტორი ეგნატე ნინოშვილის ღირსეულ მემკვიდრედ მიიჩნია. პუბლიცისტმა ალექსანდრე წულუკიძემ ლალიონის ეს მოთხრობა თავის კრიტიკულ წერილში ახალი ქართული მხატვრული პროზის საუკეთესო მაგალითად აღიარა. არსენ მამულაიშვილის კალამს ეკუთვნის აგრეთვე მოთხრობები: "რაქვიანა", "მშობლები", "ეფემიას ოცნება", "ბეჟუკას ხვედრი", დამშვიდება" და სხვა.

    1900–იან წლებში ივანე გომელაურის თანამშრომლობითა და შემწეობით მამულაიშვილმა თბილისში კერძო სკოლა პანსიონი დააარსა, რომლის მიზანი იყო სკოლის მხოლოდ ქართველი ბავშვებით დაკომპლექტება, ყველა საგნის ქართულ ენაზე სწავლება და სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ცარიზმის მიერ დევნილი ქართული ენის სწავლებას ჰქონდა დათმობილი. არსენმა დიდი ბრძოლებითა და შეხლა–შემოხლით თავისი მიზანი განახორციელა, მაგრამ 1906 წელს სასწავლებელი მაინც დაიხურა, ხოლო თავად ლალიონი კი უსამსახუროდ დარჩა.

   1901 წლიდან არსენ მამულაიშვილი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრი და ჩართული იყო საზოგადოების საქმიანობაში.

   1906 წელს არსენ მამულაიშვილს აღუდგინეს მასწავლებლობის უფლება და თბილისში, ვერის პირველ უმაღლეს–დაწყებითი სკოლის მასწავლებლად დანიშნეს, სადაც იგი სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა.

   არსენ მამულაიშვილის მეუღლე გახლდათ ცნობილი მესტამბის, ექვთიმე ხელაძის ქალიშვილი ნინო და ჰყავდათ ერთი ქალიშვილი თამარ მამულაიშვილი.

   არსენ მამულაიშვილი გარდაიცვალა 1918 წლის 17 სექტემბერს და დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1900-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: